საქართველო-თურქეთი 33:26 - რევანში და პლეი ოფის შანსი

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები შარშან 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაება.

პირველ ევროპულ ჯგუფში ჩვენებთან ერთად ასპარეზობენ ლიტველები, ფინელები და თურქები.

სასტარტო მატჩი ქართველებმა ბალტიისპირელებთან დათმეს სტუმრად - 17:23, მეორე ტურში კი შინ სუომელებს სძლიეს - 26:19. სერბი სპეციალისტის - ჯორჯე რასიჩის შეგირდებს ნაახალწლევს დაძაბული ორთაბრძოლა ჰქონდათ ანკარაში თურქებთან.

მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაცია
ევროპის I ჯგუფი, III ტური
ანკარა, 2 იანვარი
თურქეთი-საქართველო 29:23 (14:8)
თურქეთი: ტანერ გიუნაი, გიოქთეფე, რამაზან დიონე (9), ჩეთინ ჩელიქი (6), ონურ ერსინი (4), ჯუგბერკ ჩატკინი (4),
ჯან ჩელები (2), ერჯან ასიქოღლუ (1), თოლგა იოზბაჰარი (1), ალპ ერენ პეკტაში (1), ატილა ზამანი (1), ემრე იოზი, ემრე ქესქინი, მიქაილ ილდირიმი, იუნუს იოზმუსული, რეჯეფ კირდალი. მთავარი მწვრთნელი ადნან ოსთურქი, მწვრთნელები - ნაკან დიმლერი, იუსუფ ტანიკი.

საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე, რატი მსხვილიძე (6), ვლადიმერ რუსია (5), რევაზ ჭანტურია (4), ირაკლი ჩიქოვანი (2), სერგო დათუკაშვილი (2), უჩა გამზარდია (2), გიორგი გვაზავა (1), უჩა მაისურაძე (1), აკაკი ტალახაძე, თემურ ორჯონიკიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ოთარ ამირანაშვილი, ზურიკო სიმონია, ლექსო წითელიშვილი. მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, მწვრთნელები - ირაკლი კეკელიძე და ბექარ ორჯონიკიძე.

მსაჯები: მილან ჰაიეკი, კარელ მაქო (ჩეხეთი), დელეგატი: ანდრეი ანდრეევი (ბულგარეთი)

წინა ორ ტურში ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა ორივე შეხვედრა წააგეს ფინეთთან და ლიტვასთან. ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ.

საკუთარი ქომაგების წინაშე სარეაბილიტაციოდ საქართველოს ნაკრებთან პაექრობისას პირველი წუთებიდანვე შეუტიეს თევზაძის კარს და მალევე დაწინაურდნენ.

სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ - პირველი ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს ანგარიში 4:4. ამის შემდეგ მასპინძლები ისევ გავიდნენ წინ და ტაიმი 14:8 მოიგეს. შესვენების შემდეგაც თურქების უპირატესობა აშკარა იყო და მათ 6 ბურთის სხვაობითაც გაიმარჯვეს - 29:23.

ამ გუნდების განმეორებითი ორთაბრძოლა 5 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ჩვენებს აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ, რადგან წინა დღით ჩვენს ჯგუფში ლიტვამ ფინეთს დრამატულ პაექრობაში აჯობა - 24:23, არადა, სუომელები მეორე ტაიმის დასაწყისში წინ იყვნენ - 16:12.

ბალტიისპირელებმა საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე ისევ აღადგინეს წონასწორობა - 22:22. შეხვედრის დამთავრებამდე 12 წამი იყო დარჩენილი, ფინელმა რემიმ უზუსტოდ რომ დაარტყა. სამაგიეროდ, მასპინძლების ბოლო შეტევა აღმოჩნდა შედეგიანი - 23:22.

ევროპის I ჯგუფი, IV ტური
თბილისი. სპორტის სასახლე. 5 იანვარი
საქართველო-თურქეთი 33:26 (19:15)
საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე, გიორგი გვაზავა (1), უჩა გამზარდია (1), ზურაბ აბრამიშვილი, სერგო დათუკაშვილი (2), ვლადიმერ რუსია (6), ირაკლი ჩიქოვანი (5), ოთარ ამირანაშვილი, უჩა მაისურაძე, ზურიკო სიმონია, ლექსო წითელიშვილი, რევაზ ჭანტურია (5), რატი მსხვილიძე (11), ილია გოგალაძე, აკაკი ტალახაძე (2). მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, მწვრთნელები - ირაკლი კეკელიძე და ბექარ ორჯონიკიძე.

თურქეთი: რეჯეფ კირდალი, ალფ ერენ პეკტაში (4), ატილა ზამანი (1), ონურ ერსინი (2), ემრე იოზი (1), ტანერ გიუნაი, ჩეტინ ჩელიკი (2), თოლგა იოზბაჰარი (3), ტუგბერკ ჯატკინი (5), ემრე ქესკინი (1), მიქაილ ილდირინი (3), იუნუს ოზმუსული, ბეისელ ალკისი, ნიხატ ჩელიკი, ქენ კელები (4), რამაზან დუნი. მთავარი მწვრთნელი ადნან ოსთურქი, მწვრთნელები - ნაკან დიმლერი, იუსუფ ტანიკი.

მსაჯები: რობერტ არაბაჯუ, სილვიუ სტანესკუ (ორივე - რუმინეთი), დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრაინა).

საქართველოს ნაკრები რევანშის წყურვილით გავიდა მოედანზე. ამ მატჩში წარმატებას პრაქტიკული მიზანიც ჰქონდა - ჩვენი გუნდი პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს შეინარჩუნებდა. მასპინძელთა პირველივე იერიში შედეგიანი გამოდგა - ანგარიში რევაზ ჭანტურიამ გახსნა.

პირველი ათი წუთი დაძაბულად წარიმართა. საქართველოს ნაკრებმა ჯერ ორი, შემდეგ ოთხი ბურთითაც შეძლო დაწინაურება, ტაიმი კი 19:15 მოიგო.

შესვენების შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. სტუმრების შეტევები უფრო მწვავე გახდა, მაგრამ ხშირად იერიშების დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ჩვენი მეკარე შოთა თევზაძე იდგა მოწოდების სიმაღლეზე - მან რამდენჯერმე იხსნა თანაგუნდელები გოლისგან, მათ შორის, პენალტებისას. თავდასხმაში რატი მსხვილიძემ იყოჩაღა - 11 ბურთი მიითვალა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მიზანს მიაღწია - თურქეთის ეროვნული გუნდი 33:26 დაამარცხა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ლიტვა - 7 (+10) / საქართველო - 4 (+2), ფინეთი - 3 (-2), თურქეთი - 2 (-10) ქულა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინიშამდე დარჩა ორი ტური: 8 იანვარი. საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი; 11 იანვარი. ფინეთი - საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა - თურქეთი.

ჯორჯე რასიჩი: "მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის დეკემბრის მიწურულს ისრაელში მოვემზადეთ, მაგრამ სრული შემადგენლობით შეკრება ბოლომდე ვერ მოვახერხეთ - რამდენიმე მოთამაშე მხოლოდ თურქეთში შემოგვიერთდა, ამიტომ 2 იანვარს ანკარაში მასპინძლებთან ორთაბრძოლისას გვქონდა სირთულეები როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში.

შეცდომებისგან დაზღვეულნი არც განმეორებით შეხვედრაში ვყოფილვართ. ამის მიუხედავად, ამ ორი მატჩის ერთმანეთთან შედარებაც არ შეიძლება. დღევანდელ პაექრობაში ჩემმა შეგირდებმა ყველა დავალება, ფაქტობრივად, პირნათლად შეასრულეს და მიზანსაც მივაღწიეთ - შეხვედრა შვიდი ბურთის სხვაობით მოვიგეთ.

გამარჯვებამ ძალიან გამახარა. მართალია, ლიტვა პირველ ადგილზეა და სამი ქულით გვისწრებს, მაგრამ პლეი ოფში გასვლის შანსს მაინც ვინარჩუნებთ. 8 იანვარს სწორედ ბალტიისპირელებს ვუმასპინძლებთ სპორტის სასახლეში და გულშემატკივართა თანადგომით, იმედია, წარმატებას მივაღწევთ"
.

* * *

აქვე ევროპის დანარჩენ ოთხ საკვალიფიკაციო ჯგუფში ნაახალწლევს გამართულ შეხვედრათა შედეგებსა და სატურნირო მდგომარეობას გაგაცნობთ:

II ჯგუფი
2 იანვარი. რუმინეთი - კვიპროსი 36:19, იტალია - სლოვაკეთი 26:34
4 იანვარი. სლოვაკეთი - იტალია 28:21
5 იანვარი. კვიპროსი - რუმინეთი 30:31.
რუმინეთი - 8 / სლოვაკეთი - 6, იტალია - 2, კვიპროსი - 0 ქულა.

III ჯგუფი
2 იანვარი. უკრაინა - შვეიცარია 34:34, ლუქსემბურგი- სლოვენია 16:36
5 იანვარი. შვეიცარია - უკრაინა 31:32, სლოვენია - ლუქსემბურგი 37:26
უკრაინა - 7 / სლოვენია - 6, შვეიცარია - 3, ლუქსემბურგი - 0 ქულა.

IV ჯგუფი
2 იანვარი. ისრაელი - საბერძნეთი 31:24, ბელგია - ჰოლანდია 28:22
5 იანვარი. საბერძნეთი - ისრაელი 31:28, ჰოლანდია - ბელგია 27:21
ისრაელი - 4 (+5)/ ჰოლანდია - 4 (+3), საბერძნეთი - 4 (-3), ბელგია - 4 (-5) ქულა.

V ჯგუფი
2 იანვარი. ბოსნია - ლატვია 27:26, ესტონეთი - პორტუგალია 17:25
5 იანვარი. ლატვია - ბოსნია 21:23, პორტუგალია - ესპანეთი 35:27
ბოსნია - 8 / პორტუგალია - 4, ლატვია - 4 , ესტონეთი - 0 ქულა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული