დამირ ცრეპულია - საქარეთველოს ნაკრების ნატურალიზებული წყალბურთელი

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თბილისის ტურში საქართველოს ნაკრებმა სამ მეტოქეს სძლია, ერთი შეხვედრა ფრედ დაამთავრა და პირველი ადგილი დაიკავა.

"ჯვაროსანთა" გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნატურალიზებული თავდამსხმელი დამირ ცრეპულია, რომელმაც მოწინააღმდეგეთა კარში 11 ბურთი გაიტანა.

29 წლის ჩერნოგორიელი წყალბურთელი ამჟამად ბუდვაში ცხოვრობს და ადგილობრივი კლუბის შემადგენლობაში ხორვატ, ჩერნოგორიელ და სლოვაკ წყალბურთელებთან ერთად ადრიატიკის თასის გათამაშებაში მონაწილეობს. მისი გუნდი მე-4 ადგილზეა.

- შვიდი წლის ვიყავი, ცურვაზე რომ დავიწყე სიარული,
- გვითხრა ცრეპულიამ. - მერე წყალბურთზე გადავინაცვლე და ორი ათეული წელიწადია, სპორტის ამ სახეობისთვის არ მიღალატია. თავიდან "პრიმორაცში" გამოვდიოდი, მერე - იადრანის "ჰერცეგნოვიში", ერთი წელიწადი საუდის არაბეთის "არ-ახლის" შემადგენლობაში ვიყავი, ახლა "ბუდვაში" ვარ.

- გვსმენია, წარმატებებისთვისაც არაერთხელ მიგიღწევიათ.
- "პრიმორაცში" 10 წელიწადი ვითამაშე. ორჯერ ჩერნოგორიის ჩემპიონი გავხდი, ერთხელ ქვეყნის თასი მოვიპოვე, ევროპის ჩემპიონთა თასზე მეორე ადგილზე გავედი. 2008 წლის ადრიატიკის ჩემპიონი ვარ. ექვსი წლით ადრე კი ახალგაზრდების ევროპის პირველობა მოვიგე.

- საქართველოს ნაკრებში როგორ აღმოჩნდით?
- იოვან პოპოვიჩთან ერთად "პრიმორაცის" შემადგენლობაში კარგა ხანს გამოვდიოდი. ახლოს ვიცნობ ზვიად დავითიანსაც. ორი წლის წინათ მათ მთხოვეს, საქართველოს მოქალაქეობა მიმეღო და ქვეყნის ნაკრებში მეთამაშა.

დავთანხმდი. მართალია, მერე მაკედონიიდან უფრო სარფიანი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ სიტყვას როგორ გავტეხდი, მეგობრებს ხომ არ ვუღალატებდი. თბილისს პირველად შარშან ვეწვიე და საერთაშორისო ტურნირშიც ვიასპარეზე.

- ამ შესარჩევ ეტაპზე რას იტყვით?
- თბილისის ტურში სერიოზული მეტოქეები გვყავდა. განსაკუთრებით სლოვაკეთის ნაკრები მინდა გამოვყო. ამ გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა თითქმის 10 წელიწადია, ერთად თამაშობს და ბიჭებს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ამიტომაც მიიჩნეოდნენ A ჯგუფის ფავორიტებად.

ბრიტანელებსაც ჩვენსავით ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ, მაგრამ შეთამაშება მოასწრეს, რადგან ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პერიოდში ბევრ ქვეყანაში იასპარეზეს, ახლაც არანაკლებს მოგზაურობენ და მიზანსაც აღწევენ.

ჩვენი ნაკრების შედეგებით კმაყოფილი ვარ. ერთად გამოსვლის მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, სლოვაკეთსაც მოვუგებდით.

ალბათ, ეს დროც მალე მოვა. შესარჩევ ეტაპზე ურიგო სტარტი არ აგვიღია. ვფიქრობ, პლეი ოფის საგზურის მოპოვება არ უნდა გაგვიჭირდეს, თუმცა მანამდე კიდევ ორი რაუნდია გასავლელი.

- აქაურობას როგორ შეეწყვეთ?
- მართალია ვარჯიშებსა და მატჩებს შორის შუალედში თავისუფალი დრო ცოტა გვქონდა, მაგრამ თბილისისთვის ცალი თვალის გადავლება მაინც მოვასწარი. ლამაზი ქალაქია.

ხალხი, როგორც ჩერნოგორიაში, სტუმართმოყვარე და ყურადღებიანია. გემრიელი კერძები გაქვთ, ნაირგვარიც. ხაჭაპურიც გავსინჯე, მწვადიც, ხინკალიც, მაგრამ, არ გაგეცინოთ და, ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენებური სუპი მომენატრა...

- საქართველოს სახელით ასპარეზობა კიდევ როდის მოგიწევთ?
- ალბათ, ივნისში - თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ივლისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული