ალბათ დღეს გამოვლინდება

AutoSharing Option
გუშინ საწყლოსნო კომპლექს ”ოლიმპიკის” აუზში თბილისის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობს.

ფავორიტებად საქართველოს და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს მიიჩნევენ, ბელარუსები ახალგაზრდული შემადგენლობით არიან ჩამოსული, მასპინძელთა მეორე გუნდი კი უმთავრესად 1993 წელს დაბადებული წყალბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასპარეზობის სტარტზე ფავორიტებმა გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვებები ჩაიწერეს.
შეჯიბრება ყაზახეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩით გაიხსნა.

ყაზახეთი-საქართველო (ახალგ.) 20:4 (7:2, 3:2, 7:0, 3:0)
ყაზახეთი: შვედოვი, შმიდერი (2), მ. შაკენოვი (1), ფილიპენკო (2), პანფილი (2), ფენოჩკო (2), ა. შაკენოვი (1), კოკორინი, უკუმანოვი
(3), რუფეი (3), მანაფოვი (4), ტემრხანოვი (1), რემჩენკო, მთავარი მწვრთნელი დროზდოვი.
საქართველო: ფავლენიშვილი, ჩიქვინიძე, ბაბუნაშვილი (2), დავითური, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი (1), გელაშვილი, ურუშაძე, ქავთარაძე (1), ყაზახიშვილი, პეიტრიშვილი. შუბლაძე.

პაექრობა აზიის ჩემპიონების იერიშებით დაიწყო და მეორე წუთზე პანფილიმ სტუმრები დააწინაურა. პირველი პერიოდის 6 წუთის განმავლობაში მასპინძლებმა კიდევ 5 უპასუხო ბურთი გაუშვეს. ბოლო ორწუთიან მონაკვეთში ჩვენები გამოფხიზლდნენ. მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს. დანარჩენ სამ რვაწუთიან მონაკვეთში ყაზახების უპირატესობა აშკარა იყო და საბოლოო წარმატებასაც მიაღწიეს - 20:4.

საქართველო (ეროვნული)-ბელარუსი 21:5 (5:1, 4:1, 7:2, 5:1)
საქართველო: ჭუმბურიძე, ლაითაძე, ელაჩა (1), პოპოვიჩი (2), კორდიჩი, ხვედელიანი, ჩომახიძე (3), ბაღათურია (4), რურუა (4), გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი (4), ფრანიჩევიჩი (2), სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი დავითიანი.
ბელარუსი: არხიპავი, ციპლიაშინი, პრანჩუკი (1), ხარლაფი, მანუგპი, მინუჩკი, პანოვი (2), ბიჩკოვი (1), დრაზდოვი, ჩუპრინა, შარაბაშანი (1), ტარსიაკოვი, შანტური. მთავარი მწვრთნელი ფრალოვი.

მატჩის დასაწყისშივე რევაზ ჩომახიძემ პირველივე იერიში გოლით დააგვირგვინა. მალევე ბაღათურიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. სტუმართა ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგობის დაძლევა ჩვენს ეროვნულ გუნდს არ გასჭირვებია. შეიძლება ითქვას, რომ ეს მატჩი ჩვენი ბიჭებისთვის ერთგვარი სასპარინგო შეხვედრა იყო ტურნირის მთავარი ორთაბრძოლისთვის, რომელიც დღეს საღამოს ”ოლიმპიკში” გაიმართება. საქართველო ყაზახეთს დაუპირისპირდება.

- შარშან პოლონეთში 1993 წელს დაბადებულ წყალბურთელთა ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირში ბელარუსებს შევხვდით და ის პაექრობა ფრედ - 6:6 დამთავრდა, - გვითხრა ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ. - ბელარუსებმა იმ გუნდიდან თბილისის ტურნირზე რამდენიმე მოთამაშე ჩამოიყვანეს. ჩვენი ნაკრებიც გადახალისდა. ამიტომ შაბათს ამ ორი ახალგაზრდული კოლექტივის დაპირისპირება საინტერესო იქნება.

უფრო დაძაბულად წარიმართება საქართველო-ყაზახეთის ორთაბრძოლა. მართალია, სტუმრებს ძირითადი გუნდის სამი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩემპიონი მაინც ჩემპიონია და მასთან საპაექროდ მთელი ძალების გაღება მოგვიწევს...

ასე რომ, დღეს ”ოლიმპიკის” აუზში 17.00 საათიდან გულშემატკივრებს საინტერესო ორთაბრძოლები ელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული