რეპეტიციებს თბილისში გაივლიან

AutoSharing Option
სამიოდე კვირაც და წყალბურთელ ვაჟთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც დამთავრდება. საქართველოს ნაკრები ზვიად დავითიანის ხელმძღვანელობით მონდომებით ემზადება გადამწყვეტი ორთაბრძოლისთვის, რომელიც 2 ივლისს მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან გაიმართება.

ამჟამად ჩვენს ბიჭებს ორჯერადი ვარჯიშები აქვთ ოლიმპიკის აუზში. საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ გვითხრა, რომ საქართველოს წყალბურთელები რეპეტიციებს 24-26 ივნისს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გაივლიან. საასპარეზოდ აზიის წლევანდელი ჩემპიონები - ყაზახეთის ნაკრების წევრები (მათ უკვე მოიპოვეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზური) და ბელარუსები გვეწვევიან. უკრაინელებიც უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ, ობიექტური მიზეზებით,
ტურნირში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. მათ ნაცვლად პაექრობებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩაებმება, რომელსაც რევაზ ჩომახიძე ავარჯიშებს.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, E ჯგუფში ორი შეხვედრაა გასამართავი. 18 ივნისს ბერძნები ბრიტანელებს მიიღებენ. 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლებმა ელინებთან პირველი ორთაბრძოლა შინ 2:13 დათმეს და არა გვგონია, ჯგუფის ფავორიტებთან ათენში წარმატებას მიაღწიონ. კუნძულელებს შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩი თბილისში საქართველოს ნაკრებთან აქვთ წაგებული - 3:9, ამიტომ ჩვენს ბიჭებს მანჩესტერში 5-ბურთიანი სხვაობით წაგებაც ხელს აძლევთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების შემთხვევაშიც 1 და 29 ოქტომბერს პლეი ოფებში ვითამაშებთ კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდში მოსახვედრად.
დღეისთვის E ჯგუფში ასეთი ვითარებაა:

თ მ წ   ბ    ქ
საბერძნეთი 3 3 0 40:16 9
საქართველო 3 1 2 23:30 3
დ. ბრიტანეთი 2 0 2 5:22 0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული