საქართველოს წყალბურთელებმა თბილისში მიმდინარე ტურნირი მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" ახალგაზრდა წყალბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირს - ცნობილი ქართველი წყალბურთელის, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ ნოდარ გვახარიას თასის ტრადიციულ გათამაშებას მასპინძლობს, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობს: საქართველო, ყაზახეთი, ისრაელი და ჩეხეთი.

26 აპრილს პირველი ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

საქართველო - ყაზახეთი 9:8
(1:2, 2:0, 3:4, 3:2)
საქართველო: ჭოლოკავა, ჩიკვაიძე (3), რევია (1), იმნაიშვილი, გაბადაძე (1), ბითაძე (1), ჯახაია (2), ზაქარეიშვილი (1), ჯანჯღავა, მაგრაქველიძე, მოსაშვილი, მარგველაშვილი, რაზმაძე, მწვრთნელები - პოპოვიჩი და ბაქრაძე.
ყაზახეთი: ლოპატკინი, ცოი (2), საფიულინი, შამშატი, ავბაკიროვი (2), მურზახმეტი, ეშპაევი,
ბერბელიუკი (1), ალტაევი (3), კარმანოვი, ბოგომოლოვი, სიდოროვი, ბეზრუკოვი, მწვრთნელები - კნიაზევიჩი, მასლიუკი.

ტურნირის დაწყებამდე სპეციალისტები ფავორიტებად მასპინძლებსა და ყაზახებს მიიჩნევდნენ, ამიტომ პირველსავე ტურში მათი დაპირისპირება ქომაგებს საინტერესო ორთაბრძოლას ჰპირდებოდა, არც შემცდარან.

პაექრობა ქართველი წყალბურთელების შეტევებით დაიწყო და მე-2 წუთზე ჯახაიამ ანგარიში გახსნა.

თუმცა მალევე სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ალტაევმა წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდის მე-7 წუთზე მანვე თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე რვაწუთიანი მონაკვეთის დასაწყისში ჩიკვაიძემ ანგარიში გაათანაბრა. ერთი წუთის შემდეგ კი გაბადაძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. პერიოდიც ასე დასრულდა - 2:0.

არადა, მასპინძლებს სამჯერ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. მე-3 პერიოდის პირველსავე წამებზე ჩვენი გუნდის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბითაძემ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

წაგების საფრთხემ ყაზახი წყალბურთელები გამოაფხიზლა: თავს უკეთ იცავდნენ და უფრო მძაფრადაც უტევდნენ, რამაც შედეგი გამოიღო - მესამე პერიოდის შემდეგ ანგარიში გახდა 6:6.

ყველაფერი ბოლო რვაწუთიან მონაკვეთს უნდა გადაეწყვიტა. მასპინძლებმა უფრო ზუსტად ითამაშეს - მათს სამ გოლს სტუმრებმა მხოლოდ ორით უპასუხეს. ქართველმა წყალბურთელებმა გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერეს.

ისრაელი - ჩეხეთი 15:5
(3:1, 5:2, 3:2, 4:0)
ისრაელი: დიმენშტეინი, უსაჩოვი (3), გროსი (3), გარმონი, შეჩტერი (1), იაკობი (1), ნავე, მარჩიანო (4), კოტერი, იუსიპოვიჩი, დვირი, გრანდლენდი (3), სრარი. მწვრთნელი ვინბერგი.
ჩეხეთი: კოჩი, რაზლი, შედივი, ბოხმი, პეტრასი, პერესი, ბრენერი (1), ჯიროტა, ნეზღუდა, შემრადი (1), ბისეკი, ვიპეკი, ხადამსიკი (3), მწვრთნელი ჯედლიკა.

შეხვედრის პირველი წუთებიდანვე უპირატესობას ებრაელი წყალბურთელები დაეუფლნენ და საფინალო სასტვენამდე მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ.

ჩეხებმა მესამე პერიოდში სცადეს მდგომარეობის გამოსწორება და მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხებას მაინც ვერ გადაურჩნენ.

27 აპრილს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება: ყაზახეთი-ჩეხეთი (17.30), საქართველო-ისრაელი (19.00).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული