ნოდარ გვახარიას თასი ქართველებმა შეინარჩუნეს

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დამთავრდა სახელოვანი ქართველი სპორტსმენის, მელბურნის ოლიმპიადის მესამე პრიზიორის, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ნოდარ გვახარიას თასის მეორე გათამაშება, რომელშიც, როგორც გაუწყეთ, მასპინძლებთან ერთად 1996 წელს და უფრო გვიან დაბადებული ყაზახი, თურქი და ბელარუსი წყალბურთელებიც მონაწილეობდნენ. პირველი დღის შედეგებზე უკვე ვწერდით.

მეორე დღე
თურქეთი - ყაზახეთი 13:4 (4:1, 5:0, 0:3, 4:0)
თურქეთი: ოზდემირი, ქამაი, ჯენტანი, ოზერი (2), სიმსეკი (1), იამანი (3), ოგუზი, ბილენი, გონული, ალ ბაირაკი (2), ოზბაკისი (3), გოლაკი (2), გუგლო. მთავარი მწვრთნელი
ოზდურაკი.
ყაზახეთი: სუხოპაროვი, საფიულინი, იეშპაიევი, გოდოვანჩუკი (1), აუბაკიროვი, ბაბენკო, მუდრიკი (1), ბერბელიუკი, კარმანოვი, იერსაინოვი, ალტაევი, ცოი (2), კლიმანი. მთავარი მწვრთნელი კნეზევიჩი.

ასპარეზობის პირველი დღის თამაშებიდან გამომდინარე აშკარა იყო, რომ ამ წყვილში ფავორიტი თურქის ნაკრები იქნებოდა. მართლაც, შეხვედრა დაიწყო თუ არა, ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა შუააზიელ თანატოლებს იერიშების ქარიშხალი დაატეხეს თავს და პირველი პერიოდის ოთხ წუთში სამი ბურთი გაუტანეს.

ყაზახმა ჭაბუკებმა ამის შემდეგ გამოიღეს ხელი და ანგარიშში სხვაობა ერთი გოლით შეამცირეს, თუმცა მალევე მათ მეკარეს ორჯერ მოუწია ბურთის ბადიდან გამოტანა. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი თავიდან ბოლომდე თურქებისა იყო, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს - 5:0.

თუმცა შუააზიელები ამან ვერ შეაშინა და შესვენების შემდეგ სცადეს თამაშის ბედის შემობრუნება. მესამე პერიოდი 3:0 მოიგეს, მაგრამ ეს აღმოჩნდა ბოლო გაბრძოლება, რადგან ბოლო რვა წუთში ისინი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდნენ მეტოქეს და საბოლოოდ 4:13 დამარცხდნენ.

საქართველო - ბელარუსი 16:2 (2:0, 8:2, 2:0, 4:)
საქართველო: ინწკირველი, ჩიკვაიძე, შენგელია, იმნაიშვილი (1), გაბადაძე (1), ბითაძე (4), ჯახაია (3), ზაქარეიშვილი, კახეთელიძე (1), ყაზახიშვილი (2), ჩომახაშვილი (1), კაკულია (3), ჩერქეზიშვილი. მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩი.
ბელარუსი: კისიალოუ, დანილკევიჩი, შაპურაუ, პანინი, იერამჩუკი, შალამიტსკი (1), ტუმასი, საიუკი, კანიუჩკა (1), მარშულევიჩი, ხრიპაჩოუ, მელნიკი, შაკურა. მთავარი მწვრთნელი ფრალოვი.

შარშან, ნოდარ გვახარიას თასის პირველ გათამაშებაზეც გვეწვივნენ ბელარუსები. მაშინ სლავებმა ჩვენს ნაკრებთან დიდი ანგარიშით წააგეს.

გვეგონა, წლეულს რევანშის აღებას შეეცდებოდნენ, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა სტუმრებს წარმატების იოტისოდენა შანსიც კი არ დაუტოვეს. განსაკუთრებით მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი გამოდგა უხვგოლიანი (8:2).

დანარჩენი სამი პერიოდის განმავლობაში მასპინძლებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ (თორემ ანგარიშში სხვაობა უფრო სოლიდური იქნებოდა). ეტყობოდათ, რომ ძალებს თურქეთის ნაკრებთან სათამაშოდ ზოგავდნენ.

ამის მიუხედავად, აქტიურად ითამაშა ანდრო ბითაძემ - აშკარად აჯობა მეურვეებს და, პირველი მატჩის მსგავსად, აქტივში კიდევ ოთხი გოლი ჩაიწერა. ცენტრალურ თავდამსხმელს მხარი აუბეს თანაგუნდელებმა - დავით კაკულიამ და ხვიჩა ჯახაიამ, რომლებმაც კისიალოუს სამ-სამი ბურთი გაუტანეს.

მესამე დღე
საქართველო - თურქეთი 8:7 (1:1, 3:1, 2:2, 2:3)
საქართველო: ინწკირველი, ჩიკვაიძე (1), რევია, იმნაიშვილი, გაბადაძე (1), ბითაძე, ჯახაია (2), თუხარელი, კახეთელიძე, ყაზახიშვილი, ჩომახაშვილი (1), კაკულია (3), ციხელაშვილი. მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩი.
თურქეთი: ოზდემირი, ქამაი, ილდიზი, ოზერი (1), სიმსეკი, იამანი, გედიკი, ბილენი, გონული, ალბაირაკი, ოზბაკისი (5), გოლაკი (1), გუგლო. მთავარი მწვრთნელი ოზდურაკი.

8 აპრილს, გვახარიას თასის გათამაშების ბოლო დღეს, უნდა გადაეწყვიტა მედლების მფლობელთა ვინაობა. ორ-ორი მოგებით მთავარი პრიზისთვის ქართველი და თურქი ჭაბუკები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ორივე გუნდისთვის საკმაოდ მძიმე მატჩი აღმოჩნდა.

პირველ პერიოდში მეტოქეები ფრთხილობდნენ. ამიტომ ანგარიში მხოლოდ მე-4 წუთზე გაიხსნა - გოლი ჩვენს კარში ოზბაკისმა გაიტანა. თურქი წყალბურთელი ამ მატჩში შეუდარებელი იყო. მან მასპინძელთა გოლკიპერ ინწკირველს ბადიდან ხუთჯერ გამოატანინა ბურთი. მე-7 წუთზე წონასწორობა ჩომახაშვილმა აღადგინა.

მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი ქართველმა წყალბურთელებმა 3:1 მოიგეს; მესამე პერიოდი თანაბარ პაექრობაში წარიმართა; მეოთხე კი მასპინძლებისთვის კინაღამ დრამატული გამოდგა. მეორე წუთისთვის, ჩიკვაიძისა და კაკულიას გოლების შემდეგ, ჩვენი ბიჭები 4 ბურთით დაწინაურდნენ - 8:4.

ეტყობა, თავი სამშვიდობოს დაიგულეს და მოეშვნენ. სწორედ ამ დარჩენილ დროში სახიფათოდ ამოქმედდა ოზბაკისი, რომელსაც მხარი დაუჭირა ოზერმა. მათ ზედიზედ სამი ბურთი გაიტანეს და ანგარიშში სხვაობაც მინიმუმამდე შეამცირეს.

რამდენჯერმე ინწკირველმაც იყოჩაღა და გოლისგან იხსნა საკუთარი კარი. საბოლოოდ 8:7 გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა და მთავარი პრიზი შეინარჩუნა.

ყაზახეთი - ბელარუსი 7:10 (2:3, 2:3, 2:1, 1:3)
ყაზახეთი: სუხოპაროვი, საფიულინი, იეშპაიევი, გოდოვანჩუკი (1), აუბაკუროვი, ბაბენკო, მუდრიკი (3), ბერბელიუკი (1), კარმანოვი, ალტაევი, ცოი (1), კლიმანი, იერსაინოვი (1). მთავარი მწვრთნელი კნეზევიჩი.
ბელარუსი: კისიალოუ, დანილკევიჩი, შაპურაუ (1), პანინი, იერამჩუკი, შალამიტსკი (4), ტუმასი, საიუკი (2), კანიუჩკა (2), მარშულევიჩი, ხრუპაჩოუ, მელნიკი, შაკურა (1). მთავარი მწვრთნელი ფრალოვი.

შუააზიელები და სლავებიც ფინიშამდე ორ-ორი წაგებით მივიდნენ. ბრინჯაოს მედლის მფლობელიც მათ პაექრობას უნდა გამოევლინა. ორთაბრძოლა ბელარუსების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით (10:7) დამთავრდა.

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ გამარჯვებული გუნდი და პრიზიორები შესაბამისი თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს. პრიზები გადაეცათ ტურნირის საუკეთესო წყალბურთელებსაც: მეკარისა - ინწკირველს, მცველისა - ოზერს, თავდამსხმელისა - ბითაძეს, ბომბარდირისა - ოზბაკისს, საუკეთესო მოთამაშისა - კაკულიას.

ალექსანდრე ბითაძე, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: "კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. ქართველმა წყალბურთელებმა პრინციპული მატჩი მოუგეს თურქეთის ნაკრებს, რომელიც ამ ასაკში (1996 წელს და უფრო გვიან დაბადებულნი) ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

იოვან პოპოვიჩის შეგირდებზე აშკარად დადებითად იმოქმედა სერბეთში ერთკვირიანმა საწვრთნელმა შეკრებამ და იქ გამართულმა ტესტ-მატჩებმა; ასევე - ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობამ. ჩვენი გუნდი აქედანვე ემზადება 2013 წლის ევროპის პირველობისთვის. წლეულს, საქართველოს ჩემპიონატის გარდა, შესაძლოა, 1996-97 წლებში დაბადებულმა წყალბურთელებმა აგვისტოში რუსების, თურქებისა და ჩერნოგორიელების პირისპირ ყაზანის საერთაშორისო ტურნირშიც მოსინჯონ ძალები".

გია ნაცვლიშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: მეორე წელიწადია, თვალყურს ვადევნებ ამ ბიჭების თამაშს. მისასალმებელია პროგრესი, რასაც გუნდმა მიაღწია. თუ ასე განაგრძეს, არ არის გამორიცხული, 2014 წელს ქართველი წყალბურთელები თანატოლთა შორის არა მარტო ევროპის პირველობის ფინალში მოხვდნენ, არამედ საპრიზო ადგილებისთვისაც იბრძოლონ და წყალბურთში საქართველოს დიდი გუნდის ჩამოყალიბებასაც ჩაუყარონ საფუძველი.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს ასაკი პრიორიტეტულია და ამიტომაც დავაფინანსეთ თბილისის ტურნირი. ამ ნაკრებში ოთხი-ხუთი ისეთი წყალბურთელი თამაშობს, მათგან ევროპული დონის სპორტსმენი უნდა დადგეს. ასე რომ, მჯერა, ორ-სამ წელიწადში კონკურენტუნარიანი ეროვნული ნაკრები გვეყოლება.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული