საქართველო-მალტა 11:4 - ხორუმი წყალში, სამიდან სამი მოგება!

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიდერთა შორისაა, ფაქტობრივად, პლეი ოფში გასვლა განაღდებული აქვს, მაგრამ მთავარია პირველ სამეულში მოხვედრა, რომ გადამწყვეტ ეტაპზე გრანდებს ასცდეს.

პორტოში, სადაც დასკვნით ეტაპზე ვლადიმერ ისელიძის შეგირდებთან ერთად კიდევ ხუთი გუნდი მონაწილეობს G ჯგუფში, ჩვენმა ბიჭებმა 8 ნოემბერს მეორე გამარჯვება დილით იზეიმეს.

წლეულს მე-2 რაუნდს მალტამ უმასპინძლა და საქართველოს ნაკრებმა კუნძულელებს 16:12 მოუგო. ამ ქვეყნის გუნდთან 8 ნოემბერს გამართულ პაექრობაში ქართველთა უპირატესობა, განსაკუთრებით პირველ რვაწუთიან მონაკვეთში, აშკარა იყო. ჩვენებურთა თავბრუდამხვევ ტემპს მალტელებმა
ვეღარ გაუძლეს და საკუთარ კარში ხუთი უპასუხო გოლი მიიღეს.

ქართველებმა თავი ქუდში იგრძნეს - მეორე პერიოდში ყურადღება მოადუნეს და დაისაჯნენ კიდეც - 1:2. შესვენების შემდეგ უპირატესობას ისევ ჩვენები დაეუფლნენ და საბოლოოდ 11:4 გაიმარჯვეს.

ევროპის 2014 წლის ჩემპიონატი. III საკვალიფიკაციო რაუნდი
პორტო. 2013 წლის 8 ნოემბერი
საქართველო-მალტა
11:4
5:0, 1:2, 2:1, 3:1
საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, დამირ ცრეპულია (1), მარკო ელეზი (2), გალაქტიონ ლაითაძე (2), მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი (1), მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი (5), ბექა კაპანაძე, მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი.

მალტა: ალან ბორგი, ნიკი ლანსონი (1), ჯერომ კაბარეტა, ტიმოთი სელივანი, მარკ მელი, მატჰეი ზამიტი (1), სტეფან კამილერი, ჯორდან კამილერი (2), ჯეიმს ბროუნრიგი, ალექსანდრ ლითშვაგერი, ჯეიმს სპიტერ სტაინესი, დინო ზამიტი, რუან შკირტინო.

* * *
ჯგუფის დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დამთავრდა: შვეიცარია-სლოვაკეთი 5:14 (1:3, 0:3, 2:6, 2:2), პორტუგალია-ბელარუსი 11:7 (0:2, 3:2, 2:1, 6:2). პირველი ტურის მატჩში მასპინძლები სლოვაკეთთან 2:16 (2:2, 0:4, 0:6, 0:4) დამარცხდნენ, ხოლო ინგლისში დიდმა ბრიტანეთმა მოლდოვას სძლია 38:5 (8:1, 7:0, 13:2, 8:2).

G ჯგუფში 8 ნოემბერს საღამოს მე-3 ტურის შეხვედრები ასე დამთავრდა: საქართველო-ბელარუსი 18:7, პორტუგალია-შვეიცარია 10:7.

ამდენად, საქართველოს ნაკრები მე-3 რაუნდის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე 37 ქულით უწინდებურად საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად მეწინავეობს.

H ჯგუფში ხუთი გუნდი ასპარეზობს, ამიტომ ჩეხეთს მეტოქე არ ჰყავდა და ტექნიკური მოგება ჩაეთვალა - 10:0.

დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დასრულდა: დანია-უკრაინა 9:10 (2:0, 3:2, 3:3, 1:5), საფრანგეთი-პოლონეთი 14:4 (1:1, 4:1, 5:1, 4:1). ამ ჯგუფში საფრანგეთს 34 ქულა აქვს (39:9), უკრაინას - 25 (23:29).

I ჯგუფს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს. იქ სათამაშოდ არ ჩავიდა სლოვენიის ნაკრები, რომელსაც ორი რაუნდის შემდეგ მე-4 მაჩვენებელი ჰქონდა.

8 ნოემბერს გამართული ორი პაექრობის შედეგები კი ასეთია: რუსეთი-მოლდოვა 39:3 (12:1, 11:2, 8:0, 8:0), დიდი ბრიტანეთი-ისრაელი 12:7 (3:1, 2:1, 4:3, 3:2). რუსეთი - 34 (61:13), დიდი ბრიტანეთი - 26 (50:12) ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული