შაბათს ოჟიე ტრასიდან გადავარდა და მისი მცირედი უპირატესობა პეტერ სოლბერგსა და ლატვალაზე სადღაც გაქრა. სკანდინავებმა ეს რალი კარგ დონეზე ჩაატარეს და ზუსტად ის ქულები მიიღეს, რომელიც ფრანგის გასასწრებად
საბოლოოდ, სწორედ ლატვალამ და სოლბერგმა გამართეს მეორე ადგილისთვის ბრძოლა. ეს არათანაბარი დაპირისპირება იყო, რადგან სოლბერგს ლოების გასწრება სჭირდებოდა ამ ლოკალურ დუელში გასამარჯვებლად. ფრანგმა არ გაატარა ნორვეგიელი, თავის მხრივ კი პეტერმა ვერ გაბედა მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლა, რადგან რისკზე წასვლას საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი ამჯობინა - რბოლიდან რომ გავარდნილიყო, მესამე პოზიცია ოჟიეს შეხვდებოდა.
ლატვალამ ბრიტანეთის რალი მესამე ადგილზე დაასრულა. ბევრს გაუჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მიკო ჰირვონენმა გაატარა თანაგუნდელი. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ ჰირვონენს შარშანდელი სეზონის გამო ლატვალას ვალი ჰქონდა, გარდა ამისა, წელს "ფორდის" მთავარი ვარსკვლავი სწორედ იარი-მატი გახლდათ. მართალია, სეზონის წინ ის ოფიციალურად გამოაცხადეს მეორე ნომრად, მაგრამ შემდეგ ყველაფერი განსხვავებული სცენარით წარიმართა.
ლატვალამ თავისი კლასი ბრიტანეთის რალიშიც დაამტკიცა - ბრძოლა გაუმართა სამივე "სიტროენს" და სერიოზულ პრეტენზიას აცხადებდა ეტაპში გამარჯვებაზე, მაგრამ საბურავის დაზიანებამ ეს შანსი მოუსპო და მხოლოდ ჰირვონენთან მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა შერჩა ხელთ. სხვათა შორის, ლატვალას თავადაც შეეძლო თანაგუნდელის გასწრება, რადგან პირველ დღეს მათ შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. ასე რომ, "ფორდის" მხრიდან გუნდური ტაქტიკის გამოყენება სულაც არ არის დამტკიცებული.
რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ეტაპის გამარჯვებულ სებასტიან ლოებს, რომლისთვისაც ეს 62-ე ტრიუმფი იყო კარიერაში. უელსში ფრანგმა კვლავ უშეცდომოდ იარა - მასზე მეტოქეთა მხრიდან ზეწოლამაც ვერ იმოქმედა.
XIII ეტაპი. ბრიტანეთის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:14.54,0; 2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +19,1; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +1:35,3; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - +1.53,3; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +2:12,2; 6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +6.26,5; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +8.37,8; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +10.27,9...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 276 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 171; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 169; 4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 167; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 150; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 126; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 74; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 45; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 36; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 25...