ამერიკული ფეხბურთი: სუპერბოული მკვლელითა და ბეიონსეთი

AutoSharing Option
მასში ერთმანეთს შეხვდებიან გუნდები, რომლებსაც ღვიძლი ძმები ავარჯიშებენ. შემადგენლობაში იქნება კვოტერბეკი, რომელიც კარიერაში მხოლოდ მეათედ მოხვდება სასტარტოში. და კიდევ მოთამაშე, რომელიც ორმაგ მკვლელობაშია დადანაშაულებული.

ფინალურ მატჩში ხვდებიან "ბალტიმორი" და "სან ფრანცისკო". ამ გუნდებს ავარჯიშებენ ძმები - ჯონ და ჯიმ ჰარბოები. ამ დღეებში, მათი მშობლებისთვის მოეწყო სპეციალური პრესკონფერენცია და მათ ბოლომდე ვერ გასცეს მკაფიო პასუხი იმაზე, თუ რომელ შვილს უგულშემატკივრებენ სუპერბოულში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სუპერბოული - უბრალოდ სპორტზე მეტია. ეს არის ამერიკული ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტის ნაზავი.

ასე მაგალითად, ტელევიზიის წარმომადგენლები
ელიან, რომ მატჩის ტრანსლიაცია გასულ წელს დამყარებულ რეკორდს მოხსნის. მაშინ, მაყურებელთა ყურადღების პიკი შესვენებაზე მოვიდა, როცა სტადიონზე მადონა მღეროდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე იქნება ამჯერადაც. ახლა, მთელი ყურადღება ბეიონსეზე იქნება გადატანილი, რომელმაც აღიარა, რომ კვირანახევრის წინ, ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ფონოგრამით იმღერა.

სარეკორდო რეიტინგი რეკლამებიდან სარეკორდო შემოსავალს მოიტანს. ამჯერად, 30 წამი სარეკლამო დრო 4 მილიონი დოლარი ღირს.

როგორც ყოველთვის, მრავალრიცხოვანი ტელეაუდიტორიის ყურადღების გამოყენებას მოისურვებენ პოლიტიკოსები. ბარაკ ობამა მისცემს ტრადიციულ 20-წუთიან ინტერვიუს, რომელიც მატჩის წინ გავა ეთერში. თუმცა ჯერ უცნობია, შეეკითხებიან თუ არა პრეზიდენტს იმ დათვური სამსახურის შესახებ, რომელიც მან ფეხბურთის ეროვნულ ლიგას გაუწია. საქმე ისაა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში ობამამ თქვა, რომ მას ვაჟები რომ ჰყავდეს, დაფიქრდებოდა, ღირს თუ არა მათთვის ამერიკული ფეხბურთში მეცადინეობა.

საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება, რომელიც ადასტურებს სპორტის ამ სახეობის მავნე გავლენას ფეხბურთელის თავის ტვინზე. დღეისთვის, NFL იძულებულია უპასუხოს ყოფილი მოთამაშეების სარჩელებს. ისინი ლიგისგან იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც მათ მოთამაშის კარიერის პერიოდში მიიღეს.

* * *
სუპერბოულში მონაწილე ყოველი გუნდის რიგებშია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ამერიკული პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ვიდრე სხვა მოთამაშეებს.

ასე მაგალითად, გასულ კვირას, აშშ-ის მთავარი სპორტული ჟურნალის - Sport Illustrated-ის გარეკანზე გამოსახეს "სან ფრანცისკოს" კვოტერბეკი კოლინ კაპერნიკი, ამ კვირას - "ბალტიმორის" ლაინბეკერი რეი ლუისი.

კაპერნიკისთვის სუპერბოული იქნება მხოლოდ მეათე სტარტი NFL-ში. ის სეზონის შუაში შეცვლაზე შევიდა მოედანზე, როცა ტრავმა მიიღო იმ დროისთვის გუნდის მთავარმა კუოტერბეკმა ალექს სმიტმა. კაპერნიკმა ისე კარგად წარმოაჩინა თავი, რომ მწვრთნელმა ჯიმ ჰარბომ ის სმიტის გამოჯანმრთელების შემდეგაც სასტარტოში დატოვა.

ლაინბეკერ რეი ლუისს, რომელთანაც ასოცირდება "ბალტიმორი", NFL-ში უფრო გრძელი ისტორია აქვს. სწორედ მასთან ერთად მოიგო ამ გუნდმა სუპერბოული 2000 წელს და სწორედ ხვალინდელი მატჩი გახდება ლუისისთვის უკანასკნელი მის კარიერაში.

თუმცა "ბალტიმორის" გამარჯვების შემთხვევაში, ტრიუმფით გამოწვეული სიხარული შეიძლება გაფერმკრთალდეს. ამ კვირას გამოსული Sport Illustrated წერს, რომ ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესის დროს, ლუისი ლიგის მიერ აკრძალულ პრეპარატს იყენებდა, რასაც თავად ფეხბურთელი უარყოფს. სხვა გამოცემები კი იხსენებენ 2000 წლის დასაწყისს, როცა ლუისი ატლანტაში მომხდარი ჩხუბის დროს ორი ადამიანის მკვლელობაში იყო დადანაშაულებული. მოგვიანებით, ლუისს მოუხსნეს ბრალდება, რადგან ის გარიგებაში შევიდა გამოძიებასთან და ჩხუბის სხვა მონაწილეებზე მისცა ჩვენება. რამდენიმე წლის შემდეგ, ლუისმა თანხა გადაუხადა ერთ-ერთი მოკლულის ოჯახს, რომელმაც უარი თქვა ფეხბურთელის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელზე.

* * *
როგორც არ უნდა დასრულდეს ლუისის ისტორია აკრძალულ პრეპარატთან დაკავშირებით, NFL მომავლისგან მხოლოდ კარგს ელოდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახანგრძლივდა კონტრაქტები უმსხვილეს ამერიკულ ტელეკომპანიებთან, რომლებიც ლიგის მატჩებს გადასცემენ. ამ კონტრაქტების ღირებულება ათეული მილიარდი დოლარით იზომება. მარტო Disney-ის მფლობელობაში მყოფი ESPN 2014 წლიდან მოყოლებული ლიგას ერთი სეზონის სანაცვლოდ 1.9 მილიარდ დოლარს გადაუხდის. საშუალოდ ეს არის 100 მილიონზე მეტი რეგულარული ჩემპიონატის ერთი მატჩისთვის! ალბათ, ამიტომაც იყო, რომ გასულ სეზონში გაფიცვისთვის მომზადებულმა ფეხბურთელებმა თავს უფლება არ მისცეს თუნდაც ერთი მატჩი ჩავარდნილიყო - მათ მრავალი წლით გააგრძელეს ლიგასთან შრომითი ხელშეკრულება.


მანტი გეია?
საინტერესო გაგრძელება ჰპოვა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის - მანტი ტე'ოს ისტორიამ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ამ ბიჭმა მთელი მსოფლიო განაცვიფრა თავისი ფანტასტიკური სიყვარულით არარსებული გოგონას მიმართ.

არ არის გამორიცხული, რომ ტეო ჰომოსექსუალი იყოს. მანტი "ჩაუშვა" მისმა თანაგუნდელმა რონაია ტუიასოსოპომ, რომელმაც განაცხადა, რომ უყვარს ამერიკული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი (მანტი ტე'ო კოლეჯის ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მას მომავალ დრაფტში პირველ ნომერს უწინასწარმეტყველებენ).

ამ საიდუმლოს ფარდა ახადა გუნდის ექიმმა, რომელმაც დაახლოებით ასეთი რამ მოყვა: "მე ვკითხე რონაიას- ჰქონდა თუ არა მას მანტისთან რომანტიული ურთიერთობა, რაზეც მან დადებითი პასუხი მომცა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყველა დროის ტყუილი: ამერიკელი ფეხბურთელის სასიყვარულო ისტორია არარსებულ გოგონასთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული