- გვითხარით, ბატონო ირაკლი, ძირითადად, რა თემები იყო წამოწეული წინა პლანზე...
- ჯერ ის ვთქვათ, რომ სემინარს სასწავლო ხასიათი ჰქონდა, პროგრამაში კი სხვადასხვა მიმართულებით მოზარდ ხელბურთელებთან მუშაობის სპეციფიკა დომინირებდა.
- რა მიმართულებებზეა ლაპარაკი?..
- ყველა
- განსაკუთრებით რა სიახლემ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
- თეორიულ მეცადინეობაში წარმოგვიდგინეს თემა: "დაცვის ფილოსოფია", რაც სრულიად სიახლე იყო და დიდი ინტერესიც გამოიწვია.
- როგორც ჩანს, ლექტორებიც საგანგებოდ იყვნენ შერჩეულნი...
- სხვათა შორის, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას შტატში ჰყავს მთავარი ლექტორი, პროფესორი ფელდმანი, რომელიც კოორდინაციას უწევს მთელ ამ მუშაობას. ამ კაცმა დოჰაში ჩამოიყვანა მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის, ლეგენდარული ვეტერანი ხელბურთელები, რომელთა გამოცდილების გაზიარებამ ძალიან აამაღლა ინტერესი ამ სწავლებისადმი.
გახსოვთ, ალბათ, დიდი ხანი არ არის, რაც თბილისში საერთაშორისო ფედერაციამ მოავლინა სპეციალისტები სასწავლო სემინარების ჩასატარებლად. ეს იყო იმ ყურადღების გამოხატულება, რასაც საქართველოს სახელბურთო ტრადიციები იმსახურებს და, რაღა თქმა უნდა, დაფასება.
- თქვენ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წვრთნით. როგორ აპირებთ სემინარზე მიღებული ცოდნის მიტანას მოზარდებთან მომუშავე მწვრთნელებამდე?..
- სემინარზე ნაკრების მწვრთნელების მიწვევა იმით აიხსნება, რომ დღის წესრიგში დგას, ქვეყნებში შეიქმნას სპორტსმენთა მომზადების ერთიანი სისტემა. პირამიდის წვერი კი ნაკრები იქნება. ცხადია, ასეთ ღონისძიებაზე ქვეყნებიდან ბავშვებთან მომუშავე ყველა მწვრთნელს ვერ მიიწვევდნენ.
- მაგრამ ჩვენი ფედერაცია, ალბათ, თქვენი მეშვეობით, საქართველოში მომუშავე მწვრთნელამდე მიიტანს შინაარსს და სულისკვეთებას, რითაც სემინარი გამოირჩეოდა...
- რა თქმა უნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"