გასულ შაბათს წყალბურთის, ცურვის, წყალხტომისა და სინქრონული ცურვის წარმომადგენლები სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ ყოფილი წყალბურთელები - ნოდარ კურტანიძე, ალექსანდრე ბითაძე, მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხომასურიძე, რომლებმაც აღნიშნეს ბოლო წლებში მიღწეული დადებითი ძვრები.
კერძოდ, სამი წელიწადია, ეროვნულ ჩემპიონატებთან ერთად, სხვადასხვა ასაკში ტარდება წყალბურთელთა საქართველოს პირველობები; "ლიგამუსი-თბილისი" ორი წელიწადი ლენტროფზე გამოდიოდა, წლეულს კი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს; 17 წლის მოცურავე დავით ბოლქვაძემ
წარმატებით გამოდიან საერთაშორისო შეჯიბრებებში წყალმხტომელები. 2014 წელს თბილისი ახალგაზრდა წყალბურთელთა ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ითქვა ისიც, რომ საცურაო აუზები გაიხსნა საჩხერეში, რუსთავში, ახალქალაქში, მაგრამ ისეთი ტრადიციების მქონე ქალაქებს, როგორებიცაა - ქუთაისი და ბათუმი, აუზები არა აქვთ; არადა, სწორედ ამ ქალაქებიდან იღებდა ცურვა და წყალბურთი ღირსეულ ცვლას.
ხომასურიძემ ისიც დასძინა, რომ თურქი ბიზნესმენი გვეხმარება, რამდენიმე შეჯიბრება დაგვიფინანსა, ქართველებს კი არ ვახსოვართო.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ფედერაციის პრეზიდენტობაზე შვიდ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი, თუმცა წინა დღეს ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
გიორგი ჩხეიძემ და ვლადიმერ ისელიძემ ყრილობაზე დავით რურუას, ხოლო ნოდარ კურტანიძემ რევაზ ჩომახიძის სასარგებლოდ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები.
54 დელეგატისა და მოწვეულთა წინაშე პროგრამებით წარსდგნენ რურუა, ჩომახიძე და გიორგი გორდელაძე. ფარული კენჭისყრით ხმები ასე განაწილდა: რურუა - 22, გორდელაძე - 18, ჩომახიძე - 12. ორი ბიულეტენი გაბათილდა.
ამდენად, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას დავით რურუა უხელმძღვანელებს, რომელიც ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის კანდიდატურებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს გამგეობას დასამტკიცებლად.
ყრილობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"