ქართველმა ხელბურთელებმა ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში ოქროს მედლები მოიპოვეს

AutoSharing Option
ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებში, რომელსაც ესპანურმა კორდობამ უმასპინძლა, შესანიშნავად იასპარეზეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელებმა, რომლებმაც, როგორც გაუწყეთ, ზედიზედ დაამარცხეს პორტუგალიის (34:33), პარიზის (38:21), ლიტვის (36:22) უნივერსიტეტების გუნდები, ესპანური "მალაგა" (39:36), ჰოლანდიის "ნაიმეგენი" და ფინალში გავიდნენ. იქ კი იოლად აჯობეს ხორვატიის "ოსიეკს" (37:24) და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ესპანეთიდან დაბრუნებულ ჩემპიონებს (ირაკლი ჩიქოვანი, შოთა თევზაძე, აკაკი ტალახაძე, უჩა მაისურაძე, ვლადიმერ რუსია, გია ტორონჯაძე, რევაზ ჭანტურია, გიორგი გვაზავა, სერგო დათუკიშვილი, რატი მსხვილაძე, ილია გოგალაძე, ლევან ბერძენიშვილი, რობერტ ბეჟანიშვილი, უჩა გამზარდია; მთავარი მწვრთნელი ირაკლი
კეკელიძე, მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე) 25 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.

საუნივერსიტეტო თამაშების გმირებს მიესალმნენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გოდაბრელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა.

გიორგი გოდაბრელიძე: "თამაშებზე ჩვენი გუნდის ასეთ წარმატებას არავინ მოელოდა. მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვფიქრობდით ჩემპიონობაზე, თუმცა ჯგუფიდან გასვლა კი გვქონდა დაგეგმილი. მას შემდეგ, რაც პირველ ორ ტურში, ფაქტობრივად, ფავორიტებს ვძლიეთ, ამბიციები გაგვეზარდა.

მხოლოდ სტარტზე გაგვიჭირდა - პორტუგალიის მინიოს უნივერსიტეტის ხელბურთელებს ერთი ბურთის სხვაობით ვძლიეთ.

შემდეგ ამ გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა. ფინალისთვის ბიჭები ისე იყვნენ შემართულნ
ი, მათი შეჩერება არავის შეეძლო. ასეც მოხდა - გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ხორვატებს 13 ბურთით ვაჯობეთ და ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ამ წარმატებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ბიჭებმა იმედი ჩაგვისახეს, ქართულ სპორტს ხელბურთი დაუბრუნეს.

მოგეხსენებათ, 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომლის პროგრამაში ხელბურთიც შედის. უკვე ჩამოვაყალიბეთ ნორჩ ხელბურთელთა გუნდები და ტალანტების გამოსავლენად შიდა შეჯიბრებებს ვმართავთ.

ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამარჯვება იმ მოზარდებისთვისაც მაგალითი და სტიმული იქნება. ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელთა გუნდის ბაზაზე დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომელიც, სხვა შეჯიბრებებთან ერთად, გაისად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდშიც ჩაებმება. როგორც ამჯერად, იმ მნიშვნელოვან ტურნირშიც სტუ-ს ხელმძღვანელობის თანადგომის იმედი გვაქვს.

ორიოდე კვირის წინათ ბათუმმა ქვიშის ხელბურთში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს სანაქებოდ უმასპინძლა. იმდენად მოიხიბლნენ სტუმრები, რომ უცხოელმა კოლეგებმა გვთხოვეს, შავი ზღვის ღია ჩემპიონატი დავაფუძნოთ და საასპარეზოდ აუცილებლად გვეწვევიან. ამ საგულისხმო პროექტზეც აუცილებლად ვიმუშავებთ".


არჩილ ფრანგიშვილი: "უპირველესად, ყველას მინდა მივულოცო ჩემპიონობა - ფედერაციას, მწვრთნელებს, ხელბურთელებს, ჩვენს უნივერსიტეტს. ეს საქართველოს გამარჯვებაა.

ევროპული წარმატება ყოფილი "გეპეელების" იმ თაობის დამსახურებაცაა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის განვითარების მდიდარ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - ბატონ ჯანო ბაგრატიონსა და მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ: შეუდარებლად ძლიერები იყვნენ, მათ ფესვებზე ღირსეული ცვლაც ამოიზარდა. მიხარია, რომ გამარჯვებებს არ უჩანს ბოლო.

ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს 19-გზის ჩემპიონია, 12-ჯერ ქვეყნის თასს ფლობდა, 1992 წლიდან უნივერსიადების უცვლელი გამარჯვებულია. ევროპის საუნივერსიტეტო თამაშების ჩემპიონობა კი ჩვენი წარმატებების გვირგვინია. თუმცა მიღწეულს არ დავჯერდებით და მომავალშიც გავახარებთ სპორტის ქომაგებს".


ეს საქართველოს გამარჯვებაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული