დღეს 18.30 საათიდან საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" სწორედ ქართულ-ვლახურ დაპირისპირებას უმასპინძლებს. ჩვენებს ორი ნატურალიზებული წყალბურთელები არ ეყოლებათ. მარკო ელეზი და მარინო ფრანიჩევიჩი ავადმყოფობის გამო თბილისში ვერ ჩამოვიდნენ. სამაგიეროდ, რევაზ ჩომახიძემ მოიშუშა ტრავმა და ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გასანეიტრალებლად სტუმრებს დიდი ჯაფა დაადგებათ.
არის ერთი სიახლეც: ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზვიად
კარპატელები მსოფლიო წყალბურთში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ, რასაც მათი შედეგებიც მოწმობს: 1952 წლიდან რუმინელებმა ოლიმპიურ თამაშებში რვაჯერ იასპარეზეს, 1976 წელს მონრეალში მე-4 ადგილი დაიკავეს. მაშინ ფინალურ ჯგუფში ფრედ დაამთავრეს შეხვედრები იუგოსლაველებთან (5:5), ჰოლანდიელებთან (4:4), იტალიელებთან (4:4), დამარცხდნენ ოლიმპიადის მომავალ ჩემპიონ უნგრელებთან (8:9), დაძაბულ ბრძოლაში აღმოსავლეთ გერმანიას სძლიეს (5:3) და, როგორც აღვნიშნეთ, მე-4 ადგილზე გავიდნენ. უნგრელების გარდა, მათ იტალიელებმა და ჰოლანდიელებმა გაუსწრეს. ვლახებმა მსოფლიოს 9 ჩემპიონატში მოსინჯეს ძალები (საუკეთესო შედეგი: მე-5 ადგილი 1975 წელს), ოთხჯერ მსოფლიოს ლიგასა და სამჯერ მსოფლიოს თასზე იასპარეზეს. შარშან ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილით დაკმაყოფილდნენ. წლეულს ჩინეთში გამართულ საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე რუმინელთა კაპიტანი ალექსანდრ კოსმინ რადუ შეჯიბრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
თუნდაც ამ მწირი სტატისტიკითაც ნათლად ჩანს, თუ რა ტრადიციებისა და ძალის მეტოქე ეყოლება დღეს საქართველოს ნაკრებს. "ოლიმპიკში" სტუმრების სპორტულ ღირსებას დაიცავენ: დრაგოს სტონესკუ, კოსმინ რადუ, ტიბირიუ ნეგრინი, ნიკოლაი დიაკონუ, ანდრეი იოსეფი, ანდრეი ბუსილა, მიხეა ჩიოვანუ, დიმიტრი კოანტა, რამირო ჯორჯესკუ, ანდრეი ალექსანდრუ გიბანი, კალმან კადარი, ედუარდ მიხაი დრაგუსინი, მთავარი მწვრთნელია იშტვან კოვაჩი.
"ძირითად შემადგენლობაში დანაკლისისა და მრისხანე მეტოქესთან დაპირისპირების მიუხედავად, გუნდში ოპტიმისტური და საბრძოლო განწყობილებაა. ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ რუმინული ბარიერი გადავლახოთ და ფინალურ ეტაპზე 12 საუკეთესოს შორის მოვხვდეთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ," - გვითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ.
დღეს კიდევ ხუთ ქვეყანაში გაიმართება საპლეიოფო პაექრობები. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მალტა-გერმანია, სლოვაკეთი-საბერძნეთი, თურქეთი-სლოვენია, რუსეთი-ესპანეთი, მაკედონია-საფრანგეთი. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები, გარდა გერმანია-მალტისა (15,10) 29 ოქტომბერს ჩატარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"