ხელბურთში ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
ვენაში, ხელბურთის ევროპული ფედერაციის ოფისში, ქართული გუნდების მონაწილეობით, ერთბაშად 4 ტურნირის წილისყრა გაიმართა.

კაცების ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ლიტვასთან, ლატვიასთან და ისრაელთან მოხვდა.

18-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში გაიმართება, ჯგუფურ ეტაპზე ბელარუსს, იტალიას, ფინეთსა და საბერძნეთს შეხვდება.

ანალოგიურ ტურნირზე, 20-წლამდელთა შორის, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქეები მასპინძელი მონტენეგრო, სლოვაკეთი, თურქეთი და ლატვია იქნებიან.

რანგით მესამე საკლუბო ევროტურნირზე - ჩელენჯ კაპზე ბათუმის შავი ზღვის ბიჭები 1/16-ფინალში შეხვდებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარის კლუბ ზრინსკის.

ეროვნული
ნაკრები საქმეში ოქტომბრის ბოლოს ებმება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს არ თამაშობს ევრო 2018-ის ფინალისტი 16 ნაკრები, დანარჩენი 23 გუნდი კი განაწილდა 6 ქვეჯგუფად, საიდანაც გამარჯვებული ფლეიოფში გავა.

რაც შეეხება ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს, აქ EHF ასრულებს რეფორმას, რომლის მიხედვით 2019 წლიდან საკვალიფიკაციო ტურნირები უქმდება და ევროპის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი ორ დონედ დაიყოფა. მეორე დონის ჩემპიონატები 18-წლამდელთა შორის ავსტრიასა და საქართველოში იმართება.

გუნდები ჯერ გადაანაწილეს მასპინძელ ქვეყნებს შორის, შემდეგ კი გაიმართა ჯგუფების წილისყრა, რომლის შემდეგ მეტოქეებად ბელარუსი, იტალია, ფინეთი და საბერძნეთი გვერგო. მეორე ჯგუფში შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა და ლუქსემბურგი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ იმართება პირდაპირ ფინალური მატჩები ჯგუფებში შესაბამის ადგილებზე გასულ გუნდებს შორის. ავსტრიასა და საქართველოში გამართული ჩემპიონატების გამარჯვებულები 2020 წლისთვის მიიღებენ იმავე ასაკში, 2000 წელს დაბადებულებს შორის, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას და შეცვლიან იქ ორ უკანასკნელ ადგილზე გასულ გუნდს.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში უკვე გაიმართა 2016 წლის აგვისტოში - ეს იყო 1998 წელს დაბადებულთა ტურნირი. ამავე გუნდს წლეულს მსოფლიო ჩემპიონატი უწევს თბილისში, გაისად კი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს.

20-წლამდელთა ტურნირი გაისად პირველად გაიმართება ახალი ფორმატით, ორ დონეზე. 20-წლამდელები ევროპის ჩემპიონატებისთვის ბოლო ასაკობრივი კატეგორიაა, ამიტომ მეორე დონის გამარჯვებული ვერსადაც ვერ გადადის და უძლიერესი 16-დან ვერავინ გამოვარდება, მაგრამ ტურნირი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეიტინგის ასამაღლებლად ასაკობრივ სანაკრებო კატეგორიაში.

მაგალითად, 2016 წელს 18-წლამდელთა შორის მეორე დონის 3 ტურნირი გაიმართა - საქართველოში, ბულგარეთსა და ლიტვაში. გამარჯვებულებმა - რუმინეთის, უნგრეთისა და ისრაელის ნაკრებებმა ხომ თავიანთი თაობის საქმეც გააკეთეს და 1998 წლებში დაბადებულებს შორის უძლიერეს 16 გუნდს შორის მოხვდნენ, იგივე მოახერხეს მომდევნო, 2000 წელში დაბადებულებისთვისაც.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზე დონეებად დაყოფა უკვე საერთო, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების საერთო რეიტინგით ხდება და რუმინეთიც, ისრაელიცა და უნგრეთიც 2018 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ორივე ასაკობრივ კატეგორიაში უძლიერეს თექვსმეტში არიან. საერთოდ, 2018 წლის ევროპის ორივე ჩემპიონატზე, 18 და 20-წლამდელთა შორის, პირველი დონის 16 ქვეყანა ერთი და იგივეა. ასე რომ, ორივე ტურნირზე ნებისმიერი მატჩის მოგება ასაკობრივ სანაკრებო რეიტინგზე პირდაპირ აისახება.

რაც შეეხება 2017-18 წლების ევროტურნირებს, აქ საქართველოდან ერთ გუნდი, ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ბათუმის შავი ზღვის ბიჭები გამოდის. ჩელენჯ კაპის პირველ ეტაპზე 8 წყვილია. ბათუმელები შეჯიბრებაში მეორე ეტაპიდან, 1/16-ფინალიდან ჩაებმებიან ნოემბერში.

მსოფლიო ჩემპიონატი - 2019. კაცები. ევროპა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
II ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო
სათამაშო დღეები: 25-26, 28-29 ოქტომბერი და 3-4, 6-7, 10-11, 13-14 იანვარი

ევროპის ჩემპიონატი - 2018 (ვაჟები; 18-წლამდელები)
ჩემპიონატი 2018 წლის 10-19 აგვისტოს საქართველოში გაიმართება
A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი
B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო
ჯგუფებში ერთსადაიმავე ადგილზე გასული გუნდები ითმაშებენ ფინალში, საბოლოო კლასიფიკაციისთვის
ჩემპიონატი 2018 წლის 10-19 აგვისტოს ავსტრიაში გაიმართება
A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია
B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი
ამ ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის ევროპის 20წ ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას

ევროპის ჩემპიონატი - 2018 (ვაჟები; 20-წლამდელები)
B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო

ჩელენჯ კაპი - 2017-18
1/16-ფინალი. 18-19, 25-26 ნოემბერი
შავი ზღვის ბიჭები ბათუმი VS ზრინსკი (მოსტარი, ბოსნია-ჰერცეგოვინა)

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული