ქართველები სერბეთის პირველობაში ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა (1993-1994 წლებში დაბადებულნი) და ჭაბუკ (1995-1997 წ.წ.) წყალბურთელთა ნაკრები გუნდების წევრებმა სერბეთში იქაურ თანატოლებთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გაიარეს, თან ამხანაგური მატჩებიც გამართეს. განსაკუთრებით უმცროსებმა (ცოტნე ინწკირველი, რატი ხაზალია, ხვიჩა ჯახაია, ზუკა ჩიკვაიძე, სანდრო ყაზახიშვილი, დათო კაკულია, რეზი იმნაიშვილი, ლუკა კახეთელიძე, გოგი ჩომახაშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი, დათო რევია, გიორგი გაბადაძე, ანდრო ბითაძე, მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი, ირაკლი ბაქრაძე) იყოჩაღეს - ჭაბუკებში სერბეთის ჩემპიონ ნოვი სადის ''ვოივოდინას'' ზედიზედ სამი შეხვედრა მოუგეს, შესაბამისად  13:10, 8:7
და 6:4.

''ამ გუნდს წლეულს ივნისშიც დავუპირისპირდით და მაშინ ოთხი მატჩი წავაგეთ, თანაც დიდი სხვაობით. ამჯერად კი ჩვენს ბიჭებს ვერ იცნობდით. ისე კარგად ითამაშეს, სერბი სპეციალისტების აღტაცება და გაკვირვებაც კი გამოიწვიეს'', - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ბითაძემ. - ნოვი სადში იმყოფებოდა შეკრებაზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით (მწვრთნელები - ნოდარ ჩხარტიშვილი და გელა ტუკვაძე). მათი შედეგი მოკრძალებულია -თითო ფრე და წაგება. თუმცა ორივე გუნდის შემართებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება.

სერბეთში ყოფნისას ჩვენმა ფედერაციამ იქაური წყალბურთის ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შესაბამისადაც სერბი სპეციალისტები ჩვენს მწვრთნელებსა და მსაჯებს თბილისში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ. რაც მთავარია, 2011 წლის თებერვლიდან საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები თანატოლებში სერბეთის ღია პირველობაში იასპარეზებს, ეს კი ამ ქვეყნის წყალბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

1995-1996 წლებში დაბადებულნი მარტში თბილისის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ, რომელსაც ''ოლიმპიკი'' უმასპინძლებს. ჩვენების მეტოქეები ბელარუსები, უკრაინელები და მოლდოველები იქნებიან. აგვისტოში 15-წლიანები სერბეთის ტურნირზე გამოვლენ - იქ 12 გუნდი მოიყრის თავს. იანვრიდან ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად სხვადასხვა ასაკში საქართველოს პირველობებსაც დავიწყებთ, რომლებიც მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისამდე გასტანს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული