საქართველოს ნაკრები - სასიამოვნო აღმოჩენა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე "ოლიმპიკის" აუზში თბილისის საერთაშორისო ტურნირის მონაწილეებმა ორ-ორი მატჩი გამართეს. სხვებზე უკეთ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა, რომელმაც ჯერ აზიის თამაშების გამარჯვებულ ყაზახეთის ნაკრებს სძლია 11:6, შეჯიბრების ბოლო დღეს კი საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს მოუგო 12:2, მოაგროვა 9 ქულა და, როგორც შარშან, მთავარი პრიზი დაიმსახურა, რაც მთავარია, გენერალური რეპეტიცია გაიარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩის წინ, რომელიც 2 ივლისს მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან გაიმართება.

საქართველო-ყაზახეთი 11:6 (2:1, 3:1, 2:2, 4:2)
საქართველო: ჭუმბურიძე, ლაითაძე (1), იელაჩა (1), პოპოვიჩი, კორდიჩი (4), ხვედელიანი,
ჩომახიძე (2), ბაღათურია, რურუა (1), ქენქაძე, ნიკოლეიშვილი (1), ფრანიჩევიჩი (1), სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი დავითიანი.
ყაზახეთი: შვედოვი, შმიდერი, მ. შაკენოვი, ფილიპენკო (1), პანფილი (2), ფენოჩკო, ა. შაკენოვი, უკუმანოვი (1), რუფაუ (2), მანაფოუ, ტემრხანოვი, დემჩენკო, მთავარი მწვრთნელი დროზდოვი.

ანგარიში მე-5 წუთზე პანფილიმ გახსნა, ორიოდე წუთში კი რურუამ წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდის მიწურულს კორდიჩმა დააწინაურა მასპინძლები. აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია და საბოლოო წარმატებასაც მიაღწია - 11:6.

მეორე ტურში ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულმა გუნდმაც იყოჩაღა: ქართველმა წყალბურთელებმა ბელარუსებს აჯობეს 9:8, არადა, მესამე 8-წუთიანი მონაკვეთის დასაწყისში სტუმრები შეხვედრას სამბურთიანი სხვაობით (5:2) იგებდნენ.

ბელარუსი-საქართველო (ახალგ.) 8:9 (3:2, 1:0, 3:2, 1:5)
ბელარუსი: აპხიპაუ, შიპლიაშინი, ფრანჩოკი (2), ხარლაპი (1), მანუჩუ (1), მინოტსკი, ივანოვი (1), ბიჩკოვი, პრაზდოვი, ჩუპრინა, შარბაშანი (3), ტარზიაკოვი, შანტური, მთავარი მწვრთნელი თერალოვი.
საქართველო (ახალგ.): ფავლენიშვილი, ჩიქვინიძე, ბაბუნაშვილი (1), დავითური, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი (1), გელაშვილი (1), ურუშაძე (2), ქავთარაძე (1), ყაზახიშვილი (1), კაკულია (2), შუბლაძე, მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.

ბოლო პერიოდში ჩვენმა ბიჭებმა აშკარად დაჯაბნეს სლავები და ამ გამარჯვებით ტურნირში მე-3 ადგილი დაიკავეს. მართალია, გუშინ ჩომახიძის შეგირდებმა ეროვნულ ნაკრებთან დათმეს მატჩი 2:12, მაგრამ ბელარუსებიც დამარცხდნენ ყაზახებთან 7:14.

საქართველო (ეროვნ)-საქართველო (ახალგ.) 12:2 (3:0, 3:0, 3:2, 3:0)
საქართველო (ეროვნული): ნამორაძე, ლაითაძე (1), იელაჩა, პოპოვიჩი, კორდიჩი, ხვედელიანი (1), ქენქაძე, ბაღათურია (2), რურუა (4), გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი (1), ფრანიჩევიჩი (2), ჭუმბურიძე, მთავარი მწვრთნელი დავითიანი.
საქართველო (ახალგაზრდული): ფავლენიშვილი, ჩიქვინიძე, ბაბუნაშვილი (1), დავითური, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი, გელიაშვილი, ურუშაძე (1), ქავთარაძე, ყაზახიშვილი, კაკულია, შუბლაძე, მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.

სამდღიანი პაექრობების შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, ქულათა მაქსიმუმით პირველი ადგილი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა. ორი გამარჯვებით მეორე ადგილი ყაზახეთის გუნდს ხვდა, სამი ქულით მესამე ადგილზე ჩვენი ახალგაზრდა წყალბურთელები გავიდნენ, ბელარუსებმა სამივე ორთაბრძოლა დათმეს.

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ კომენტარი ყაზახეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სერგეი დროზდოვს ვთხოვეთ:

- ტურნირი შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მასპინძლებმა თამაშისა და დასვენების კარგი პირობები შეგვიქმნეს. როგორც საქართველოს ეროვნული გუნდისთვის, ისე ჩვენთვის ამ ასპარეზობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნაკრების დღევანდელი მდგომარეობის შესამოწმებლად. შარშან აზიის თამაშები მოვიგეთ და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოვიპოვეთ. იქ ჩერნოგორიელებთან, უნგრელებთან და ესპანელებთან მოგვიწევს დაპირისპირება ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის. ივლისისთვის სამი ლეგიონერი დაგვემატება, ამ ტურნირის გათვალისწინებით ზოგ ხარვეზსაც გამოვასწორებთ და ჩინეთში სულ სხვა გუნდით წარვსდგებით.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?
- თქვენი გუნდი ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო. საქართველოს ნაკრები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის შემდეგ არ მინახავს. ერთ მუშტად შეკრული კოლექტივია. ბევრი ახალგაზრდა წყალბურთელი თამაშობს. ცოტა მეტ გამოცდილებას რომ შეიძენენ, საერთაშორისო სარბიელზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. კვლავ გამაოცა რევაზ ჩომახიძემ. მისი კარიერის საუკეთესო წლები გამახსენდა, აი, "შტურმში" რომ თამაშობდა. მაშინ მეც რუსეთის ჩემპიონატში გამოვდიოდი და ჩომახიძის წინააღმდეგაც მითამაშია. იმ პერიოდიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ვმეგობრობთ. მიხარია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც დიდ წყალბურთს თავი რომ არ დაანება.

ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებს 2 ივლისს პასუხსაგები მატჩი ელის დიდ ბრიტანეთში. 2009 წელს პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე ორჯერ შევხვდით ინგლისელებს. მართალია, მას შემდეგ ორი წელაიწადი გავიდა, ალბათ, წყალბურთელებიც გაიზრდებოდნენ და ნაკრების თამაშის ტაქტიკაც შეიცვლებოდა. ამის მიუხედავად, არა მგონია, კუნძულელებმა თქვენს გუნდს მოუგონ. მე საქართველოს ნაკრებს ვუქომაგებ და წარმატებას ვუსურვებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული