ქართველმა წყალბურთელებმა ევროპირველობის ფინალის საგზური მოიპოვეს

AutoSharing Option
ოთხი შეხვედრიდან სამი მოგება და ერთი ფრე - ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს ახალგაზრდულმა წყალბურთელთა ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი და ფინალის საგზური მოიპოვა.

ამ შეჯიბრებას კი წლეულს, 8-15 სექტემბერს მალტა უმასპინძლებს.

გადამწყვეტი რაუნდის 8-დან ორი საგზური თბილისში გათამაშდა. საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში ხუთი ნაკრები ეცილებოდა ერთმანეთს.

როგორც გაუწყეთ, ფავორიტებად გერმანიას, ჰოლანდიას და სლოვაკეთს მიიჩნევდნენ, მაგრამ იოვან პოპოვიჩისა და ირაკლი ბაქრაძის შეგირდებმა სპეციალისტთა ვარაუდი თავდაყირა დააყენეს.

მეორე ტურში სლოვაკებს სძლიეს, შაბათს კი გადამწყვეტი პაექრობა გერმანელებთან გამართეს.

საქართველო-გერმანია 7:7
0:2, 2:2, 2:3, 3:0
საქართველო:
ჭოლოკავა, ჩიკვაიძე (4), რევია (1), იმნაიშვილი, გაბადაძე, ბითაძე, ჯახაია (1), ზაქარეიშვილი (1), მოსაშვილი, მაგრაქველიძე, ჯანჯღავა, თუხარელი, რაზმაძე. მწვრთნელები - პოპოვიჩი, ბაქრაძე.
გერმანია: ტომი, ჰუბერი, რეინჰარტი, სტრაბი, შმელენკამპი (1), ბორეკი, მოოგი (1), კუპერსი (3), ბოფენი (1), მიულერი (1), ზოსკე, კორბელი, ნობლერი. მწვრთნელები: ვიტენბერნდსი, ლაუბე.

ამ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვებული ევროპის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს ნაადრევად დაიბევებდა.

ფავორიტად, როგორც ვთქვით, გერმანელებს მიიჩნევდნენ და რომ არც უსაფუძვლოდ, ეს პირველსავე პერიოდში გამოჩნდა: ალემანებმა ჩვენს ბომბარდირებს - ანდრო ბითაძესა და ხვიჩა ჯახაიას კარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაუკეტეს. სამაგიეროდ, თავად უტევდნენ სახიფათოდ და მე-2 წუთზე მოოგმა სტუმრები დააწინაურა. ექვსი წუთის შემდეგ მიულერმა მეორე ბურთი გაიტანა.

მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი უფრო დაძაბული აღმოჩნდა და ფრედ - 2:2 დამთავრდა. მესამე პერიოდში გერმანელებმა ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდეს.

მასპინძლები მარცხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. ეტყობა, ამან გამოაფხიზლა პოპოვიჩის შეგირდები, რომლებმაც ბოლო რვაწუთიანი მონაკვეთი, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარეს: კარგად იცავდნენ თავს და შეტევებისას ჩიკვაიძის სამმა ზუსტმა დარტყმამ ჩვენი გუნდი წაგებისგან იხსნა. საბოლოოდ ფრე - 7:7.

მოლდოვა - სლოვაკეთი 7:19
0:8, 4:4, 1:5, 2:2
მოლდოვა: სტარსი, მუტუ, კავკალიუსი, ვალნოვში, ფლორეა (2)7 რემბიტჩი (1), კლუმაკი (2), პრიშეპოვი, ვერტესი (1), სოსინოვი (1), ერმოლაევი, კობილეანი, როგულში. მწვრთნელები - ოსტროვში, სტიკალო.
სლოვაკეთი: სომსაგი, ჰალუშკა, კულჩარი, დილი (2), კოვაჩი (1), პატრიკ ტკაჩი (3), მაროშ ტკაჩი (5)7 რიბნიკარი, კაბადაი (1), მეჩიაკი (2), დეკანი (4), ბიბენი (1), სვოლენსკი. მწვრთნელები: გოდაჩი, ზიბოლენი.

გერმანია - სლოვაკეთი 6:6
1:2, 2:0, 2:4, 1:0
გერმანია: ტომი, ჰუბერი, რეინჰარტი, სტრაბი, შმელენკამპი, ბორეკი (1), მოოგი (2), კუპერსი, ბოფენი (1), მიულერი, ზოსკე (1), კორბელი (1), ნობლერი. მწვრთნელები - ვიტენდერნდსი, ლაუბე.
სლოვაკეთი: სომსაგი, ჰალუშკა, კულჩარი, დილი, კოვაჩი, პატრიკ ტკაჩი, მაროშ ტკაჩი (2), რიბნიკარი, კაბადაი, მეჩიარი (1), დეკანი (2), ბიბენი (1), ზვოლენსკი. მწვრთნელები - გაიდაჩი, ზიბოლენი.

საქართველო - ჰოლანდია 10:9
2:3, 4:2, 2:0, 2:4
საქართველო: ჭოლოკავა, ჩიკვაიძე, რევია (1), იმნაიშვილი (2), გაბადაძე, ბითაძე (3), ჯახაია (1), ზაქარეიშვილი (2), მოსაშვილი (1), მაგრაქველიძე, ჯანჯღავა, თუხარელი, რაზმაძე. მწვრთნელები - პოპოვიჩი, ბაქრაძე.
ჰოლანდია: ვან როუსმი, ვერმეულენი, დენტრო, შმელტი (2), ვან ზანიენი, კრიგსმანი, სპიროსი, იანსენი (1), ჰაასნოოტი (4), დე რიელე (1), ვან დენ ბურგი (1), ბუდინგი, ჰენრიხი. მწვრთნელები - ბოროში, ტოლენაარი.

მასპინძლებმა მატჩის დაწყებამდე იცოდნენ, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის ფრეც ხელს აძლევდათ, რამაც ორთაბრძოლის დასაწყისში მათზე ცუდად იმოქმედა - სტუმრები 3:2 დაწინაურდნენ.

პოპოვიჩის შეგირდებმა მეორე პერიოდში გამოასწორეს მდგომარეობა, საბოლოოდ კი 10:9 გაიმარჯვეს და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

სატურნირო ცხრილი

მ ფ წ ბ ქ
საქართველო 3 1 0 46:27 10
გერმანია 2 2 0 36:20 8
სლოვაკეთი 1 2 1 36:32 5
ჰოლანდია 1 1 2 25:32 4
მოლდოვა 0 0 4 21:53 0

აპოსტოლოს ცანტასი, ტურნირის დელეგატი (საბერძნეთი): "საქართველოში მეორედ ჩამოვედი. პირველად თქვენს ქვეყანას აპრილის მიწურულს "ნოდარ გვახარიას თასის" გათამაშებისას ვეწვიე. მაშინაც და ახლაც ტურნირების ორგანიზება ფანტასტიკურია.

ეს არ არის გადამეტებული შეფასება: 78 წლის კაცს, რომელსაც 5 ოლიმპიურ თამაშებში მიმსაჯია და 12 წელიწადი წყალბურთში მსოფლიო მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტი ვიყავი, ალბათ, დამეჯერება.

დიდი მადლობა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას და იმ ადამიანებს, რომლებმაც შეჯიბრების მონაწილეებს ასპარეზობისა და დასვენების შესანიშნავი პირობები შეუქმნეს.

რაც შეეხება ტურნირს, მართალი გითხრათ, ფავორიტებად გერმანია და ჰოლანდია მიმაჩნდა.

საქართველოს ნაკრებმა სიურპრიზი შემოგვთავაზა - მისმა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნიჭიერი წყალბურთელები გყავთ. ამ ბიჭებს სათანადო ხელშეწყობა თუ ექნებათ, მალე მთელ მსოფლიოს აალაპარაკებენ"
.

დავით რურუა, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: "2010 წლიდან თბილისის "ოლიმპიკმა" მაღალ დონეზე უმასპინძლა სამ-სამჯერ დედაქალაქისა და "ნოდარ გვახარიას თასების" გათამაშებას, ორჯერ ლენტროფისა და ერთხელ ევროლიგის ტურნირებს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ასპარეზობას. ამიტომაც დაგვრთეს ახალგაზრდებში ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირის მასპინძლობის უფლება.

უფრო მეტიც, გაისად თბილისში 1995-96 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უნდა გაიმართოს. 15 ქვეყნის უძლიერესი გუნდები გვეწვევიან. იმ შეჯიბრებისთვის მარტო "ოლიმპიკის" ბაზა საკმარისი არ იქნება, რადგან ორი აუზია აუცილებელი - ერთი შეჯიბრებისა და ერთიც მოთელვისთვის.

თუ ამ პირობას ვერ შევასრულებთ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. იმედია, ქვეყნისა და სპორტის სამინისტროს მესვეურები, ბიზნესმენები დროულად გამოგვიწვდიან დახმარების ხელს. მით უმეტეს, რომ ქართველი წყალბურთელები ბოლოდროინდელი წარმატებებით თანადგომას ნამდვილად იმსახურებენ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული