საქართველო vs რუმინეთი

AutoSharing Option
ლუქსემბურგში - ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის (LEN) შტაბბინაში გუშინ, 10 აგვისტოს წყალბურთელ ვაჟთა 2012 წლის კონტინენტის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფებში პირველი-მეორე ადგილებზე გასული ეროვნული გუნდების საპლეიოფო წილისყრა გაიმართა, რომელმაც 12 ნაკრები დააწყვილა. ორრაუნდიან პაექრობებში გამარჯვებული 6 გუნდი გაისად იანვარში ფინალურ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს, რომელსაც ჰოლანდია უმასპინძლებს.

LEN-ის პრეზიდენტის, ნორი კრუხტენის ხელმძღვანელობით გამართულმა წილისყრამ, რომელსაც საქართველოდან საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის თავკაცი ალექსანდრე ბითაძე ესწრებოდა, საქართველოს რუმინეთი შეახვედრა. პირველი მატჩი 1 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. განმეორებით ორთაბრძოლას 29 ოქტომბერს ბუქარესტი უმასპინძლებს. დანარჩენი 5 საგზურისთვის
ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: გერმანია-მალტა, საბერძნეთი-სლოვაკეთი, საფრანგეთი-მაკედონია, რუსეთი-ესპანეთი, სლოვენია-თურქეთი.

გუშინვე ლუქსემბურგში ალექსანდრე ბითაძეს შევეხმიანეთ: "კარგია, რომ წილისყრამ გერმანიას და ესპანეთს არ შეგვახვედრა, სადაც ყოველგვარი შანსი დაკარგული გვექნებოდა, ცუდია, რომ რუსეთს ან თურქეთს არ დავუპირისპირდით.

იღბალს ვერსად გავექცევით: რუმინეთის ნაკრები კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესია, ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპების უცვლელი მონაწილე. ახლახან შანხაიში დამთავრებულ წყალბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარპატელებმა მე-12 ადგილი დაიკავეს, მათი ლიდერი კოლსმინ რადუ კი ბომბარდირი გახდა. ასე რომ, უძლიერეს გუნდთან მოგვიწევს დავა. ამის მიუხედავად, იმედს არ ვკარგავთ. ჩვენც საკმაოდ სოლიდური ნაკრები გვყავს, ბრძოლა შეიძლება და ყველაფერს ვიღონებთ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად", - გვითხრა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა.

რუმინელებთან დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრების წევრები თბილისში 23-25 სექტემბერს ხუთ ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ, ოღონდ საკლუბო გუნდების დონეზე. როგორც გაუწყეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელ ვაჟთა გუნდი "ლიგამუსი-თბილისი", რომლის წევრებიც ეროვნული ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, ევროპის თასზე მეორედ ითამაშებს. ამჯერად დედაქალაქის "ოლიმპიკის" აუზში ჩვენები უნგრეთის "ჰონვედს", საფრანგეთის "ოლიმპიკს", რუსეთის "სანკტ-პეტერბურგს", ჰოლანდიის "დე ჟილ ლეიდენსა" და ხორვატიის "მედვესჩაკს" უმასპინძლებენ.

"კარგია, რომ ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ შარშან ლენტროფის ჩვენთან გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპს მაღალი შეფასება მისცა და ნება დაგვრთო, ევროპის თასის A ჯგუფის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს ისევ ვუმასპინძლოთ. ამჯერად ჯგუფში უფრო ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. შარშანდელივით ტურნირის ფავორიტია ევროთასების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი "ჰონვედი".

დანარჩენი ხუთი გუნდი კი მეტ-ნაკლებად თანაბარი დონისაა. მაგალითად, გასულ წელს ნიცას "ოლიმპიკს" თავიდან ვუგებდით, მაგრამ ბოლო პერიოდში დაშვებული უხეში შეცდომების გამო მატჩი დავთმეთ. ცხადია, წლეულს მსგავს ლაფსუსებს არ დავუშვებთ, რევანშისთვის ვიბრძოლებთ, მით უმეტეს, რომ გუნდი გავაძლიერეთ, დავიმატეთ გალაქტიონ ლაითაძე, მოსალოდნელია სხვა ცვლილებებიც.

ასე რომ, როგორც ვთქვით, ფაქტობრივად, ხუთი გუნდია მეორე რაუნდში გასასვლელი სამი საგზურის მაძიებელი. უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ. გვერწმუნეთ, რომ იმ საუკეთესო სამეულში "ლიგამუსი-თბილისიც" იქნება", - გვითხრა ყოფილმა წყალბურთელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგო რატიანმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სპორტის საწყლოსნო სახეობებს კურირებს.

ასე რომ, სპორტის ქართველ გულშემატკივრებს სექტემბრის ბოლო დეკადასა და ოქტომბრის დასაწყისში საინტერესო საწყალბურთო ბატალიები ელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული