ზუკას თასი "ლიგამუსმა" მოიგო

AutoSharing Option
ზურაბ სახელაშვილი 1983-1984 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ნაკრების წევრი იყო, მრავალი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილე. 1999 წელს ტუაფსეში დსთ-ს ქვეყნების ტურნირზე საუკეთესო მეკარედ აღიარეს...

ტრაგიკულად დაღუპული ნიჭიერი წყალბურთელის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ხუთი წლის წინათ ზუკას თასი დააწესეს მინიწყალბურთში. გარდამავალი პრიზის ავტორია ცნობილი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე. ბრინჯაოში შესრულებული მოვერცხლილი თასისთვის ბრძოლაში წლეულს რვა გუნდი ჩაება, მათ შორის ორი - უცხოეთიდან: მოსკოვიდან "შტურმის" წყალბურთელები ჩამოვიდნენ, ჩერნოგორიის არასრული გუნდი კი ქართველმა ვეტერანებმა შეავსეს.

წინა წლის მსგავსად ამჯერადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყლოსნო კლუბ "ლიგამუსის" წევრებმა
(კოტე გეგელაშვილი, ზურაბ რურუა, ზურაბ ჭუმბურიძე, თამაზ მანძულაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, სანდრო რუსიშვილი, ლევან როსტოშვილი) იყოჩაღეს. ქვეჯგუფში მათ "ივერიას", "ზვიგენებსა" და "დინამოს" ერთნაირი ანგარიშით - 2:0 (თითო სეტი ექვს ბურთამდე) მოიგეს, ნახევარფინალში "ჩერნოგორიასაც" მშრალად სძლიეს და ფინალში მოსკოვის "შტურმს" დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა ქვეჯგუფში, მართალია, "თბილისთან" 1:2 წააგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ დაამარცხა ზუკას მეგობრების გუნდი (2:0), "ჩერნოგორია" (2:1) და "ზვიგენები" (2:0). გადამწყვეტი პაექრობის პირველი სეტი სტუმრებმა 6:5 მოიგეს, მომდევნო ორი კი დათმეს შესაბამისად - 4:6, 1:6 და მეორე ადგილს დასჯერდნენ. მთავარი პრიზი "ლიგამუსს" ხვდა.

ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჩერნოგორიელი მარკო კორდიჩი აღიარეს, საუკეთესო მეკარედ მოსკოველი ლეონიდ კასტროვი, 27 გატანილი გოლით ბომბარდირი გახდა ზურაბ რურუა ("ლიგამუსი").
გამარჯვებულები და პრიზიორები სამახსოვრო მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით ზუკას დამ - თათა სახელაშვილმა, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ გულედანმა დააჯილდოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული