ხელბურთის ოცდამეორე ჩემპიონატი სტარტზეა

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენას" (ყოფილი სკა) დარბაზში გუშინწინ საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა 22-ე ეროვნული ჩემპიონატი.

სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს "თსუ-თბილისი" და "თსსუ-მერანი" დაუპირისპირდნენ. დაძაბული პაექრობა "თსუ-თბილისმა" 6 ბურთის სხვაობით (30:24) მოიგო და გათამაშების ცხრილში პირველი ორი ქულა ჩაიწერა. გამარჯვებულთაგან გიორგი წივწივაძემ იყოჩაღა - 8 ბურთი გაუტანა მეტოქეს.

ამდენივე გოლია გიორგი სურმავას ("თსსუ-მერანი") ანგარიშზე. საგულისხმოა, რომ მეტოქეთა კარში, ასევე, 8-8 ბურთი მოათავსეს თემურ ორჯონიკიძემ და შალვა სტურუამ, რომლებიც, შესაბამისად, აგრარული უნივერსიტეტისა და "ქუთაისის" სპორტულ ღირსებას იცავენ. მათი გუნდების პაექრობა კი რიონისპირელებმა დიდი ანგარიშით
- 36:17 მოიგეს. უხვგოლიანი აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და "კახეთის" შეხვედრა.

აქ ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადებული სტუ აღმოჩნდა, რომელსაც გამარჯვება არ გაძნელებია - 33:18. სტუდენტთა გუნდიდან 12 გოლი უჩა გამზარდიამ მიითვალა, "კახეთიდან" 9 ბურთით ირაკლი ბახტურიძემ გამოიჩინა თავი.

გუშინ მეორე ტურის შეხვედრები ასე დამთავრდა: "თსუ-თბილისი" - კახეთი 34:21, "ქუთაისი" - სტუ 13:39, "თსსუ-მერანი" - აგრარული უნივერსიტეტი 30:12.

როგორც ვხედავთ, გათამაშების ცხრილში ზედიზედ ორი გამარჯვება ჩაიწერა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელიც ორწლიანი "შესვენების" შემდეგ დაუბრუნდა ეროვნულ ჩემპიონატს.

რაც შეეხება შარშანდელ ჩემპიონს - "აგრარული უნივერსიტეტი-თბილისს" ამ გუნდის ძირითადი ბირთვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა და თსუ გააძლიერა, რაშიც ჩემპიონატის ორმა ტურმაც დაგვარწმუნა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდი კი უმთავრესად ახალგაზრდა ხელბურთელებითაა დაკომპლექტებული და მათი სუსტი სტარტის მიზეზიც ეს არის.

დღეს მე-3 ტურში ითამაშებენ: "კახეთი" - "თსსუ-მერანი", "ქუთაისი" - "თსუ-თბილისი", სტუ - სსაუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული