ავსტრალიის ღია პირველობა: როჯერი დიადია

AutoSharing Option
მამაკაცების ბადეში ერთადერთი შეხვედრა გაიმართა - ნახევარფინალი როჯერ ფედერერსა და სტენ ვავრინკას შორის. ეს შვეიცარიული დერბი 22-ედ იმართებოდა და ურთიერთშეხვედრებში როჯერი დამაჯერებლად იგებდა - 18:3, თან ეს სამი მოგება ვავრინკამ გრუნტზე მოიპოვა.

სპეციალისტები ლამაზ შეხვედრას ელოდნენ და მოლოდინი გამართლდა. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო. თავდაპირველად, ფედერერმა ვერ გამოიყენა სამმაგი ბრეიკ-პოინტი, შემდეგ ვავრინკამ - ორმაგი. ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკს უახლოვდებოდნენ.

5:5-ზე ვავრინკას ბრეიკის კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, მაგრამ საკმაოდ პასიურად ითამაშა და ფედერერმა გეიმი გადაარჩინა, შემდეგში კი თავად შეასრულა ბრეიკი - 7:5.

მეორე სეტში
როჯერმა გაცილებით იოლად მოიგო. ის კვლავაც პირველ ნომრად მოქმედებდა და რეგულარულად გადიოდა ბადესთან - მეორე პარტიაში, 49 გათამაშებიდან ფედერერი 12-ჯერ იყო ბადესთან. სტენი ძალიან პასიური იყო. რა თქმა უნდა, სამი შეცდომა კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ექვსი "ვინერსი" ძალიან ცოტაა. ფედერერი თავის მოწოდებებს იოლად ინარჩუნებდა, ვავრინკამ კი სეტის შუაში ცუდად ითამაშა თავის გეიმში, რის შემდეგაც ჩოგანი მუხლზე გადაიმტვრია. როჯერმა 6:3 მოიგო სეტი, სტენმა კი კორტი დროებით დატოვა.

ამ პაუზამ ცუდად იმოქმედა ფედერერზე, რომელსაც ჩავარდნა დაეწყო. მან შეცდომებს უმატა, რითაც ვავრინკამ ორ ბრეიკს მიაღწია და მოიგო მესამე სეტი - 6:1. მანვე მეტოქის მოწოდება აიღო მეოთხე სეტის სტარტზე. ფედერერს კონცენტრაცია დაკარგული ჰქონდა, მაგრამ იქვე დაიბრუნა მოწოდება და ამის შემდეგ, უმაღლესი დონის ჩოგბურთი დაიწყო.

ფედერერმა ისევ მოუმატა, მაგრამ ვავრინკა აღარ უშვებდა იმ შეცდომებს, რაც პირველ ორ სეტში ჰქონდა. 4:3-ზე როჯერმა ბრეიკის შესრულება სცადა, მაგრამ მისმა მეტოქემ მოიგო გეიმი, შემდეგ კი რამდენიმე ულამაზესი დარტყმა შეასრულა და 5:4 წაიყვანა ანგარიში. მეათე გეიმში ვავრინკას აღარ გასჭირვებია სეტზე ჩაწოდება - 6:4.

ახლა უკვე ფედერერმა დატოვა კორტი. გადამწყვეტი სეტის პირველ ხუთ გეიმში ორივე მხარეს რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკი არ გვინახავს. მეექვსე გეიმში კი ვავრინკამ ორი შეცდომა დაუშვა, ბრეიკ-პოინტზე კი ორმაგი შეცდომაც დაუმატა. როჯერს ისღა დარჩენოდა, ორჯერ შეენარჩუნებინა საკუთარი მოწოდება და ეს შეძლო - 7:5, 6:3, 1:6, 4:6, 6:3.

35 წლის ფედერერი "დიდი სლემის" ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი გახდა კენ როზუოლის შემდეგ, რომელმაც 1974 წელს, აშშ-ის ღიას ფინალში 39 წლის ასაკში ითამაშა. როჯერი მეექვსედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას ფინალში. მან 2015 წლის აშშ-ის ღიას შემდეგ პირველად გააღწია "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში, ხოლო არ მოუგია "მეიჯორი" 2012 წლის უიმბლდონის შემდეგ.

კაცები. 1/2 ფინალი
ფედერერი (შვეიც, 17)-ვავრინკა (შვეიც, 4) 7:5, 6:3, 1:6, 4:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული