წააგეს, მაგრამ შანსი რჩება

AutoSharing Option
ათენში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩი გაიმართა. E ჯგუფის ფავორიტმა საბერძნეთმა საქართველოს უმასპინძლა. სტუმრები (ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქენქაძე, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი (1), გიორგი ხვედელიანი, რავაზ ჩომახიძე (2), მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი (1), ბექა ქავთარაძე (1), ალექსანდრე ნამორაძე, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი) ელადაში შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდნენ, რადგან იტალიის "ბრეშიამ" და ხორვატიის "რიმორიცამ" ნაკრებში სათამაშოდ არ გამოუშვეს მარკო ელეზი და მარკო ელაჩა.

მართალია, ამის გამო ორივე კლუბს 1000-1000 ევროთი დააჯარიმებენ, მაგრამ ამით
"ბრეშია" და "რიმორიცა" ბევრს არაფერს დაკარგავენ, ჩვენ კი საკმაოდ დავზარალდით - ორი გამოცდილი მცველი დაგვაკლდა. არადა, მატჩი ჩვენმა წყალბურთელებმა კარგად დაიწყეს: პირველი პერიოდი 2:1 მოიგეს კიდეც, მერე და მერე ელინელებმა იმძლავრეს და 16:6 (1:2, 6:3, 5:0, 4:1) გაიმარჯვეს. ამ მარცხით ჩვენი გუნდის სატურნირო მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.

ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებმა 2 ივლისს მანჩესტერში ბრიტანელებთან (პირველი მატჩი შინ 9:3 მოიგეს) უარეს შემთხვევაში 5 ბურთზე მეტი სხვაობით არ უნდა წააგოს. ქართველი წყალბურთელები დარწმუნებული არიან, რომ კუნძულელებს ბოლო პაექრობაშიც აჯობებენ და პლეი ოფში გავლენ, სადაც, სავარაუდოდ, სხვა ჯგუფებში გამარჯვებულებს - თურქეთს, საფრანგეთს, რუმინეთს, ესპანეთს ან გერმანიას დაუპირისპირდებიან. კერძოდ, ვის, ამას წილისყრა გამოავლენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული