მოტოგრანპრი. 2013 წლის სეზონის წინ: "ჰონდა" თუ "იამაჰა"?

AutoSharing Option
ამ უქმეებზე, კატარში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთვებიან მსოფლიოს საუკეთესო მოტომრბოლები.

საყოველთაო შეფასებით, ახალ სეზონში გამარჯვება ორი საუკეთესო საქარხნო გუნდის რომელიმე წარმომადგენელს შეხვდება, დანარჩენ გუნდებს კი მინიჭებული აქვთ უიმედო მდევრების სტატუსი. გარდა ამისა, წელს პელოტონში ვერ ვიხილავთ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ კეისი სტოუნერს, რომელმაც გასულ წელს გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

Repsol Honda Team
"ჰონდას" საქარხნო გუნდის ღირსებას დაიცავენ დანი პედროსა და მარკ მარკესი. როგორც ვხედავთ, ყოველწლიურად იზრდება სანავთობო კომპანია Repsol-ის გავლენა, რომელიც ესპანელ პილოტებს უჭერს მხარს. პედროსაზე რაიმე ახალის თქმა რთულია. 27
წლის მოტომრბოლი პირველად სტარტზე 12 (!) წლის წინ გავიდა. თუმცა, 15 წლის დანი მაშინ 125 კუბურ კლასში გამოდიოდა, მთავარ კატეგორიაში კი დებიუტი 2006 წელს ჰქონდა და მას შემდეგ, მინიმუმ ერთ გამარჯვებას ახერხებდა სეზონში, სულ კი 22 მოგებული ეტაპი დაუგროვდა.

გასულმა სეზონმა აჩვენა, რომ პედროსა უკვე მზად არის ტიტულისთვის საბრძოლველად. ესპანელი, რომელმაც, როგორც იქნა, მოიშორა "სტოუნერის კომპლექსი", შარშან შვიდი ეტაპი მოიგო, რაც მის კარიერაში აქამდე არ მომხდარა. მაგრამ ყველაფერი გენერალურ კლასიფიკაციაში მორიგი მეორე ადგილით დასრულდა.

გუნდის მეორე ნომერი იქნება 20 წლის მარკესი. მაგრამ, დასჯერდება კი ეს ამბიციური ახალგაზრდა მეორე პილოტის როლს?! მას შარშან დაუჯერებელი სეზონი ჰქონდა Moto2-ის კლასში - 17 რბოლიდან ცხრა მოიგო. ეს სტატისტიკა გარკვეულ მოსაზრებებს წარმოშობს. თუმცა ნაკლებად წარმოსადგენია, რომ მარკესი ღიად ჩაერთოს თანაგუნდელთან კონფლიქტში. აი,. თუ პედროსა შეცდომების დაშვებას დაიწყებს, მაშინ... მაგრამ, მარკს ამის ნაკლები იმედი უნდა ჰქონდეს. დებიუტანტის მთავარი ამოცანაა - პედროსასგან სწავლა და გამოცდილების მიღება და "ჰონდასთვის" დახმარება გუნდურ ჩათვლაში გამარჯვების მოსაპოვებლად.

Yamaha Factory Racing
სულ სხვა სიტუაციაა "იამაჰაში", სადაც, ისევე როგორც 2008 და 2010 წლებში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო და ლეგენდარული ვალენტინო როსი გამოვლენ. ეს უკანასკნელი დაბრუნდა გუნდში "დუკატიში" დაკარგული ორი სეზონის შემდეგ. ხორხესა და ვალენტინოს შორის არანაირი დაყოფა არ არსებობს. ლორენსომ ბოლო წლებში საბოლოოდ მოიპოვა ყველაზე სტაბილური და გაწონასწორებული პილოტის რეპუტაცია. აკურატული და თითქმის უშეცდომო პილოტაჟის წყალობით, ის პრაქტიკულად იდეალურ მოტომრბოლად ჩამოყალიბდა. ისეთ ტრასებზეც კი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით "იამაჰას" არ აწყობს, ესპანელი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის და აღწევს კიდეც მიზანს, ყოველ შემთხვევაში, პოდიუმზე მას აუცილებად ვხედავთ.

როსის მიღწევებზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, თუმცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის შესახებ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. როსისა და ლორენსოს შორის დაპირისპირებაში მცირე უპირატესობა მაინც იტალიელის მხარესაა. მართალია, მათი ბოლო ერთობლივი სეზონი ხორხეს გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ იმ ჩემპიონატის შუაში ვალენტინომ ტრავმა მიიღო და რამდენიმე რბოლა გამოტოვა.

თუ როსი თავისი გამოცდილების ხარჯზე აპირებს ფონს გასვლას, ლორენსოს მთავარი კოზირი - შედარებით ახალგაზრდა ასაკია. ასე რომ, ამ წყვილში შეუძლებელია პირველი ნომრის გამოყოფა.

სხვები
პელოტონში არის კიდევ ერთი საქარხნო გუნდი, რომელსაც "დუკატი" ჰქვია. ამ გუნდის ღირსებას დაიცავენ ანდრეა დოვიციოზო და ნიკი ჰეიდენი. საკმაოდ კარგი პილოტები, რომელთა შორის ერთ-ერთი - ჰაიდენი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ, "დუკატის" ამჟამინდელი ფორმა პილოტებს არ აძლევს უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლის საშუალებას. ამასთან დაკავშირებით, უფრო საინტერესო იქნება თვალი მივადევნოთ Monster Yamaha Tech 3-ს, რომელსაც კელ კრატჩლოუ და Moto2-ის ყოფილი პილოტი ბრედლი სმიტი წარმოადგენენ. გასულ წელს, ამ კერძო გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა გუნდურ ჩათვლაში და დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან "დუკატი". თუმცა ამაში დიდი როლი სწორედ დოვიციოზომ ითამაშა, რომელიც Tech 3-ის კონკურენტის რიგებში გადავიდა...

* * *
წინასასეზონო ტესტებმა გვიყვენეს, რომ მცირე ტექნიკური უპირატესობა "ჰონდას" გააჩნია, რომელიც სტაბილურად უსწრებდა "იამაჰას" (თუმცა ხერესის ბოლო ტესტებზე უკეთ "იამაჰა" გამოიყურებოდა). სწორედ ამიტომაც, პილოტთა შანსების შეფასებისას, ბუკმეიკერებმა აზრი შეიცვალეს და მთავარ ფავორიტად პედროსა დაასახელეს. კოეფიცენტის მიხედვით მეორეზე გავიდა ლორენსო, მესამე ადგილი კი, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არა როსიმ, არამედ მარკესმა მიიღო.

კატარის გრანპრი
ჩატარების ადგილი: ლოსეილი (კატარი)
წრის სიგრძე: 5380 მ
წრის რეკორდი: 1:55,153 (კეისი სტოუნერი, 2008)
უქმეების განრიგი
4 აპრილი, 20:55 - I პრაქტიკა
5 აპრილი, 19:00 - II პრაქტიკა
5 აპრილი, 21:55 - III პრაქტიკა
6 აპრილი, 21:35 - კვალიფიკაცია
7 აპრილი, 23:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული