საწყლოსნო სახეობებს არჩილ გეგენავა უთავკაცებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომელმაც საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

ფედერაციის უწინდელმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბითაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით ვადამდე დატოვა.

დელეგატებმა ოთხი წლით ფედერაციის პრეზიდენტად ყოფილი წყალბურთელისა და 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის დირექტორის, არჩილ გეგენავას კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

ასევე, დასახელდა ფედერაციის გამგეობის ახალი შემადგენლობა. მისი წევრები (არჩილ გეგენავა, რევაზ ჩომახიძე, ლერი გოგოლაძე, ვლადიმერ ისელიძე, მურთაზ გულედანი, ალექსანდრე ბითაძე, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ირაკლი ბართაია, დაჩი გელაძე) თავიანთ სხდომაზე, ყრილობის ნდობის მანდატით, ვიცე-პრეზიდენტებსა და
გენერალურ მდივანს აირჩევენ.

არჩილ გეგენავა: "ბოლო წლებში საგრძნობი წინსვლა გვაქვს წყალბურთში, ცურვასა და წყალხტომაში, ნაკლებად - სინქრონულ ცურვაში. ჩვენი ამოცანაა, ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს საწყლოსნო სახეობებს გააჩნია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ამ სახეობების უწინდელი წარმატებები და ტრადიციები მალე დავაბრუნოთ.

სექტემბრამდე ჩვენ გვექნება ის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით ნათელი გახდება, როგორ და რა დროში ვაპირებთ ამ ამოცანების შესრულებას. მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას. ვეცდები, ნდობა გავამართლო და საწყლოსნო სახეობების წინს
ვლას შევუწყო ხელი".

მურთაზ გულედანი: "ბატონმა არჩილმა თავის გამოსვლაში ჩვენი ფედერაციის წარსული და მომავალი დევიზად ჩამოაყალიბა: ვაკეთებდით კარგად, მაგრამ უნდა გავაკეთოთ უკეთესად.

მართლაც, ბოლო წლებში სწრაფი ტემპით შევძელით ევროპაში ინტეგრაცია. შევქმენით წყალბურთელთა სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდები, აღვადგინეთ წყალბურთელთა თბილისის საერთაშორისო ტურნირი, საკლუბო დონეზე ვუმასპინძლეთ ევროპის თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდებს, არცთუ ურიგოდ ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე შინ და გარეთ.

ცურვაში ირაკლი ბოლქვაძემ ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა და ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.

ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე მცირედი დააკლდა წყალმხტომელ ჭოლა ჭანტურიას. ასე რომ, გარკვეული წინსვლა არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ოთხივე სახეობის განვითარებას თანაბარი და მეტი ყურადღება მიექცევა, რაც მომავალ წარმატებათა საწინდარი გახდება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული