ბევრის მნახველი ვლახები

AutoSharing Option
წყალბურთელ ვაჟთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპს ჰოლანდია უმასპინძლებს. ტიტების ქვეყანაში გასამგზავრებელი ექვსი საგზურისთვის ოქტომბერში ის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებმაც შესარჩევ ჯგუფებში პირველი-მეორე ადგილები დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ წილისყრით ისინი ასე დაწყვილდნენ: გერმანია-მალტა, საბერძნეთი-სლოვაკეთი, საფრანგეთი-მაკედონია, რუსეთი-ესპანეთი, სლოვენია-თურქეთი, საქართველო კი რუმინეთს დაუპირისპირდება.

კარპატელები მსოფლიო წყალბურთში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. ოლიმპიურ თამაშებში მათ 1952 წლიდან რვაჯერ იასპარეზეს და 1976 წელს მონრეალში მე-4 ადგილზე გავიდნენ, მსოფლიოს ჩემპიონატებში 9-ჯერ მოსინჯეს ძალები და 1975 წელს მე-5 ადგილი დაიკავეს, მსოფლიოს ლიგის ოთხგზის მონაწილეებმა სამჯერ მსოფლიოს თასის გათამაშებასაც
გაუსინჯეს გემო. ორივე ტურნირში სამჯერ მეექვსენი იყვნენ.

ქართველ წყალბურთელებს ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის მეშვიდეადგილოსნებთან პაექრობის დიდი ხნის ისტორია აქვთ. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ ურთიერთობას 1959 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ გაიმართა თბილისში საერთაშორისო ამხანაგური მატჩები: საქართველოს პირველმა ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს 4:2 მოუგო, მე-2 ნაკრებმა კი ასეთივე ანგარიშით დათმო ორთაბრძოლა. ოთხი წლის შემდეგ ქართველთა და კარპატელთა პაექრობა ჩვენს დედაქალაქში ისევ მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა - 4:1. იმავე 1963 წელს ლაიპციგის საერთაშორისო ტურნირზე მეტოქეები მშვიდობიანად დაშორდნენ (2:2) ერთმანეთს.

- მტკვრის სანაპიროზე საწყლოსნო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუმინელი წყალბურთელები ხშირად ჩამოდიოდნენ თბილისის საერთაშორისო ტურნირებზე, - გვითხრა "ლაგუნა ვერეს" დირექტორმა, ყოფილმა წყალბურთელმა ვლადიმერ გოიაშვილმა. - მათთან ჩვენი ბიჭების დაპირისპირება ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობითა და სანახაობრივადაც ძალიან მიმზიდველი იყო.

განსაკუთრებით 1985 წლის მატჩი დამამახსოვრდა. მაშინდელი პაექრობა 9:9 დამთავრდა. ამ ფრემ სტუმრებს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები დააკარგვინა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. რუმინული წყალბურთი საგრძნობლად დაწინაურდა. დასტურად წლევანდელი შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოდგება. რუმინელთა რამდენიმე მატჩი ვნახე. მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ. განსაკუთრებით კოსმინ რადუ გამოირჩევა - იგი ჩინეთში ბომბარდირი გახდა. წილისყრამ პლეი ოფში ძლიერი გუნდი შეგვახვედრა, მაგრამ ორმატჩიანი რაუნდისთვის სათანადო მომზადებით, ვფიქრობ, ამ ბარიერის გადალახვა შეიძლება...

გულშემატკივრებს აქვე ჩვენი მომავალი მეტოქეების იმ შემადგენლობასაც გავაცნობთ, რომლითაც ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დაიკავეს: კონსტანტინ დრაგოშ სტოენესკუ, ალექსანდრუ კოსმინ რადუ (კ), ტიბერიუ ნეგრეანი, ვირგილ ნიკოლაე დიაკონუ, იონუტ ანდრეი იოსეპი, ანდრეი დან ბუსილა, მიჰნეა ჩიოვიანუ, ალექსანდრუ ბარაბას მატეი გუიმანი, დიმიტრი გუანტა, რამირო ჯორჯესკუ, ანდრეი ალექსანდრუ გიბანი, იანოშ კალმან კადარი, მიჰაი ედუარდ დრაგუსინი, მთავარი მწვრთნელი იშტვან კოვაჩი.

სხვადასხვა დროს რუმინელი წყალბურთელების წინააღმდეგ ბევრ ქართველს უთამაშია. ერთ-ერთი გახლავთ სპორტის დამსახურებული ოსტატი ვლადიმერ ისელიძე, რომელმაც გუშინ ჩვენთან საუბრისას მონრეალის ოლიმპიური თამაშებიც გაიხსენა: "საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მეც და სხვა ქართველ წყალბურთელებსაც რუმინელებთან, ვინ იცის, რამდენჯერ გვითამაშია და გვიჯობია კიდეც.

ამის მიუხედავად, მწარედ მახსენდება 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადა, რომელშიც, საბჭოთა მწვრთნელთა უგუნურებით, ცუდად ვიასპარეზეთ. ქვეჯგუფში ვლახებთან შეხვედრა 5:5 დავამთავრეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა. მართალია, თანაბარი ქულები დავაგროვეთ, მაგრამ კარპატელებმა ბურთების უკეთესი სხვაობით გვაჯობეს და ფინალურ ეტაპზეც გავიდნენ, სადაც მხოლოდ მომავალ ჩემპიონებთან - უნგრელებთან დამარცხდნენ 8:9 და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავეს.

დღეს რუმინელებს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ, ამიტომ პირველ და ოცდაცხრა ოქტომბერს მათთან ცხარე საპლეიოფო ორთაბრძოლები გველის. შეუძლებელი მაინც არაფერია, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ და დიდი ხნის ოცნება ავისრულოთ - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეთ,"- გვითხრა ვლადიმერ ისელიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული