და აი, ერთი წლის შემდეგ თბილისს კვლავ ეწვია წყალბურთელ ვაჟთა საკლუბო პირველობა ამჟამად, ევროპის თასის სახელწოდებით. საწყალოსნო კომპლექსს "ოლიმპიკში" მომდევნო რაუნდში გასასვლელად 6 ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ.
საქართველოს სპორტულ ღირსებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" (ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, თამაზ ლაზარდი, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, გალაქტიონ ლაითაძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი,
გუნდი მთლიანად ეროვნული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული და ეს ტურნირი მათთვის ორმაგად სასარგებლოა: საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლის გამოცდილებას გაიმდიდრებენ და ევროპის ჩემპიონატის საპლეიოფო ჩემპიონატისთვისაც მოემზადებიან: 1 ოქტომბერს ხომ საქართველოს ნაკრები რუმინეთს უნდა დაუპირისპირდეს.
ევროპის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის "ა" ჯგუფში უწინდებურად უნგრეთის "ჰონვედია" ფავორიტი. ექვსი ათეული წლის წინათ ჩამოყალიბებული გუნდი ექვსჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი, რვაჯერ თასსა და ორჯერ სუპერთასს ფლობდა. ევროლიგის 2003-2004 წლების სეზონის გამარჯვებულმა მსგავს შეჯიბრებებში სამჯერ მეორე ადგილი დაიკავა, ერთხელ სუპერთასი მოიგო.
ოცი წელიწადია, ევროთასების გათამაშებაში მონაწილეობს საფრანგეთის "ოლიმპიკი". ნიცელებმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონატის ოქროს მედლები 12-ჯერ დაიმსახურეს.
არსებობის ოთხ ათეულ წელიწადს ითვლის ჰოლანდიის "დე ჟილ ლეიდენი", ნიდერლანდების თასის ოთხგზის მფლობელი, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატებში სამჯერ ვერცხლი და ერთხელ ბრინჯაო რგებია.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰყავდათ სანკტ-პეტერბურგელებს წყალბურთელ ვაჟთა რამდენიმე გუნდი: "ბალტიკა", სკიფ-ი, "სპარტაკი".
ნევრისპირელებს სამჯერ (1940, 1947, 1952 წ.წ.) საკავშირო ჩემპიონატებიც აქვთ მოგებული. საგულისხმოა, რომ ქართველი წყალბურთელები მეტწილად ამარცხებდნენ ლენინგრადელ მეტოქეებს.
მაგალითად, 1960 წელს თბილისის "დინამომ" (ლერი გოგოლაძე, ზურაბ ლომიძე, გივი ჩიქვანაია, ირაკლი ჩხიკვაძე, ოთარ მიმინოშვილი, კონსტანტინე ავანესიანი, რეზო ჯანაშვილი, ბორის მეგედი, ვიქტორ რომანოვი, ჯუმბერ წიკლაური და ნოდარ გვახარია), როცა სსრკ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა, ლენინგრადის სამივე გუნდი ორ-ორჯერ დაამარცხა. იმედია, ლიგამუსელები წინამორბედთა ღირსეულ ტრადიციას "ოლიმპიკში" განაგრძობენ.
თბილისური ტურნირის მეექვსე მონაწილეა ხორვატიის "ვკ მედვეჟაკი", რომელიც დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის (ერთხელ იყო ქვეყნის ჩემპიონი), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს წყალბურთის ხორვატიული სკოლის კლასი.
შარშანდელ თბილისურ ბატალიებში თუ ორი გამოკვეთილი აუტსაიდერი (ისრაელის ასა და თურქეთის ენკა) მონაწილეობდა, წლეულს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები იბრძოლებენ მომდევნო ეტაპის 4 საგზურისთვის.
დღეს პირველ ტურში ითამაშებენ: "ჰონვედი" (უნგრეთი)-"სანკტ-პეტერბურგი" (რუსეთი), "ოლიმპიკი" (საფრანგეთი)-"ვკ მედვეჟაკი" (ხორვატია), "ლიგამუსი-თბილისი" (საქართველო)-"დე ჟილ ლეიდენი" (ჰოლანდია).
ევროპის თასზე საქართველოს კიდევ ერთი გუნდი იასპარეზებს - თბილისის "ივერია", რომელსაც სახელოვანი წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე უდგას სათავეში.
ჩვენი გუნდი B ჯგუფში გამოდის, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს. თურქულ ბატალიებში ახალგაზრდა ივერიელები მასპინძელთა "ენკას", ათენის "პანიონიოსს", რუმინეთის "ამეფა არადიას", გერმანიის "ვასპო ჰანოვერსა" და ხორვატიის "მოლნარი სპლიტს" გაუწევენ მეტოქეობას.
ამ ჯგუფიდანაც მე-2 რაუნდში 4 საუკეთესო გუნდი ითამაშებს. კიდევ ორი ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩები იტალიასა და საფრანგეთში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"