ანა ივანოვიჩი: უნდა დავეხმარო მათ, ვისაც ჩემსავით არ გაუმართლა

AutoSharing Option
გასული წლის მიწურულს, სერბმა ანა ივანოვიჩმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა ილაპარაკა მუდმივ ტრავმებზე და თავის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისზე. სიახლე მის ცხოვრებაში, შესაძლოა, ისევ ჩოგბურთს დაუკავშირდეს, რადგან ივანოვიჩს სურს, ერთგვარად ვალი დაუბრუნოს სპორტს.

ხმაურიანი განცხადებიდან გარკევეული დროის შემდეგ, WTA-ის ოფიციალური ვებგვერდის წარმომადგენელი ანას დაუკავშირდა მის დაუჯერებელ კარიერაზე სასაუბროდ...

- როგორ გრძნობთ თავს ასეთი განცხადების შემდეგ?
- ამ ყველაფერმა ცოტა მანერვიულა, მაგრამ, ახლა, თავს კარგად ვგრძნობ.

- მოგვიყევით, როგორ მიხვედით კარიერის დასრულების გადაწყვეტილებამდე?
- ამაზე ბევრმა
ფაქტორმა იმოქმედა. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა ერთ მომენტზე დაფუძნებული. ის დიდი ხანი მწიფდებოდა ჩემს გონებაში, მაგრამ ვცდილობდი გულისთვის მომესმინა, რადგან მას არასოდეს დავუღალატებივარ.

ჩოგბურთის თამაში იმიტომ დავიწყე, რომ ვაღმერთებდი მას. ძველებურად მიყვარს ის, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ წინსვლის დრო მოვიდა და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. არც ისე კარგად მიდიოდა ყველაფერი ტრავმების გამო, რომელსაც ბოლო წლებში ვიღებდი. სულ რაღაც ორ წლის წინ, ტოპ-ათეულის წევრი ვიყავი, შემდეგ მომიწია ტრავმებთან ბრძოლა და ბევრი მუშაობა ჩემი სპორტული ფორმის წესრიგში მოსაყვანად. გასულ წელს, სეზონებს შორის პერიოდი შესანიშნავად გავატარე, მე და ჩემმა გუნდმა ბევრი ჩავდეთ მომზადებაში, მაგრამ მაინც მაწუხებდა მცირე უსიამოვნებები.

სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ დასასრულის დრო მოვიდა. მე სერბეთიდან ვარ, და რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს ცხორებასა და კარიერაში, ჩემი მშობლები და ძმა ყოველთვის ჩემთან იქნებიან. მათი წყალობით გახდა ეს ყველაფერი შესაძლებელი. მე ძალიან გამიმართლა და ახლა, მინდა დავეხმარო მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლა ცხოვრებაში.

- როცა თქვენს კარიერაზე ფიქრობთ, გონებაში რა აზრები ჩნდება?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი მიფიქრია და ეს ყველაფერი ჩემში ძლიერ ემოციებს იწვევს, რადგან ვიცი, რამდენი მუშაობა მიწევდა, რათა იმისთვის მიმეღწია, რაც ახლა მაქვს. როცა უკან ვიხედები და ვხედავ, საიდან მოვდივარ, ვამაყობ ჩემი თავით და იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, რადგან ისინი დამეხმარნენ ამ ყველაფრის მიღწევაში.

და აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ჩემს სპორტულ წარმატებებზე, არც იმაზე, როგორი ადამიანი გავხდი. მიმაჩნია, რომ ყველა ეს გამარჯვება თუ წარუმატებლობა, კარგი და ცუდი მომენტი გაყალიბებს პიროვნებად, ჩემს შემთხვევაში კი ძლიერ პიროვნებად.

თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ეს ყველაფერი გავიარე. ჩემი თავის შესახებ ბევრი გავიგე არა მხოლოდ კარგი, არამედ ცუდი პერიოდების დროსაც. იგებ, ვინ არიან შენი ნამდვილი მეგობრები და რა უნდა გააკეთო, რომ დაბრუნებისთვის იბრძოლო. სწორედ ეს მასწავლა ჩოგბურთმა ადრეული ასაკიდან. ვგრძნობ, რომ გამიმართლა, რადგან ეს ყველაფერი გამოვცადე.

- თუ ევოლუციაზე ვილაპარაკებთ, რით განსხვავდება დღევანდელი ანა ივანოვიჩი იმისგან, რომელმაც 2005 წელს, კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა?
- ცხადია, რომ უფრო გამოცდილი გავხდი (იცინის).

როცა უკან ვიყურები და ვიხსენებ იმას, რასაც მივაღწიე, აუცილებლად ვფიქრობ საკუთარ განვითარებაზე. უბრალოდ, გოგონა ვიყავი, რომელიც ჩოგბურთს თამაშობდა, ამისგან სიამოვნებას იღებდა და არ ფიქრობდა რა იქნებოდა შემდეგ. უბრალოდ, ვთამაშობდი და არ ვფიქრობდი წარსულის გამოცდილებაზე ან საკუთარ მომავალზე.

დროთა განმავლობაში გავიგე - რა არის წნეხი და მოლოდინი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შენ გეკუთვნის. ამ მომენტიდან მოყოლებული, აღარ შემეძლო თავისუფლად თამაში. ამაზე ფიქრისას მესმის, რომ საქმე სწორედ ამაში იყო.

არ მგონია, რომ ვიღაც შეიძლება მზად იყოს წარმატებისთვის, მისი გაცნობიერებისთვის. შესაძლოა, მე უნდა მყოლოდა უფრო გამოცდილი გუნდი, რომელიც დამეხმარებოდა ასეთი წნეხის გამკლავებაში. მაგრამ, ეს ყველაფერი დამეხმარა გავმხდარიყავი ის ადამიანი, როგორიც ახლა ვარ და დღეს ვიცი, რა შემიძლია. ფსკერზე ვყოფილვარ, მწვერვალზეც და ვიცი, რომ შემიძლია ამ ყველაფერის გადატანა. ეს ყველაფერი ძალებს მმატებს.

- 2008 წელს მოიგეთ როლან გაროსი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდით. ამის შემდეგ, თქვენთვის რთული იყო კორტზე გასვლა. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გადაიტანეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის 2014 წელი, როცა ტოპ-ათეულში დაბრუნდით და 2015 წელი, როცა საფრანგეთის ღიას ნახევარფინალში გახვედით?
- ეს მოვლენები ძალიან ბევრს ნიშნავდა. მე და ჩემმა გუნდმა ვიცით - რამდენი მუშაობა გვიწევდა ყოველდღე. 2014 წელსაც, როცა მატჩების მოგება ისევ დავიწყე, ხშირად მიწევდა ტრავმებთან გამკლავება. ფსიქოლოგიურად, ძალიან ძლიერი ვიყავი, მაგრამ ის მოგებები საკუთარ სხეულთან დაძაბული ბრძოლის წყალობით მოვიპოვე. როლან გაროსის ნახევარფინალი შესანიშნავი იყო. ის ყოველთვის განსაკუთრებული იყო ჩემთვის.

- ყველაზე მეტად რა მოგენატრებათ ტურში?
- ძალიან მომენატრებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხეში მყავს, მაგრამ იმედი მაქვს, მათ ისევ შევხვდები.

ირონია იმაშია, რომ ძალიან მომენატრება მოგზაურობა. თუმცა, მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა შინ მეტ დროს გავატარებ. მიუხედავად ამისა, მოგზაურობა დამაკლდება, რადგან მომწონს ლამაზი ადგილების მონახულება.

- მომავალ წელს, რომელიმე ტურნირზე სტუმრის სტატუსით გიხილავთ?
- დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ. მაქვს გარკვეული გეგმები. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც შეხვედრას დავპირდი, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები მათთან სტუმრობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე მაგარი გოგო!
irakli Apkhaidze
21:43 21-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული