"ლიგამუსმა" მომდევნო ეტაპზე გაცურა

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი"
24 სექტემბერი, 2011! წელი

"ლიგამუსი" - "ვკ მედვეჟაკი" 10:10 (4:3, 3:3, 1:3, 2:1)
"ლიგამუსი" (საქართველო): ჭუმბურიძე, ქენქაძე (1), ლაზარიდი (1), პოპოვიჩი (1), კორდიჩი (2), ხვედელიანი, ლაითაძე (1), ბაღათურია (1), რურუა (2), გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი, ბაბუნაშვილი, სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი დავითიანი
"მედვეჟაკი" (ხორვატია): სელემი, ბურიჩი, ბაბიჩი (2), კულე, იაკოვიჩი (2), კულევიჩი (1), მარტნიჩი (3), ბლაჟევიჩი, კოლარი, გერატოვიჩი (1), კუკი, სამოპოლი (1), ლაზიჩი, მთავარი მწვრთნელი ვინჩეკი.

ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში თბილისის "ლიგამუსისთვის" მე-4 ტურის შეხვედრას "ვკ მედვეჟაკთან" (ხორვატია)
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მე-2 რაუნდში გასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად.

მასპინძლებს, საამისოდ სულ მცირე, ქულა მაინც სჭირდებოდათ, რადგან შაბათს ქართველთა უმთავრესი კონკურენტები დამარცხდნენ: სანკტპეტერბურგელებმა (რუსეთი) "ოლიმპიკთან" (საფრანგეთი) წააგეს 4:6, ხოლო ტურნირის ფავორიტმა - ბუდაპეშტის "ჰონვედმა" "დე ჟილ ლეიდენი" (ჰოლანდია) გაანადგურა - 19:2. ხორვატებს, მართალია, თავი ქუდში ჰქონდათ - წინა სამ ტურში ზედიზედ მოპოვებული წარმატებით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, მაგრამ მოტივაცია მაინც არ ჰქონდათ დაკარგული - მომდევნო ეტაპზე უფრო ხელსაყრელ ჯგუფში მოსახვედრად იბრძოდნენ.

ამიტომაც იყო, რომ მატჩი სტუმრების იერიშებით დაიწყო და იაკოვიჩმა მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა. საპასუხო შეტევისას რურუამ და გეგელაშვილმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა.

ერთი წუთის შემდეგ გეგელაშვილს მეორედ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ლაითაძესთან უხეში თამაშისთვის დანიშნული ხუთმეტრიანი დარტყმა (პენალტი) ვერ გამოიყენა. ამის მიუხედავად, პერიოდის ბოლომდე ლიგამუსელებმა სამი ბურთი გაიტანეს.

პირველ შესვენებამდე 4 წამი იყო დარჩენილი, მარტინიჩმა ცენტრიდან რომ დაარტყა მოულოდნელად და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა - 4:3. მომდევნო სამი პერიოდიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ხან მასპინძლები იყვნენ წინ, ხან - სტუმრები. ლიგამუსელთა შემტევ ძალას გამოაკლდა ბაღათურია, რომელიც მე-2 პერიოდში მსაჯებმა თამაშის ბოლომდე გააძევეს შეცვლის უფლებით. სამაგიეროდ, კარგად ითამაშა ჭუმბურიძემ, რომელმაც რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა თანაგუნდელები.

საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ხორვატები ორი ბურთით იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ ქართველმა წყალბურთელებმა შეძლეს წონასწორობის აღდგენა (ქენქაძე, რურუა) და დაძაბული ორთაბრძოლა დამთავრდა ფრედ - 10:10, რამაც ჩვენს გუნდს მე-2 ეტაპის საგზური მოუტანა.

გუშინ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დღეს "ჰონვედმა" 9:7 დაამარცხა "მედვეჟაკი" და გათამაშების ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცა. ჰონლანდიელები, როგორც გაირკვა, შეჯიბრების წინა დღეს მოწამლულან და სათამაშოდ ვერ გამოვიდნენ, რის გამოც "სანკტ-პეტერბურგს" ტექნიკური მოგება ჩაეთვალა.
25 სექტემბერი, 2011 წელი

"ლიგამუსი" - "ოლიმპიკი" 8:12 (2:3, 3:2, 2:4, 1:3)
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, ქენქაძე, ლაზარიდი, პოპოვიჩი, კორდიჩი, ხვედელიანი, ლაითაძე (2), ბაღათურია (1), რურუა (3), გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი (1), ბაბუნაშვილი, სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი დავითიანი.
"ოლიმპიკი": ბრი, იაბლოვსკი (2), სავპაპიერი (1), გიურსი, კნაში, ელდისონი (1), როპინი (1), ისპინსკი (2), ესტებე, ლავერსანი (1), იელეფი, ფამერა (3), ნიკოლეტი, მთავარი მწვრთნელი ნარპონი.

შარშან ლენტროფის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელსაც, ასევე, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა, "ლიგამუსი-თბილისის" წყალბურთელები მთელი სამი პერიოდის განმავლობაში უგებდნენ ნიცის "ოლიმპიკს" და მხოლოდ მეოთხეში დათმეს შეხვედრა.

გუშინდელ პაექრობაში კი ლიგამუსელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა. დიდი შესვენების შემდეგ სტუმრებმა იძალეს და შეხვედრაც მოიგეს - 12:8, რითაც გათამაშების ცხრილში მესამე ადგილი დაიკავეს.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
"ჰონვედი" 5 5 0 0 81:25 15
"მედვეჟაკი" 5 3 1 1 51:36 10
"ოლიმპიკი" 5 3 0 2 51:37 9
"ლიგამუსი" 5 1 2 2 44:53 5
"სანკტ-პეტ." 5 1 1 3 21:45 4
"ლეიდენი" 5 0 0 5 23:65 0

ევროპის თასის გათამაშების მეორე ეტაპზე გავიდა 16 გუნდი, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგიდან 8 კლუბი დაემატება და ისინი წილისყრით ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფებში განაწილდებიან. პაექრობები 8-10 ოქტომბერს გაიმართება, ოღონდ სად, ეს მომდევნო კვირას გაირკვევა.

"ლიგამუსის შემადგენლობას ამ კვირიდან 3 წყალბურთელი დაემატება - მცველი მარკო ელაჩა, ცენტრალური თავდამსხმელები - რევაზ ჩომახიძე და მარინო ფრანიჩევიჩი და ყველანი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დაიწყებენ მზადებას ევროპის ჩემპიონატის პლეიოფისთვის - 1 ოქტომბერს "ოლიმპიკის" აუზში ჩვენები რუმინელებს უმასპინძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული