"ლიგამუსი" ჩემპიონია

AutoSharing Option
შარშან წყალბურთელთა საქართველოს ჩემპიონატი "თბილისმა" მოიგო. ოქროს მედლების ბედი წლეულსაც ჩემპიონისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბ "ლიგამუსის" პაექრობაში უნდა გადაწყვეტილიყო.

პირველი ფინალური შეხვედრა, როგორც გაუწყეთ, ლიგამუსელებმა მოიგეს 17:13. განმეორებითი ორთაბრძოლა თბილისელთა იერიშებით დაიწყო და ერთ-ერთი შეტევა ჩერქეზიშვილმა დააგვირგვინა. პირველი პერიოდის ბოლომდე წონასწორობა "ლიგამუსის" კაპიტანმა რურუამ აღადგინა, მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც 1:1 დამთავრდა. შესვენების შემდეგ, როცა ანგარიში იყო 4:4, "თბილისის" გამოცდილმა მცველმა, ეროვნული ნაკრების წევრმა ქენქაძემ მე-3 პერსონალური შენიშვნა მიიღო და თამაში
დან შეცვლის უფლებით გააძევეს. ამის შემდეგ ილიაუნელებს, ასე ვთქვათ, ხელ-ფეხი გაეხსნათ და მე-3 პერიოდი 8:3 მოიგეს. მართალია, თბილისელებმა ბოლო 8 წუთში იძალეს (6:4), მაგრამ საერთო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "ლიგამუსმა" მეტოქე მეორედაც დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

"ლიგამუსი"-"თბილისი" 14:11
(1:1, 1:1, 8:3, 4:6)

"ლიგამუსი": სტრუიჩი, ბაქრაძე, შენგელია, პოპოვიჩი (3), კორდიჩი (2), ტაბატაძე (2), რუსიშვილი, რურუა (2), გეგელაშვილი (3), ნიკოლეიშვილი (2), მანძულაშვილი, მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე.
"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე, ყავლაშვილი (1), ჩომახაშვილი, ლაითაძე (3), ბაბუნაშვილი, მანძულაშვილი, ბაღათურია (2), ქავთარაძე (2), ჩერქეზიშვილი (2), გოგავა (1), მთავარი მწვრთნელი ირაკლი ბაქრაძე.
მესამე ადგილისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული "ივერია" და ვეტერანთა გუნდი "ზვიგენები" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. განმეორებითი შეხვედრის ოთხივე პერიოდი დაძაბულად და საინტერესოლდ წარიმართა. სამი რვაწუთიანი მონაკვეთის შემდეგ ახალგაზრდები მეტოქეს 7:5-ს უგებდნენ. ბოლო რაუნდში კიდევ უფრო გაზარდეს ანგარიშში სხვაობა. თამაშის დამთავრებამდე 3 წუთი და 42 წამი იყო დარჩენილი, როცა უხეში თამაშისთვის ივერიელი ქართველიშვილი შეცვლის უფლების გარეშე გააძევეს. კაცნაკლულმა "ივერიამ" ვერ გაუძლო "ზვიგენების" იერიშებს და ზედიზედ 4 უპასუხო ბურთი გაუშვა. მატჩი ფრედ _ 10:10 დამთავრდა. ამ ანგარიშმა ივერიელებს ბრინჯაო მოუტანა, რადგან პირველი პაექრობა მათ 10:5 ჰქონდათ მოგებული.

"ივერია"-"ზვიგენები" 10:10 (2:1, 1:1, 4:3, 3:5)
"ივერია": ფავლენიშვილი, ჩიქვინიძე (2), ყაზახიშვილი, დავითური (2), ცანკაშვილი (1), სხილაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე (2), ბუღაძე, გოჩიტაშვილი (1), პეიტრიშვილი (2), შუბლაძე, მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე.

"ზვიგენები": ჩიხლაძე, ალხაზოვი (1), ქერქაძე, თორდია, ბერიშვილი, კინწურაშვილი (2), ჟღენტი (2), ბროლაძე, ჩხეიძე (1), ალიბეგაშვილი (1), გიორგაძე (3), კანდელაკი, მაჭავარიანი, მთავარი მწვრთნელი მირიან ასათიანი
საქართველოს ჩემპიონატის მონაწილენი 28-29 მაისს ზუკა სახელაშვილის თასის ტრადიციულ გათამაშებაში იასპარეზებენ "ლაგუნა ვერეში". მასპინძლებთან ერთად აქ მთავარი პრიზისთვის რუსეთის გუნდიც იბრძოლებს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრები ბრიტანელებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის განმეორებითი მატჩისთვის მოემზადებიან, ძალების გამოსაცდელად 24-26 ივნისს "ოლიმპიკის" აუზში თბილისის აღდგენილ საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ, სადაც ყაზახეთის, ბელარუსისა და, სავარაუდოდ, ირანის ნაკრები გუნდები დაგვიპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული