გუნდს შემოუერთდნენ ლეგიონერები - ნაკრების კაპიტანი, რუმინული ბრაშოვის "სპორტული სტუდენტესის" წევრი ზურაბ რურუა, იტალიის "ვის ნოვას" ცენტრალური თავდამსხმელი ანდრია ბითაძე, სლოვაკეთის ეროვნული ჩემპიონატის ლიდერ "ნოვაკის" მოთამაშე რევაზ იმნაიშვილი, გერმანიიდან ალექსანდრე ყაზახიშვილი, ხოლო მარკო ელაჩა (იტალიის "მენეჯმენტი") და დამირ ცრეპულია (ეგვიპტე) შვიდ იანვარს იტალიაში შეუერთდებიან საქართველოს ნაკრებს.
გუშინ ეროვნული გუნდის მორ
- ბრაშოვის "სპორტული სტუდენტესი" შარშან რუმინეთის სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. მართალია, იქ დედაქალაქის "სტიაუასთან" დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლებისთვის პაექრობაში ისეთ გრანდს აჯობა 3:1, როგორიც ბუქარესტის "დინამოა" და მესამე ადგილი დაიკავა. კლუბის მესვეურებს წლეულსაც საპრიზო სამეულში გასვლა აქვთ დაგეგმილი.
ქვეყნის სუპერლიგა 21 ოქტომბერს დაიწყო. პირველი წრის ბოლოსწინა ტურში "კლუჟს" ვძლიეთ ზედიზედ ორჯერ, თანაც ერთნაირი ანგარიშით - 17:4. ორივე მატჩში შვიდი ბურთით შევეწიე თანაგუნდელებს. ბოლო ტურში კი ბრინჯაოს მედლისთვის ჩვენს უშუალო კონკურენტ ბუქარესტის "დინამოსთან" დავმარცხდით - 9:11 და 9:10. ორივე ორთაბრძოლაში თითო გოლი გავიტანე. ამ წაგების შემდეგ მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ. პირველ-მეორე ადგილებს "სტიაუა" და "ორადეა" იყოფენ, რომლებსაც შემადგენლობაში ოთხ-ოთხი ძლიერი უცხოელი მოთამაშე ჰყავთ. "ორადეა" ევროთასებზეც ყოჩაღობს - ამას წინათ ნეაპოლის "ნაპოლის" აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ვერონას" დაუპირისპირდება.
- "სპორტულში" გატარებული ოთხი თვით კმაყოფილი ხართ?
- რა თქმა უნდა. საქართველოში უფროსებს შორის ეროვნულ ჩემპიონატს ვერ ვატარებთ, ამიტომ ნაკრების მატჩებისთვის თამაშის გამოცდილება ნაკლებად გვქონდა. რუმინეთში კი ყოველ უქმეებზე ორ-ორ ორთაბრძოლას ვმართავთ. პირველი ტურიდანვე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვარ. შეხვედრას უგოლოდ არ ვტოვებ. "ორადეას" კარს ოლიმპიური ჩემპიონის - სერბეთის ნაკრების მეკარე გოიკო პიეტლოვიჩი იცავს. მართალია, მეტოქესთან ორივე ორთაბრძოლა დავთმეთ, 7:15 და 8:17, მაგრამ სერბს ორი ბურთი მეც გავუტანე.
- თქვენს გუნდშიც მრავლად არიან უცხოელები?
- სულ სამნი ვართ - მე, რუსეთის ნაკრების წევრი ანდრეი ბალაკიშევი და ახალგაზრდა ხორვატი ჩირო ბლაჟევიჩი. სასიამოვნოა, რომ გუნდში მეგობრული ურთიერთობაა.
- ორიოდე კვირაში იტალიელებთან პასუხსაგები მატჩი გაქვთ...
- დიახ. აპენინელები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონები, ნებისმიერი შეჯიბრების ფავორიტები არიან. მათთან თამაში დიდი გამოცდილებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ.
ცხადია, მოგებაზე ფიქრი ფუჭი ოცნება იქნება. მთავარია, მსოფლიოს ლიგის თამაშები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფაკაციო პაექრობებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"