„ოლიმპიკში“ საქართველო ელადას უმასპინძლებს

AutoSharing Option
შარშან შემოდგომით საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაება. ჩვენები შესარჩევ ჯგუფში ბრიტანელებთან და ბერძნებთან ერთად მოხვდნენ. პირველი ტურის მატჩში შინ, „ოლიმპიკის“ აუზში, კუნძულელებს და 9:3 მოუგეს, ელინელებმა კი მანჩესტერში სძლიეს ინგლისელებს 11:2.

და, აი, მეორე წრის ორთაბრძოლების ჯერიც დადგა. 30 მარტს საქართველოს ნაკრები კვლავ მასპინძლის როლში იქნება და ჯგუფის ფავორიტ საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება. სიტყვა „ფავორიტი“ შემთხვევით არ გვიხსენებია: ჩვენი ხვალინდელი მეტოქე მსოფლიო წყალბურთის ელიტის წარმომადგენელია. 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ელადელებმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა რუსებთან დათმეს და მე-4 ადგილს დაყაბულდნენ, 2005
წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში კი ერთი ადგილით მაღლა აინაცვლეს.

2002 წელს საბერძნეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა მოიგო, შარშან შტუტგატში 1993 წელს დაბადებულთა ევროპის პირველობაზე ბერძნებმა მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმეს და II ადგილზე გავიდნენ. საკმაოდ ძლიერი სამლიგიანი ეროვნული ჩემპიონატი აქვთ. პირველ ლიგაში 12 გუნდი იბრძვის მედლებისთვის, მათგან ოთხი კლუბი რეგულარულად გამოდის ევროლიგასა და ლენტროფის გათამაშებაში. ერთ-ერთ გუნდს ქართველი გულშემატკივრებიც იცნობენ - წლეულს ლენტროფის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში, რომელსაც კოტორმა უმასპინძლა, „პანიონიოსმა“ „ლიგამუსი-თბილისი“ დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მომდევნო ეტაპებზე სხვა მეტოქეებსაც სძლია, მათ შორის - ნახევარფინალში უნგრეთის „ჰონვედს“ და ფინალში იტალიის „სავონას“ დაუპირისპირდება.

საბერძნეთის ნაკრები დღეს თბილისში ასეთი შემადგენლობით გვეწვევა:
1. ფილიპოს კარამპეტსოსი (პანათინაიკოსი), 2. ემანუილ მილონაკისი (ოლიმპიაკოსი), 3. არტინ ელმისიანი (ვოულიაგმენი), 4. ანდრეას მირალისი (პანიონიოსი), 5. ევანგელოს-იოანის დელაკასი (ოლიმპიაკოსი), 6. არგირის ტეოდოროპოულოსი (ოლიმპიაკოსი), 7. ხრისტოს ასროდაკისი (ოლიმპიაკოსი), 8. გეორგიოს ტიკასი (ოლიმპიაკოსი), 9. კონსტანტინოს მოურიკისი (პანიონიოსი), 10. იოანის ფოუნტოულისი (ოლიმპიაკოსი), 11. ავრაამ ალიჩანდისი (ლარისა), 12. მატეოს ვოუგარაკისი (ვოულიაგმენი), 13. სტილიანოს პროტონოტარიოსი (ვოულიაგმენი). მთავარი მწვრთნელი ანდრის დრაგანი, მწვრთნელი ვამიაკირის კონსტანტინოსი.

საქართველოს ნაკრები სტუმრებს ასეთი შემადგენლობით დაუხვდება:
1. ზურაბ ჭუმბურიძე (ლიგამუსი), 2. გალაქტიონ ლაითაძე (თბილისი), 3. მარკო ელაჩა (რიეკას პრიმორიცა, ხორვატია), 4. იოვან პოპოვიჩი (ლიგამუსი), 5. მარკო კორდიჩი (ლიგამუსი), 6. გიორგი ხვედელიანი (ლიგამუსი), 7. რევაზ ჩომახიძე (ლიგამუსი), 8. მიხეილ ბაღათურია (თბილისი), 9. ზურაბ რურუა (კ. ლიგამუსი), 10. კონსტანტინე გეგელაშვილი (ლიგამუსი), 11. ტატო ნიკოლეიშვილი (ლიგამუსი), 12. მარკო ელეზი (ბრეშია, იტალია), 13. ალექსანდრე ნამორაძე (თბილისი). მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი, მწვრთნელი მირიან ასათიანი.

მატჩი „ოლიმპიკში“ 21 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული