4-6 მარტს თბილისი ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

AutoSharing Option
1995-1996 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა პირველი ტურის შემდეგ 6-6 ქულით "ივერია-1" და "ლიგამუსი-1" დაწინაურდნენ. გათამაშების ცხრილის პირველ საფეხურზე ბურთების უკეთესი შეფარდებით (99:4) ივერიელები მოექცნენ.

გუშინ "ოლიმპიკის" აუზში მეორე ტურის პირველი დღის პაექრობები გაიმართა. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა "ლიგამუსი-1", რომელმაც "ბათუმს" მოუგო 19:5, მოაგროვა 8 ქულა (ბურთები: 87:16) და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. "თბილისმა" "ივერია-2"-ს სძლია 6:4, "ლიგამუსი-2"-ის წყალბურთელებმა კი "ჯორჯიანს" აჯობეს - 19:7.

ამ ასაკის საქართველოს ნაკრები სერბეთთან ხელშეკრულების საფუძველზე ამ ქვეყნის პირველობაში მონაწილეობდა. ჩვენი ბიჭები რთულ ჯგუფში მოხვდნენ. ამის მიუხედავად, სამი
მატჩი მოიგეს, ორი დათმეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

საქართველოს დელეგაციას ალექსანდრე ბითაძე ხელმძღვანელობდა. მან გვითხრა: " პირველ დღეს სობორის "პოლეტს" მოვუგეთ 18:7, მეორე დღეს დილით ქვეყნის ბრინჯაოს პრიზიორ სუბოტიცის "სპარტაკს" შევხვდით. მართალია, ეს შეჯიბრება ჩვენთვის ოსტატობის ამაღლებას და საერთაშორისო მატჩებში გამოცდილების მიღებას ემსახურებოდა, მაგრამ მაინც საწყენია, უმოწყალოდ რომ დაგჩაგრავენ. მე-4 პერიოდისთვის მეტოქეს 9:5-ს ვუგებდით. ბოლო პერიოდში არბიტრებმა ცალკარა გვათამაშეს და 0:5 წაგვაგებინეს. ცხადია, მატჩიც დავთმეთ 9:10. საღამოს კი ჭაბუკებში სერბეთის ჩემპიონ ნოვი სადის "ვოივოდინასთან" დავმარცხდით 8:11, არადა, დეკემბერში ამ გუნდს სტუმრად ორჯერ ვძლიეთ ამხანაგურ პაექრობაში.

ბოლო დღეს ორი გამარჯვება მოვიპოვეთ "ვოივოდინას" მეორე გუნდთან - 13:6 და ვერსის "ვერბასთან" - 19:3. ყოველივეს მიუხედავად, მედლებისთვის ბრძოლას განვაგრძობთ, რადგან "ვოივოდინასთან" და "სპარტაკთან" ერთად მე-2 ტურში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ბიჭები მშობლიურ კლუბებს დაუბრუნდნენ, საქართველოს პირველობის მე-2 ტურში მიიღეს მონაწილეობა. ორშაბათიდან კი ერთად დაიწყებენ მზადებას თბილისის საერთაშორისო ტურნირისთვის, რომელიც 4-6 მარტს "ოლიმპიკის" აუზში გაიმართება. ისინი უკრაინელ და ბელარუს თანატოლებს გაეჯიბრებიან. ეგვიპტეც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ იქ დატრიალებული ამბების შემდეგ წყალბურთისთვის ვის სცხელა. ახალი ქვეყნის მოწვევას ვეღარ ვასწრებთ, ამიტომ ტურნირში ორი გუნდით გამოვალთ."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული