ლენ ტროფი სამი მატჩით გახანგრძლივდა

AutoSharing Option
ლენ ტროფის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დედაქალაქის მერიის გაერთიანებულმა გუნდმა "ლიგამუსი-თბილისმა" პროგრამა მინიმუმი შეასრულა _ თასის გათამაშების მეორე ეტაპზე გავიდა. ასპარეზობის ფავორიტებთან _ უნგრეთის "პონვედთან" და იტალიის "პოსილიპოსთან" დებიუტანტის გამარჯვება თავიდანვე გამოირიცხა. რჩებოდა კიდევ ერთი გუნდი _ საფრანგეთის "ოლიმპიკი", რომლის დამარცხებით მასპინძლებს ქვეჯგუფში საპატიო მესამე ადგილის დაკავების შესაძლებლობა ეძლეოდათ. თუმცა, გავიმეორებთ, რომ პრაქტიკულად ეს არაფერს ცვლიდა.

ფრანგები თავისი ქვეყნის რვაგზის ჩემპიონები და ოთხგზის თასის მფლობელები არიან. რეგულარულად მონაწილეობენ ევროლიგისა და ლენტროფის გათამაშებაში,
ამიტომ საერთაშორისო ტურნირებში პაექრობის სოლიდური გამოცდილება აქვთ.

მატჩის დასაწყისშივე მასპინძლებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და რემი სოდადიემ ანგარიში გახსნა. მალევე ბექა ქენქაძემ ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი თავისი გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა მე-6 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. პირველი პერიოდის ბოლო წამებზე ზურაბ ჭუმბურიძემ ორჯერ იხსნა საკუთარი კარი გოლისაგან.

მეორე-მესამე პერიოდში ქართველ წყალბურთელთა უპირატესობა აშკარა იყო და 6:3-ითაც დაწინაურდნენ. თითქოს მესამე გამარჯვების კონტურებიც გამოიკვეთა, მაგრამ თურმე სხვაგვარად ფიქრობდნენ ფრანგები, რომლებსაც იმ დღეს ავადმყოფობის გამო სამი წყალბურთელი აკლდათ. ბოლო პერიოდში სამფეროვნებმა სისწრაფეს უმატეს, მასპინძლები აიძულეს, უფრო ხშირად დაეშვათ შეცდომები, უნაკლოდ იყენებდნენ რიცხობრივ უპირატესობას და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც 9:8. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა მეტოქის ძლევა თუ არა, მატჩის გადარჩენა მაინც, რადგან საფინალო სასტვენამდე წუთნახევრით ადრე ჩვენები წინ იყვნენ - 8:7. პაექრობის შემდეგ "ოლიმპიკის" თავკაცმა სამუელ ნარდონმა მითხრა კიდეც, თქვენს ბიჭებს ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ, ამ შეხვედრას აუცილებლად მოიგებდნენო. "ამ მარცხით არაფერი შავდება. კარგი გუნდი გყავთ, პერსპექტიული. დიდი მუშაობაა საჭირო და წარმატებებიც მოვა", _ დასძინა ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა...

ოლიმპიკის აუზი, 9 ოქტომბერი.
ლიგამუსი-თბილისი (საქართველო)-ოლიმპიკი (საფრანგეთი)
8:9 (2:2, 2:1, 2:0, 2:6)

ლიგამუსი-თბილისი: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე (2), გურამ კოტარია, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე (1), მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა (1), კოტე გეგელაშვილი (1), ტატო ნიკოლეიშვილი (2), ბექა ქავთარაძე, ივან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.
ოლიმპიკი: ბენუა ბრი, არნო ჟაბლონსკი, რემი სოდადიე, დანიელ ჟაკაბი, ტომა როდინი, მიშალ იზდინსკი, ლორის ჟელეფი, კოულ ბიელსკისი, ალექსანდერ შევალიე, მთავარი მწვრთნელი სამუელ ნარდინი.

მეოთხე ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა:

ენკა (სტამბოლი)-ასა (თელ ავივი) 10:11, (2:2, 4:3, 4:2, 0:4).

ჰონვედი (ბუდაპეშტი)-პოსილიპო (ნეაპოლი) 8:9 (3:3, 2:2, 2:1, 1:3).

გუშინ "ოლიმპიკის" აუზში A ჯგუფის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ორთაბრძოლები გაიმართა, რომელთა ანგარიშებს სატურნირო ცხრილში, ფაქტობრივად, კორექტივები არ შეუტანია, რადგან მე-2 რაუნდში გამსვლელი ოთხეული გარკვეული იყო. ამდენად, მოტივაციადაკარგულ გუნდებს სპორული ჟინი მეტნაკლებად შემორჩათ, ალბათ, იმ მრავალრიცხოვანი მაყურებლის ხათრით, რომელიც ორთაბრძოლებს არ მოკლებია. "ლიგამუსი-თბილისის" მეტოქე იყო იტალიის "პოსილიპო", რომელიც 1925 წელს დაუარსებიათ და ერთ დროს კლუბის საპატიო პრეზიდენტი ბენიტო მუსოლინი ყოფილა. გუნდს თერთმეტჯერ აქვს ქვეყნის ჩემპიონობა მოგებული, სამგზის ევროლიგის, ორჯერ ლენ ტროფისა და ერთხელ სუპერთასის გამარჯვებულია. დაგვეთანხმებით, ასეთ კლუბთან თამაშიც საპატიოა.

ოლიმპიკის აუზი, 10 ოქტომბერი.
ლიგამუსი-თბილისი (საქართველო)-პოსილიპო (იალი)
9:15 (2:1, 1:4, 2:5, 2:5)
ლიგამუსი-თბილისი: ზურაბ ჭუმბერიძე, ბექა ქენქაძე, გურამ კოტარია (1), იოვან პოპოვიჩი (1), მარკო კორდიჩი (1), გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე (2), მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (1), კოტე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილ (2), ბექა ქავთარაძე (1), ივან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.
პოსილიპო: ტომაზო ნეგრი, ტიმოთი ჰუტენი (4), ამაურის პერესი, ჯულიანო მატიელო, მარინ ბანი, ჯანმარკო ჯიდალდი, ვალენტინო გალო (2), ვინცენცო რენცუტო, ზენო ბერტოლი, ფაბიო ბარალდი (3), ფარიდე საჩოია (4), ჯანლუკა კაპუჩიო, მთავარი მწვრთნელი _ 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი კარლო სილიპო.

ალბათ, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონის კარლო სილიპოს შეგირდებს ჩვენი ბიჭები სათანადო წინააღმდეგობას გაუწევდნენ. არადა, მასპინძლებმა პირველი პერიოდი მართლაც შემართებით ითამაშეს და 2:1 მოიგეს. აი, მეორე პერიოდიდან კი იტალიელებმა თანდათან ხელთ იგდეს მატჩის სადავეები და მე-5 გამარჯვება იზეიმეს _ 15:9. წინა ტურში "პოსილიპოსთან" დამარცხებულმა "ჰონვედმა" (უნგრეთი) ჯავრი ენკა-ზე (თურქეთი) იყარა _ 19:0, "ოლიმპიკმა" (საფრანგეთი) კი ასას (ისრაელი) სძლია _ 11:5.

ტურნირზე საბოლოდ ადგილები ასე განაწილდა

თ მ ფ წ ბ ქ
პოსილიპო (იტალია) 5 5 0 0 70:30 15
ჰონვედი (უნგრეთი) 5 4 0 1 74:23 12
ოლიმპიკი (საფრ.) 5 3 0 2 44:42 9
ლიგამუსი(თბილისი) 5 2 0 3 63:49 6
ასა (ისრაელი) 5 1 0 4 31:73 3
ენკა (თურქეთი) 5 0 0 5 21:86 0

ზვიად დავითიანი: "შედეგით უკმაყოფილო არ ვარ, პროგრამა მინიმუმი შესრულდა _ ლენ ტროფის მეორე რაუნდში გავედით და იქ კიდევ სამ მატჩს გავმართავთ, რაც ოსტატობის ამაღლებაში დაგვეხმარება. სხვა საქმეა, რომ გათამაშების ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა აწევა შეგვეძლო, "ოლიმპიკისთვის" რომ მოგვეგო. არადა, წარმატებასთან ახლოს ვიყავით. ეტყობა, ბოლო პერიოდში ფრანგები უკეთ განეწყვნენ სათამაშოდ და მეტი მოინდომეს. გეთანხმებით, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ სპორტი სპორტია და დაზღვეულები არ ვართ. მით უმეტეს, თუ გუნდი გამოუცდელია.

ვინც თამაშებს უყურებდა, შეამჩნევდა, ბიჭებმა ტურნირის ბოლოსთვის საკმაოდ მოუმატეს. ეს კარგია, რადგან `ლიგამუსი-თბილისი~ ეროვნული გუნდის ძირითად ბირთვს წარმოადგენს. საქართველოს ნაკრებს კი 30 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი აქვს დიდ ბრიტანეთთან. ვეცდებით, მანამდე ხარვეზები აღმოვფხვრათ. მადლობა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის ხელმძღვანელობას, რომლებმაც მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად ყველა პირობა შეგვიქმნეს".

დეიან პერისიჩი (სერბეთი), საკვალიფიკაციო ტურნირის დელეგატი: "მოხარული ვარ, რომ საქართვალოში ვიმყოფები, როგორც ლენ-ის ოფიციალური წარმომადგენელი. საქართველო პირველად მასპინძლობს საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდს, მაგრამ შეჯიბრების ორგანიზაციითა და მასპინძლობით ყველანი ისე ვართ აღფრთოვანებული, რომ თავს უცხოდ ნამდვილად არ ვგრძნობთ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რამდენჯერმე ვიყო ნამყოფი თბილისში.
ქართულ წყალბურთზე საკმარისი წარმოდენა მაქვს. მსმენია თქვენს საუკეთესო სპორტსმენებზე. კერძოდ, ჩიქვანაიაზე, მშვენიერაძეებზე, თავად მინახავს ჩომახიძის თამაში. შარშან ევროპის B ჩემპიონატის მატჩებს ვესწრებოდი ჯერ მალტაში, შემდეგ შვეიცარიულ ლუგანოში, სადაც თქვენს ნაკრებს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. რაც შეეხება ამ ტურნირზე "ლიგამუსი-თბილისის" ასპარეზობას, დებიუტანტის კვალობაზე ახლადშექმნილი გუნდისთვის ლენ ტროფის მეორე ეტაპზე გასვლა სულაც არ არის ურიგო. ახალგაზრდა წყალბურთელებითაა დაკომპლექტებული და წარმატებული მომავალი ექნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული