გადამწყვეტ ეტაპზე უკვე 16 გუნდი (შარშან 12 მონაწილეობდა) იბრძოლებს არა მარტო მედლებისთვის, არამედ ოლიმპიადის საგზურებისა და სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობის უფლების მისაღებად.
წინა ევროპის ჩემპიონატის შედეგებით, ფინალური რაუნდის რვა გუნდი უკვე ცნობილია: სერბეთი, უნგრეთი, იტალია, ჩერნოგორია, საბერძნეთი, ესპანეთი, რუმინეთი და ხორვატია. დანარჩენი რვა ნაკრების ვინაობას 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ორრაუნდიანი შესარჩევი ეტაპი გამოავლენს.
საგზურებისთვის მებრძოლი 15 გუნდი წილისყრით ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდა. A
B ჯგუფი (მასპინძელია პოლონეთი): რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი.
C ჯგუფი (ჰოლანდია): საფრანგეთი, მალტა, ჰოლანდია.
D ჯგუფი (თურქეთი): გერმანია, თურქეთი, ბელორუსი, ლიტვა.
პირველი რაუნდის პაექრობები 6-8 თებერვალს გაიმართება. მე-2 ეტაპს 9-11 ოქტომბერს რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი და მალტა უმასპინძლებენ.
ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის საქართველოს ნაკრები კარგა ხანია ემზადება. 11 იანვარს მწვრთნელების - იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი საწვრთნელი შეკრებისთვის ბელგრადში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა: ზურაბ ჭუმბურიძე, ივან სტრუიჩი, ხვიჩა ჯახაია, გიორგი ხვედელიანი, ზურაბ რურუა, ნიკოლოზ შუბლაძე, ლუკა კახეთელიძე, ალექსანდრე რუსიშვილი, ალექსანდრე ყაზახიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, ბექა ქავთარაძე, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, დამირ ცრებულია (ნაკრების ნატურალიზებული წევრები - მარკო ელეზი და მარკო ელაჩა გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის შემოუერთდებიან).
ქართველი წყალბურთელები სერბეთიდან 21 იანვარს დაბრუნდებიან და 23-ში თბილისის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან. "ოლიმპიკის" საცურაო აუზში სახელოვანი წყალბურთელი ძმების - როსტომ და ზურაბ ჩაჩავების მემორიალში 23-25 იანვარს ითამაშებენ: საქართველო, რუსეთი, თურქეთი და ყაზახეთი.
სერბულ შეკრებაზე მწვრთნელებმა, ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად, ახალგაზრდებიც წაიყვანეს და ეს არ არის შემთხვევითი: ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2015 წელს ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებში ამ სახეობების ახალგაზრდა სპორტსმენები იასპარეზებენ.
წყალბურთელთა ტურნირში 1998 წელს დაბადებულები მიიღებენ მონაწილეობას. ირაკლი კიკალიშვილისა და ოთარ ქოიავას ხელმძღვანელობით, ჩვენი 19-წლამდელებიც მონდომებით ემზადებიან შესარჩევი ტურნირისთვის.
თებერვალში ისინი მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორ ნოდარ გვახარიას თასზე ეთამაშებიან "ოლიმპიკის" აუზში უცხოელ თანატოლებს, 11-15 მარტს კი ვენაში ბაქოს თამაშების ორი საგზურისთვის სლოვაკეთს, თურქეთს, მოლდოვას, ბულგარეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"