მინიწყალბურთი: ლიგამუსმა და ივერიამ მეტოქეები ჩაძირეს

AutoSharing Option
"ლაგუნა ვერემ" მეორედ უმასპინძლა სახელოვანი ქართველი მწვრთნელების _ როსტომ ჩაჩავას და ვლადიმერ ბარნაბიშვილის მემორიალს მინიწყალბურთში, რომლის ინიციატორები არიან ვეტერანი წყალბურთელები ზურაბ ჩაჩავა და ვლადიმერ გოიაშვილი. ტურნირში 15 გუნდი ჩაება ორ ასაკობრივ ჯგუფში. პირველი დღის შედეგები უკევ გაუწყეთ. ასპარეზობის მეორე დღეს უმცროს ასაკში (1997-1998 წლებში დაბადებულნი) პაექრობები ასე დამთავრდა: ლიგამუსი-ასკ 2:0, ივერია (2)-ტონუსი 2:1, ბათუმი(2)-ბათუმი (1) 2:0. გუშინ "ივერია-1"-მა "ბათუმი-2" დაამარცხა, არმიის სასპორტო კლუბმა "ტონუსს" სძლია, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთის კლუბ "ლიგამუსის" წევრებმა (ირაკლი რაზმაძე, მამუკა თუხარელი, რეზო იმნაიშვილი, გიორგი
ჭედია, ლევან მოსაშვილი, ლაშა ბერიშვილი, გიორგი თურქია, ზურაბ კვირკველია, ჯემალ ზამბახიძე, მწვრთნელი სოსო მაისურაძე) "ივერია-2"-ს მოუგეს 2:0 და ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვეს.

_ საწყლოსნო კომპლექსის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით მემორიალი ამჯერადაც მაღალ დონეზე ჩავატარეთ, _ გვითხრა "ლაგუნა ვერეს" დირექტორმა ვლადიმერ გოიაშვილმა. _ წლეულს მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. სამი გუნდი ჩამოიყვანა ბათუმმა. მინიწყალბურთი დინამიური სპორტის სახეობაა და გულშემატკივარს იზიდავს. რაც მთავარია, წყალბურთელებს ტექნიკისა და ტაქტიკის დახვეწაში დაეხმარება. დარწმუნებული ვარ, ეს სახეობა საერთაშორისო სარბიელზე მალე დაიჭერს სათანადო ადგილს. მადლობა ყველას, ვინც ამ შეჯიბრების გამართვაში დაგვეხმარა. მადლობა ჩვენს ამერიკელ თანამემამულეს, ყოფილ წყალბურთელსა და საერთაშორისო არბიტრს ვახტანგ მებუკეს, რომელმაც ტურნირის მთავარი პრიზი და მისი ასლები გამოგვიგზავნა. მჯერა, რომ ჩაჩავას და ბარნაბიშვილის მემორიალი ტრადიციული იქნება და მომავალში მეტი მონაწილეც გვეყოლება.

შეჯიბრებას საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე და ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძეც ესწრებოდნენ. მათაც ვთხოვე აზრის გამოთქმა.

ალექსანდრე ბითაძე: _ მოზარდებისთვის რაც უფრო მეტ ტურნირს ჩავატარებთ, მით უკეთესი, რადგან ეს მათს დაოსტატებას წაადგება. მარტო წვრთნა დიდ სპორტსმენს ვერ გაზრდის, სათამაშო პრაქტიკაა საჭირო.

_ შვიდი ოქტომბრიდან საკლუბო გუნდების ლენტროფის გათამაშების პირველ რაუნდს ვუმასპინძლებთ. ამის შესახებ რას იტყვით?
_ ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველად ვიასპარეზებთ ევროპის საკლუბო ჩემპიონატში. ძალიან ძლიერი გუნდები გვეწვევა. იტალიის "პოსილიპო" ევროლიგის სამგზის გამარჯვებულია, ხუთჯერ აქვს მოგებული ლენტროფი და სუპერთასი, სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ასევე წარმატებული გუნდებია ბუდაპეშტის "ჰონვედი" და საფრანგეთის "ნიცა". თურქებმა ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავეს და წყალბურთი მათთან ახლა აღმავლბას განიცდის. ისრაელის კლუბზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან მათზე მწირი წარმოდგენა გვაქვს. ყოველივეს მიუხედავად, "ლიგამუსი-თბილისი" ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლებს, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი იქნება.

რევაზ ჩომახიძე: _ მოზარდების თამაშით მეც მოვიხიბლე. ბევრი ნიჭიერი მოზარდის გვარი ჩავინიშნე ჩემს წიგნაკში. ზოგიერთ მათგანს ახალგაზრდულ ნაკრებში მოვიწვევთ. ჭაბუკებში სამი ნაკრები უკვე გვყავს, ახლა მათ დაემატება 1997-1998 წლებში დაბადებულთა გუნდი. ჩვენი მიზანია, ეროვნულ ნაკრებს საიმედო ცვლა მოვუმზადოთ. ასეთი ტურნირები კი მათ დასაოსტატებლად გამოადგებათ. დიდი მადლობა მემორიალის ორგანიზატორებს.

_ ქართველ გულშემატკივრებს რევაზ ჩომახიძის არა მხოლოდ მწვრთნელის ამპლუაში, არამედ, აუზში ნახვაც სურთ...
_ მათ ამის საშუალება 7-10 ოქტომბერს ექნებათ "ოლიმპიკის" საწყლოსნო კომპლექსში, სადაც ლენტროფის პირველი რაუნდი გაიმართება. უკვე გადაწყვეტილია, რომ "ლიგამუსი-თბილისის" შემადგენლობაში ვითამაშებ და ახალგაზრდულ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. არ არის გამორიცხული, 30 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებშიც ვითამაშო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, რომელიც, ასევე, თბილისში გაიმართება. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს და, იმედია, გულშემატკივრებს იქაც არ გავაწბილებ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ავტორის ფოტო


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული