ლონდონის ოლიმპიადის ჯგუფურ ტურნირზე უდავო ფავორიტებს ძალიან გაუჭირდათ. მათ ორი მატჩი წააგეს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან. შედეგად მე-4 ადგილს დასჯერდნენ.
მათი მეტოქე ნახევარფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე მუდამ კარგად ასპარეზობს. კორეელებმა წლეულს აზიის ჩემპიონატიც მოიგეს და ლონდონში ჯგუფურ ტურნირში მეორე ადგილი
ამ გუნდების დაპირისპირებაში ინიციატივა თავიდანვე ნორვეგიელებმა აიღეს და თამაშის ბოლომდე უაღრესი ყურადღებითა და გარჯის წყალობით სამხრეთკორეელებს გამარჯვების მოპოვების იოტისოდენა შანსიც არ მისცეს. პირველ ტაიმში სკანდინავიელებმა სამი ქულის სხვაობით მოიგეს - 18:15.
ძალთა თანაფარდობა არც შესვენების შემდეგ შეცვლილა და ნორვეგიელებმა სამქულიანი უპირატესობა საბოლოოდ ექვსამდე გაზარდეს.
მათ რიგებში ყველაზე შედეგიანი 29 წლის ჰეიდი ლოკე იყო, რომელმაც მეტოქის კარი რვაჯერ დალაშქრა. ერთი გოლით ნაკლები გაიტანა სამხრეთკორეელმა ჰან ნა გვონმა.
ნორვეგიელთა მეტოქე ფინალში ოლიმპიადის დებიუტანტი ჩერნოგორიის ნაკრები იქნება, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის - ესპანეთის ნაკრების დამარცხება მინიმალური სხვაობით შეძლო - 27:26.
ქალები. 1/2-ფინალი
ნორვეგია-ს. კორეა 31:25 (18:15)
ნ: ლოკე (8), ლუნდე-ბორგერსენი (6), სულანდი (4), სნოროეგენი (4).
კ: გვონი (7), ჩოი (4), იუნგი (4), იო (4).
ესპანეთი-ჩერნოგორია 26:27 (13:13)
ე: ალბერტო ფრანსისკანი (6), ფერნანდეს იბანიესი (5), პინედო საენსი (5), აგილარ დიასი (4).
ჩ: ბულატოვიჩი (9), პოპოვიჩი (6).
მე-3 ადგილისთვის
კორეა-ესპანეთი (20:00)
ფინალი
ნორვეგია-ჩერნოგორია (23:30)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"