ზედიზედ მეორე რბოლაა "ჰონდა" ახერხებს კვალიფიკაციის მოგებას, მაგრამ რბოლაში თმობს პოზიციებს, რაც შეეხება ნეიტრალური გულშემატკივრების იმედგაცრუებას, საქმე ისაა, რომ სტარტს თუ არ ჩავთვლით, გუშინდელ ეტაპზე ბრძოლა ფაქტობრივად არ ყოფილა.
პოულის მფლობელი "ჰონდას" პილოტი, საერთო ჩათვლის ლიდერი დანი პედროსა იყო, მაგრამ პირველი მეტრებიდან ყურადღება არა მისკენ, არამედ ლორენსოსა და მარკესისკენ იყო მიპყრობილი: ხორხე ლიდერი გახდა, მარკი კი მეექვსე პოზიციიდან მესამეზე გადავიდა.
პირველი ხუთეული საკმაოდ მჭიდროდ მოძრაობდა, თუმცა პილოტები დიდად არ აქტიურობდნენ და არ ცდილობდნენ ყოველ მოსახვევში შეტევას. მეექვსე წრეზე ამ ხუთეულს გამოაკლდა კრატჩლოუ, რომელმაც მარტივ სიტუაციაში ლოუსაიდი დაიჭირა. ასე ჩამოყალიბდა პირველი სამეული, რომელიც შეადგინეს ლორენსომ, პედროსამ და მარკესმა. ვალენტინო როსიმ მხარი ვერ აუბა დაწინაურებულთა ტემპს.
ამ სამეულს პოდიუმზე ადგილები უნდა გაენაწილებინა, მაგრამ მაყურებლისთვის სამწუხაროდ, ესპანური ტრიო საკმაოდ ფრთხილად მოძრაობდა და რისკზე არ მიდიოდა. ბოლოსკენ მარკესმა სცადა სიტუაციის გამწვავება, მაგრამ მისი გამოცდილი მეწყვილე მაინც წინ დარჩა. საბოლოოდ, ყველაფერი ასე დასრულდა: ლორენსო, პედროსა, მარკესი...
ხორხემ ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და შვიდ ქულამდე დაიყვანა გენერალურ კლასიფიკაციაში ლორენსოსთან ჩამორჩენა.
კატალონიის გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 25 წრე; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +1,763; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +1,826; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +5,874; 5. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +26,756; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +32,228; 7. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +32,692; 8. ალეშ ესპარგარო (ესპ, ART) - +58,615...
საერთო ჩათვლა
1. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 123 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 116; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 93; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 71; 5. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 60; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 59; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - 45; 8. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 41...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონმა "ჰონდა" დაამარცხა