22 სექტემბერი, 2011 წელი
წყალბურთელ ვაჟთა ევროპის თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
"ლიგამუსი" -"დე ჟილ ლეიდენი" 11:9 (2:2, 3:3, 3:2, 3:2)
"ლიგამუსი" (საქართველო): ჭუმბურიძე, ქენქაძე, ლაზარიდი, პოპოვიჩი, კორდიჩი (2 გოლი), ხვედელიანი, ლაითაძე, ბაღათურია (5), რურუა (3), გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი, ბაბუნაშვილი, სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი დავითიანი, მწვრთნელი - ასათიანი.
"დე ჟილ ლეიდენი" (ჰოლანდია): ვან ბერკელი, ბახი (2), ქაჩაჩი, ვენენი, გოედი (1), მოერლანდი (2), ტურკი (1), დალმინი, ვერსლუისი, ნედერენდი (3), დე გროოტი, ვან დერ მეერი, რაშვანი, მთავარი მწვრთნელი სპიკერი.
მსაჯები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამი წლის წინათ მამულიშვილურ საქმეს ჩაუყარა საფუძველი - საწყალოსნო კლუბი "ლიგამუსი" ჩამოაყალიბა და ერთი წლის შემდეგ წყალბურთელთა გუნდი ევროტურნირებში ჩართო.
შარშან ლენტროფის გათამაშების პირველ ეტაპს "ლიგამუსი-თბილისმა" "ოლიმპიკის" აუზში უმასპინძლა. ევროპის წყალბურთის მამებს საქართველოს დედაქალაქში ორგანიზებული ტურნირი ისე მოეწონათ, რომ წლეულს ევროპის თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის "ა" ჯგუფის მატჩები უყოყმანოდ თბილისში დანიშნეს.
ხუთი ქვეყნის გუნდები ეწვივნენ ჩვენს დედაქალაქს. როგორც გაუწყეთ, "ლიგამუსთან" მომდევნო რაუნდში გასასვლელი 4 საგზურისთვის უნგრეთის "ჰონვედი", საფრანგეთის "ოლიმპიკი", რუსეთის "სანკტ-პეტერბურგი", ხორვატიის "ვკ მედვეჟაკი" და ჰოლანდიის "დე ჟილ ლეიდენი" იბრძვიან.
გუშინ პირველ ტურში ლიგამუსელებს სწორედ ტიტების ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ნიდერლანდების თასის ოთხგზის მფლობელი და ეროვნული ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი წლეულს დაარსების 40 წლისთავს ზეიმობს.
თუმცა ჰოლანდიის წყალბურთს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ჰოლანდიის ნაკრები თბილისს პირველად 48 წლის წინ ეწვია. მაშინ სტუმრებმა თბილისის "დინამოსთან" 2:5, ხოლო საქართველოს ნაკრებთან 2:6 წააგეს. ლიგამუსელებმა უფროსი თაობის წყალბურთელთა ტრადიცია გუშინ ღირსეულად განაგრძეს - 11:9 დაამარცხეს მეტოქე.
დაძაბული შეხვედრა იყო და მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მე-2 წუთზე გუნდის კაპიტანმა რურუამ ანგარიში გახსნა, თუმცა ჰოლანდიელებმა მალევე წონასწორობა აღადგინეს (ტურკი). მე-5 წუთზე რურუამ ისევ დააწინაურა ლიგამუსელები. პირველი პერიოდის ბოლომდე ბახმა მეორე გოლი გაგვიტანა.
ასპარეზობის მეორე რვაწუთიან მონაკვეთშიც ვერც ერთმა მხარემ ვერ იყოჩაღა - 3:3. მე-3 ტაიმის დასაწყისში "ლიგამუსმა" შეძლო მატჩში ერთგვარი გარდატეხის შეტანა, რაც კარის დარაჯად სტრუიჩის ნაცვლად ჭუმბურძის შემოსვლამ და მისმა დამაჯერებელმა თამაშმაც განაპირობა.
თუმცა, მასპინძელთა სიხარული ნაადრევი გამოდგა - სტუმრებმა ქართველთა დაცვაში ბზარი იპოვეს და ზედიზედ სამი ბურთი გაიტანეს. ყოველივეს მიუხედავად, ჩვენმა წყალბურთელებმა, რომლებიც ეროვნული ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, მეტოქის წინააღმდეგობა მაინც გატეხეს და 11:9 აჯობეს, რითაც მეორე ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.
მატჩის შემდეგ ცნობილ ქართველ წყალბურთელს - ლერი გოგოლაძეს ვესაუბრე. "დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენები კლასით მაღლა იდგნენ, ამის მიუხედავად, უამრავი შეცდომა დაუშვეს დაცვასა და თავდასხმაში, სამბურთიანი სხვაობის ასე იოლად განიავება არ შეიძლება.
მეკარე სტრუიჩიც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, აშკარად იგრძნობოდა ცენტრში რევაზ ჩომახიძის არყოფნაც. ჩვენს გუნდს ვულოცავ პირველ გამარჯვებას. იმედია, მომდევნო პაექრობებში უკეთ ითამაშებენ,"- გვითხრა რომის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა.
გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ რევაზ ჩომახიძე ტრავმის გამო ვერ შეეშველა "ლიგამუსს", სამაგიეროდ, თურქეთში მთავარ მწვრთნელად ახლავს თბილისის "ივერიას". საქართველოს ახალგაზრდა წყალბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც, ასევე, ევროპის თასის გათამაშებაში (ბ ჯგუფი) მონაწილეობს, გუშინ 2011 წლის ლენტროფის თასის მფლობელ ათენის "პანიონიოსთან 2:17 დამარცხდა.
აქვე გაუწყებთ თბილისის ჯგუფში გუშინ გამართული დანარჩენი ორთაბრძოლების შედეგებს: "ოლიმპიკი" (საფრანგეთი)-"ვკ მედვეჟაკი" (ხორვატია) 4:10 (1:3, 1:2, 1:2, 1:3), "ჰონვედი" (უნგრეთი)-"სანკტ-პეტერბურგი" (რუსეთი) 20:2 (5:0, 4:1, 5:0, 6:1).
დღეს ერთბაშად ორი ტურის მატჩები ჩატარდება. დილით: ოლიმპიკი-დე ჟილ ლეიდენი, ლიგამუსი-ჰონვედი, სანკტ-პეტერბურგი-ვკ მედვეჟაკი; საღამოს: ჰონვედი-ოლიმპიკი, ლიგამუსი-სანკტ-პეტერბურგი, დრ ჟილ ლეიდენი-ვკ მედვეჟაკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"