ალექსანდრე ბითაძე: ფავორიტებს ვალში არ დავრჩებით

AutoSharing Option
გუშინ საღამოს „ოლიმპიკის“ აუზს საბერძნეთის წყალბურთელთა ნაკრები ეწვია, რომელიც დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ელადელებმა სერბი დამრიგებლის, ლოს ანჟელესისა და სეულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულისა და მსოფლიოს ჩემპიონის დრაგან ანდრიჩის ხელმძღვანელობით ივარჯიშეს.

სერბი მწვრთნელი, როგორც თვითონ გვითხრა, თბილისის საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ თუ სამჯერ არის ნამყოფი. ცნობისთვის: ანდრიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა, უკვე ლოს ანჟელესის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, 1985 წელს თბილისის ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან წააგეს და მესამე ადგილი დაიკავეს. მასპინძლებმა მაშინ საბჭოეთის დიდ გუნდთან დათმეს ფინალური პაექრობა და მეორე ადგილზე
გავიდნენ. იუგოსლავიელები თბილისური ბატალიების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნენ და იქ ყველას აჯობეს.

აი, ასეთი სახელოვანი წყალბურთელის თავკაცობით იმაღლებენ ოსტატობას ბერძნები მეშვიდე წელია (მანამდე ანდრიჩი კატალონიაში მუშაობდა მწვრთნელად და იქაურ გუნდს ევროლიგა მოაგებინა).

- ბოლო ერთი თვეა, მსოფლიო ლიგაში ვმონაწილეობთ, ნაკრების წევრები, პარალელურად, ეროვნულ ჩემპიონატშიც გამოდიან. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკის უქონლობას არ ვუჩივით, - გვითხრა გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ დრაგან ანდრიჩმა. - ვეცდებით, თბილისში შემტევი წყალბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივრებს ლამაზი ორთაბრძოლა ვაჩვენოთ.

- საქართველოს ნაკრებზე რა იცით?
- ის, რომ დიდ ბრიტანეთს 9:3 მოუგო შინ. ნანახი მაქვს ჩომახიძისა და ნატურალიზებული წყალბურთელების თამაში. დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით. რა მოხდება? ამას 30 მარტის პაექრობა გვიჩვენებს...

სტუმართა მოთელვას თვალს ადევნებდა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ყოფილი წყალბურთელი ალექსანდრე ბითაძე:

- მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ნაკრებს ანდრიჩი ჩაუდგა ჩათავეში, ამ გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო სარბიელზე: 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა, მომდევნო წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო დაიმსახურა. ბოლო ექვსი წელიწადია, კონტინენტის პირველობებზე იშვიათად სცილდება საუკეთესო ექვსეულს. ერთი სიტყვით, საწყალბურთო ელიტის წარმომადგენელია. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ინგლისი, შოტლანდია ან საფრანგეთი ევროპის რაგბიში. სტუმრებს არა მარტო ჯგუფის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ფავორიტებად მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, არაფერს დავთმობთ. ჩვენი ბიჭებიც კარგად არიან მომზადებული და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გაიღებენ.

ჯგუფიდან ორი გუნდი გადის მომდევნო ეტაპზე. ბერძნებთან შეხვედრისას ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაშიც, შესარჩევი ჯგუფის მე-2 საგზურის მოპოვება არ უნდა გაგვიჭირდეს. მით უმეტეს, რომ პირველი წრის პაექრობაში ინგლისელებს შინ 9:3 ვძლიეთ. 2 ივლისს ბრიტანელებს მანჩესტერში ვეთამაშებით. პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ორ ორთაბრძოლას გავმართავთ - 1 და 15 ოქტომბერს, თუმცა, ეს შორეული გეგმებია. მთავარია, 30 მარტს ბერძნებს ვაჩვენოთ, რისი შემძლენი ვართ.

დღეს „ოლიმპიკში“ მატჩი, როგორც გაუწყეთ, 21 საათზე დაიწყება. დელეგაცია - ბულგარელი ანდრეი კონსტანტინოვი, მსაჯები - გერვინ რეინინკი (გერმანია) და გემ ფალიკრაჩი (თურქეთი).

E ჯგუფში პირველი წრის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა:

საქართველო-დიდი ბრიტანეთი 9:3, დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი 2:13.
საბერძნეთი-3 (13:2), საქართველო-3 (9:3), დიდი ბრიტანეთი - 0 (5:22) ქულა.

დანარჩენ ჯგუფებში დღეს ითამაშებენ:
A ჯგუფი. პოლონეთი-თურქეთი (მალტა-პოლონეთი 7:3, თურქეთი-მალტა 13:3).
Bჯგუფი. გერმანია-ბულგარეთი, პორტუგალია-სლოვენია (პორტუგალია-გერმანია 7:15, სლოვენია-ბულგარეთი 31:5; ბულგარეთი-პორტუგალია 2:12, გერმანია-სლოვენია 21:11).
C ჯგუფი. ბელარუსი-მაკედონია (ესპანეთი-ბელარუსი 15:3, მაკედონია-ესპანეთი 6:10).
D ჯგუფი. რუსეთი-საფრანგეთი (საფრანგეთი-შვეიცარია 33:2, რუსეთი-შვეიცარია 23:4).
F ჯგუფი. უკრაინა-რუმინეთი, ისრაელი სლოვაკეთი (სლოვაკეთი-უკრაინა 18:9; ისრაელი-რუმინეთი 4:14; უკრაინა-ისრაელი 8:0, რუმინეთი-სლოვაკეთი 8:5).





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული