კვარტეტი "ოლიმპიკს" აახმაურებს

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში", როგორც გაუწყეთ, დღეს იწყება თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული გუნდები, ყაზახეთისა და ბელარუსის ნაკრებები იასპარეზებენ.

ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებით გუშინ სპორტის მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად დავითიანმა პრესკონფერენცია გამართეს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ თბილისის ტურნირი ჩვენი ნაკრების მოსამზადებლად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ასპარეზობის ბოლო მატჩისთვის, რომელიც ბრიტანელებთან 2 ივლისს მანჩესტერში გაიმართება, მნიშვნელოვანი ეტაპია. საგულისხმოა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი იტალიის ბრეშაში მოთამაშე ფრანიჩევიჩით გაძლიერდა.
წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მარინომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში თამაშის უფლებაც დართეს.

დღეს 18.30 საათზე "ოლიმპიკის" აუზში ბელარუსებს ასეთი შემადგენლობით დავუპირისპირდებით: ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო ელაჩა, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპიტანი), კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ივან სტრუიჩი.

ალექსანდრე ბითაძემ დამსწრეთ აუწყა, რომ მანჩესტერში ბრიტანელებთან მატჩის თუნდაც ხუთი ბურთის სხვაობით წაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და შემოდგომით პლეი ოფში კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ ეტაპზე მოსახვედრად წყალბურთის რომელიმე გრანდს დაუპირისპირდება.

გია გალდავა: მისასალმებელია, რომ საქართველოს წყალბურთში საგრძნობი გამოცოცხლებაა და სპორტის ეს სახეობა სახელმწიფოს, ასევე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომითა და დახმარებით უწინდელ ტრადიციებს ნელ-ნელა იბრუნებს. მართალია, თბილისის ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი უფროა. თუმცა გვჯერა, რომ ჩვენი ბიჭები, შარშანდელის მსგავსად, ყველაფერს გააკეთებენ მთავარი პრიზის მოსაპოვებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული