აღორძინების პერსპექტივები და ოლიმპიადის კონტურები

AutoSharing Option
საუკუნეზე მეტია, წყალბურთი ოლიმპიურ სახეობად არის აღიარებული. პირველი მედლები კაცებმა 1900 წელს გაითამაშეს პარიზში მეორე თამაშებში, ქალებმა - ზუსტად 100 წლის შემდეგ სიდნეიში. საქართველოში წყალბურთი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გაიცნეს. პირველი წყალბურთელები იყვნენ მოცურავეები -პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია და პეტრე ბრეუსი. დიდ სარბიელზე საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში მედლები აქვთ მოპოვებული: გვახარიას, ლერი გოგოლაძეს, გივი ჩიქვანაიას, მიხეილ გიორგაძეს. თბილისის "დინამომ" სსრკ ხალხთა სპარტაკიადებზე 3-ჯერ ვერცხლისა და 2-ჯერ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, სსრკ ჩემპიონატებში ოთხჯერ მეორე და ექვსჯერ მესამე ადგილები დაიკავა. თბილისის საერთაშორისო ტურნირებზე,
სადაც მსოფლიოს გრანდებს უთამაშიათ, მასპინძლებს ხუთჯერ საპრიზო ადგილები ხვდათ.

გავიდა წლები და ტრადიციები, სამწუხაროდ, მივიწყებას მიეცა, რაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული. ბოლო ორი წელია, საქართველოში ამ სახეობის აღორძინება დაიწყო.

- ჩვენთვის განსაკუთრებით დაძაბული და დატვირთული შარშანდელი სეზონი იყო. - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ბითაძემ. - ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლეგენდარული წყალბურთელის, რევაზ ჩომახიძის, ასევე, მწვრთნელების - ნოდარ ჩხარტიშვილისა და გელა ტუკვაძის ხელმძღვანელობით ევროპის პირველობის დასკვნით ეტაპზე იასპარეზა. ჩამოვაყალიბეთ ჭაბუკთა ნაკრები, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ჩერნოგორიელი სპეციალისტი იოვან პოპოვიჩი და ირაკლი ბაქრაძე.

ჩვენმა ბიჭებმა, რომლებსაც პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება 2013 წელს უწევთ, შარშან ზაფხულს სერბეთში თანატოლებთან გაიარეს ერთობლივი საწვრთნელი შეკრება და იქვე ოთხი ამხანაგური შეხვედრაც გამართეს ქვეყნის ჩემპიონ "ვოევოდინასთან".

ყველა მატჩში დამარცხდნენ, სამაგიეროდ, იმავე გუნდს გვიან შემოდგომით სამი ორთაბრძოლა მოუგეს. ქართველ წყალბურთელთა ასეთმა პროგრესმა აფიქრებინა სერბეთის წყალბურთის ფედერაციას, ქვეყნის ჭაბუკთა ჩემპიონატში ჩვენი გუნდიც ჩაერთო. ამგვარი გამონაკლისი მათ პირველად დაუშვეს. შეჯიბრება სტარტს თებერვალში აიღებს.

საგულისხმოა ისიც, რომ სერბ კოლეგებთან ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, რომლის საფუძველზეც თებერვლის მიწურულს ან მარტის დასაწყისში მოვიწვევთ სახელოვან სპეციალისტმენად მანუელოვიჩს, რომელიც წლების განმავლობაში იუგოსლავიის ნაკრებს წვრთნიდა და მისი თავკაცობით სამხრეთ სლავებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოიგეს. მანუელოვიჩი ამჟამად თავის ქვეყანაში წყალბურთის გასავითარებლად ორ და ოთხწლიან პროგრამებს ადგენს. თბილისში იგი ქართველი სპეციალისტებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებს.

რადგან ახალგაზრდებს შევეხეთ, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ სამამულო წყალბურთის ისტორიაში პირველად ჭაბუკთა და ახალგაზრდების ჩემპიონატები რამდენიმე ტურად გაიმართება. 1995-1996 წლებში დაბადებულთა შორის ათი, 13-14-წლიანებში კი რვა გუნდი იასპარეზებს. უმცროსი ასაკის წყალბურთელთა თითო ტურს აუცილებლად უმასპინძლებენ ქუთაისი და ბათუმი. ამ ქალაქებში გამოცდილი მწვრთნელების - დემურ კაზიევისა და გიორგი ქუთათელაძის ხელმძღვანელობით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

- ეროვნულ ნაკრებზე რას იტყვით?
- შარშან მწყობრში ჩადგა "ოლიმპიკის" შესანიშნავი საცურაო აუზი, სადაც თითქმის ოცწლიანი უქმობის შემდეგ აღვადგინეთ თბილისის საერთაშორისო ტურნირი. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრიტანელებს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ინგლისელებს 30 ოქტომბერსაც ვუმასპინძლეთ, ამჯერად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სტარტზე კვლავ მოვუგეთ და ფლეიოფში გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჯგუფში ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს - საბერძნეთი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. წლეულს 30 მარტს სწორედ ელადელებს დავუპირისპირდებით თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 11 მაისს მათთან განმეორებითი შეხვედრა გვექნება, 2 ივლისს მანჩესტერში ბრიტანელებთან პაექრობით დავამთავრებთ შესარჩევ ტურნირს. ვიმედოვნებ, რომ ამ დროისთვის ნებისმიერ გუნდს, მათ შორის საბერძნეთსაც, ღირსეულ მეტოქეობას გავუწევთ.

- თქვენ ერთხელ აღმოსავლეთის ლიგის შექმნაზე ილაპარაკეთ...
- დიახ, ასეა. დეკემბრის მიწურულს მინსკში შევხვდი უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვის წყალბურთის მესვეურებს. საბოლოოდ გადავწყვიტეთ აღმოსავლეთის ლიგის ჩამოყალიბება. შესაძლოა, აზიის 2010 წლის ჩემპიონი ყაზახეთისა და პოლონეთის ეროვნული გუნდებიც შემოგვიერთდნენ. პირველი ტური თბილისში გაიმართება. მომდევნო ტურები, შესაბამისად, მინსკში, კიევსა და კიშინიოვშია დაგეგმილი. 2 მარტიდან "ოლიმპიკის" აუზში ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირი გაიმართება - 1995-1996 წლებში დაბადებული წყალბურთელები იასპარეზებენ. საქართველოს, ბელარუსსა და უკრაინას, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა ან ეგვიპტე დაემატება. 22-27 ივნისს ლენის კალენდრით გათვალისწინებულ დიდ საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლებთ.

- დღევანდელი გადასახედიდან ოლიმპიური პერსპექტივა თუ ჩანს?
- შეუძლებელი არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში გასვლაზე უფრო ვფიქრობთ, რომელიც ლონდონის საგზურისკენ გზას გაგვიიოლებს.

გვრჩება კიდევ ერთი შანსი - 2012 წელს კანადაში სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, სადაც ორ საუკეთესო ოლიმპიურ თამაშში მონაწილეობის უფლებას მივიღებთ. იმ დროისთვის უკვე საკმაოდ გამოცდილი გუნდი გვეყოლება, მით უმეტეს წლეულს შემოდგომიდან მსოფლიო ლიგაზეც თუ დაგვიშვეს. მაშინ ოცნების ასასრულებლად მეტი საფუძველი გვექნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული