2004 წელი: ლოები - 118 ქულა, სოლბერგი - 82
ფრანგს პირველი ტიტულის მოგება თავის პირველივე სრულფასოვან სეზონში შეეძლო, მაგრამ 2004 წლამდე მოცდა მოუწია. სამაგიეროდ, "სიტროენის" პილოტმა პირველი გამარჯვება ძალიან დამაჯერებლად მოიპოვა. მან კარგად ისარგებლა სეზონის შუაში სოლბერგის ზედიზედ სამჯერ გამოვარდნით და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა,
2005 წელი: ლოები - 127 ქულა, გრონჰოლმი - 71
თუ ერთი წლით ადრე სოლბერგი ლოების ღირსეულ კონკურენტად მოჩანდა, ამჯერად ფრანგს თითქმის არ ჰყოლია მეტოქე. პეტერი მხოლოდ სეზონის სტარტზე ეწინააღმდეგებოდა (ორი მოგება სამ რბოლაში) ჩემპიონს, მაგრამ საბოლოოდ განადგურდა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენები. ლოებმა მოიგო ათი ეტაპი, მათ შორის, ექვსი ზედიზედ. გარდა ამისა, იყო 12 ეტაპისგან შემდგარი სერია, რომლის დროსაც ის პოდიუმზე ადიოდა.
2006 წელი: ლოები - 112 ქულა, გრონჰოლმი - 111
2006 წელს შეიძლებოდა, განმეორებულიყო ლოების პირველი გაჩემპიონების სცენარი, მაგრამ სებასტიანმა თავად გაამწვავა ინტრიგა, როცა ველოსიპედით სეირნობისას ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვეღარ დაუბრუნდა ტრასას. მარკუს გრონჰოლმმა ყველაფერი გააკეთა შექმნილი სიტუაციის გამოსაყენებლად, დარჩენილ ოთხი ეტაპიდან სამი მოიგო, მაგრამ ავსტრალიის რალიზე მეხუთე ადგილმა დააღალატა. ასე გახდა ლოები "დივანზე წამოწოლილი ჩემპიონი".
2007 წელი: ლოები - 116 ქულა, გრონჰოლმი - 112
2007 წელს ეტაპების გამოტოვების ტაქტიკა ლოებს არ გაუვიდოდა: თავისი კარიერის ბოლო ჩემპიონატში გრონჰოლმმა ბრწყინვალე ბრძოლა გაუმართა სებასტიანს. სეზონის მსვლელობისას პილოტები გვერდიგვერდ მიდიოდნენ, მაგრამ ფინიში უკეთ ფრანგს გამოუვიდა. გრონჰოლმმა ინიციატივა მეტოქეს გადაულოცა, როცა ირლანდიის რალის მეოთხე სპეცმონაკვეთზე ავარიაში მოყვა. ამის შემდეგ ლოებს ბრიტანეთის რალიზე მესამე ადგილი ყოფნიდა და მან ეს ამოცანა იოლად გადაჭრა.
2008 წელი: ლოები - 122 ქულა, ჰირვონენი - 103
ამ სეზონში ფრანგმა ჩემპიონის ტიტული ერთი ეტაპით ადრე გაინაღდა. რომ არა წარუმატებლობები შვედეთსა და იორდანიაში, უფრო ადრეც მოიპოვებდა ჩემპიონობას და ეს იმის მიუხედავად, რომ მისი კონკურენტი ჰირვონენი საკმაოდ სტაბილური იყო. მთელი სეზონის განმავლობაში ფრანგმა 11 ეტაპი აიღო, მიკომ - მხოლოდ სამი. ბევრს ახსოვს 2008 წელს ახალი ზელანდიის რალი, რამაც საბოლოოდ დაუკარგა გამარჯვების რწმენა "ფორდს". ეს გუნდი დუბლზე მიდიოდა, მაგრამ ბოლო დღეს ჰირვონენს საბურავი გაუსკდა, ლატვალა კი ავარიაში მოყვა, რამაც ლოებს მოგება და საერთო ჩათვლაში სერიოზული პროგრესი მოუტანა.
2009 წელი: ლოები - 93 ქულა, ჰირვონენი - 92
ჩემპიონატის მსვლელობისას ისე ჩანდა, რომ ლოების გაჩერება არავის შეეძლო: ფრანგმა მოიგო ზედიზედ ხუთი ეტაპი! "ფორდს" იმდენად არ სჯეროდა საკუთარი წარმატების, რომ ლატვალას რწმენის დასაბრუნებლად იტალიის რალი მოაგებინა - არ გაუშვა წინ გუნდის ლიდერი ჰირვონენი. სულ ტყუილად! ლოების რამდენიმე წარუმატებლობის ფონზე, მიკომ ზედიზედ ოთხი ეტაპი მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე ჩემპიონატის მოულოდნელი ლიდერი გახდა (თუმცა ავსტრალიის რალი სკანდალით დასრულდა, სადაც გამარჯვებულ ლოებს რბოლის შემდეგ ჩამოართვეს პირველობა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამო).
გადამწყვეტ მომენტებში "სიტროენი" მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა: ესპანეთში გუნდმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დუბლი შეასრულა, რითაც ლოებს ბოლო ეტაპზე - ბრიტანეთის რალიზე სიტუაციის კონტროლის საშუალება მიეცა. კონტროლი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ლოებს "უბრალოდ" უნდა მოეგო რბოლა და ყურადღება არ მიექცია მიკოს გამოსვლისთვის. ჰირვონენი ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა ფრანგს, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ამ ბრძოლაში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. საბოლოოდ ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ნახტომის დროს "ფორდის" მანქანას კაპოტი გაეხსნა.
2010 წელი: ლოები - 276 ქულა, ლატვალა - 171
ისევე, როგორც ერთი წლის წინ, სებასტიანმა დამაჯერებლად დაიწყო სეზონი, მაგრამ ამჯერად მეტოქეები მისგან "საჩუქრებს" ვერ ეღირსნენ. "სიტროენის" პილოტმა ყველა რბოლაში მიაღწია ფინიშამდე და მხოლოდ ერთხელ, იაპონიაში ვერ მოხვდა პოდიუმზე. რვა მოგება და სებმა ჩემპიონის ტიტული ფინიშამდე ორი ეტაპით ადრე იზეიმა. მან ისე გათვალა ყველაფერი, რომ მისთვის ტრიუმფალური ყოფილიყო საშინაო საფრანგეთის რალი.
2011 წელი: ლოები - 222 ქულა, ჰირვონენი - 214
საინტერესო სეზონი, რომლის დროსაც სება მისთვის არატიპურ სიტუაციაში აღმოჩნდა: "ფორდის" წარმომადგენლების გარდა, მას საკუთარი თანაგუნდელიც ებრძოდა! სებასტიან ოჟიემ მოიგო ხუთი ეტაპი და... დატოვა "სიტროენი" ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ორი ვარსკვლავი ერთ გუნდში ერთმანეთს ვერ შეეწყო. ლოები, ჰირვონენი და ოჟიე ტიტულის მთავარი პრეტენდენტები იყვნენ, მაგრამ უმცროსი სებასტიანი გამოვიდა ამ ბრძოლიდან ესპანეთში ავარიის მიზეზით.
ბოლო ეტაპზე კი ერთმანეთის პირისპირ წარსდგა ორი დარჩენილი პრეტენდენტი! დაძაბული სურათის მისაღებად ლოები პირველი უნდა გავარდნილიყო რბოლიდან, მაგრამ სინამდვილეში მიკომ პირველივე დღეს დააზიანა რადიატორი, სებამ კი უკვე ჩემპიონის რანგში დაასრულა ბრძოლა ბოლო დღეს, როცა ავარიაში მოყვა... სპეცმონაკვეთის დასრულების შემდეგ! წარმოიდგინეთ, რა სულელური მიზეზით შეიძლებოდა ლოებს დაეკარგა ტიტული, მიკოს ფინიშამდე რომ მიეღწია. სინამდვილეში კი - მორიგი გამარჯვება.
2012 წელი: ლოები - 270 ქულა, ჰირვონენი - 213
ზამთარში ჰირვონენი "სიტროენში" გადავიდა და ინტრიგა მოკვდა. მიკომ, მოლოდინისამებრ, ვერ შეძლო ლოების ტემპს აყოლა, "ფორდის" ორივე პილოტმა კი, ფაქტობრივად, ჩააგდო სეზონი. განსაკუთრებით, ეს ეხება სოლბერგს, რომელსაც ყოველთვის რაღაც ემართებოდა იმ დროს, როცა გამარჯვების შანსი უჩნდებოდა. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო ეტაპამდე "ფორდის" ორივე წევრს უსწრებდა "კერძო" პილოტი ოსტბერგი.
ლოებმა კი მოიგო ცხრა ეტაპი და ვადაზე ადრე (ისევ საფრანგეთში) გაიფორმა რიგით მეცხრე ტიტული.
სებმა დაუმარცხებლად დაასრულა მსოფლიოს რალიში "სრულფასოვანი" გამოსვლა, თუმცა ინტერნეტში გაჩნდა ხუმრობა - ლოებს ხუთი ეტაპიც ეყოფა რიგით მეათე ტიტულის მოსაპოვებლადო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: და ისევ სებასტიან ლოები