ავსტრალიის ღიას პირველობა: ყოვლისშემძლე როჯერ XVIII

AutoSharing Option
ფინალში ფავორიტის დასახელება რთული იყო. სტატისტიკის მიხედვით, უპირატესობა ნადალისთვის უნდა მიეცათ, მაგრამ მისი მოგებებიდან დიდი დრო იყო გასული.

უფრო ის ფაქტი უნდა გაეთვალისწინებინათ - კონკრეტულ მომენტში ვინ იმყოფებოდა უკეთეს ფორმაში. ამ მხრივ, ფედერერის შანსები უფრო მაღლა ფასდებოდა. გარდა ამისა, შვეიცარიელს ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, ერთი დღით მეტი დასვენების საშუალება ჰქონდა.

პირველ სეტში კარგად ჩანდა სწორედ ფედერერის უკეთესი ფორმა. შვეიცარიელი ბრწყინვალედ თამაშობდა. მას უდიდესი უპირატესობა ჰქონდა მოწოდებაზე (მოიგო გათამაშებების 93 პროცენტი პირველ ბურთზე), საერთოდ, ძალიან აქტიურად მოქმედებდა და ბევრის არაფრის საშუალებას არ
აძლევდა მეტოქეს. ფედერერის ანგარიშზე 14 "ვინერსი" იყო, ნადალისა - მხოლოდ ხუთი. 3:2-დან ესპანელმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო 13-დან და შესაბამისად, 3:5 და 0:15 ჩამორჩა. მეცხრე გეიმი მან მაინც მოიგო, მაგრამ მეათეზე როჯერმა სეტზე ჩააწოდა.

მეორე პარტია სულ სხვა ისტორიაა. მოულოდნელად, ფედერერი დააღალატა მოწოდებამ, გარდა ამისა, გაცილებით ხშირად ცდებოდა თამაშიდან. და ნადალმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე გეიმში რაფამ მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ბრეიკი შეასრულა. ფედერერს შეეძლო მაშინვე დაებრუნებინა დაკარგული მოწოდება, მაგრამ ბრეიკ-პოინტებზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა. მალე ნადალმა მეორე ბრეიკი შეასრულა და 4:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, მან ერთი საკუთარი მოწოდება წააგო, მაგრამ დამაჯერებლად დაასრულა სეტი თავის სასარგებლოდ - 6:3.

მესამე სეტის პირველივე გეიმში ფედერერს საფრთხე შეექმნა. ის 40:0-ს იგებდა, მაგრამ საკუთარი შეცდომებით საქმე ბრეიკ-პოინტებამდე მიიყვანა. მაგრამ აქ მას მოწოდება დაეხმარა - ორი ბრეიკ-პოინტისას ორი ეისის შესრულება როჯერის კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებდა. უკვე შემდეგ გეიმში შვეიცარიელმა თავად გააკეთა ბრეიკი. მან ისევ მოუმატა აქტიურობაში და მეტოქეს არაფრის შანსს არ აძლევდა - პარტიაში "ვინერსების" შეფარდება იყო 18:5. ფედერერს შეეძლო "მშრალი" ანგარიშით სეტის მოგება, მაგრამ ნადალმა მოიგო რვაწუთიანი გეიმი თავის მოწოდებაზე. ამის შემდეგ, როჯერმა შეძლო სეტზე ჩაწოდება.

მეოთხე პარტიაში მეორეს ისტორია განმეორდა: ფედერერმა ისევ ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო. საკუთარი უზუსტობების გამო, მან წააგო მეოთხე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე. ნადალი მატჩის ამ სტადიაზე სტაბილურად გამოიყურებოდა, ზედიზედ ორჯერ "მშრალი" ანგარიშით მოიგო საკუთარი გეიმი და სეტი 6:3 აიღო.

არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მეხუთე სეტი იოლი გასეირნება არ იქნებოდა არც ერთისთვის და არც მეორესთვის და ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდებოდა.

ესპანელმა პირველმა შეასრულა ბრეიკი და 3:1 გავიდა წინ. მიუხედავად ამისა, ის არ მოჩანდა "რკინის"ფავორიტად, რადგან საკუთარ მოწოდებაზე გეიმების აღება უჭირდა, ფედერერმა კი სამ თავის გეიმში მხოლოდ ერთი ქულა წააგო. და თამაშში გარდატეხა მოხდა - 1:3-დან შვეიცარიელმა ორი ბრეიკი შეასრულა, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და ტიტულზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ესპანელი არ დანებდა და დაძაბული დასასრული გაუნაღდა მაყურებელს. 3:5-ზე მან ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ერთი როჯერმა ეისით მოიგერია, მეორე კი "ვინერსით". იქვე მან მატჩბოლი გამოიმუშავა, თუმცა ვერ გამოიყენა. რიგით მეოცე ეისს მეორე მატჩბოლი მოჰყვა, რომელიც მარჯვნიდან დარტყმით გამოიყენა. ნადალმა შემოწმება მოისურვა და სისტემა hawk-eye-მ დაადასტურა, რომ ბურთი მართლა დაეცა ხაზზე. ფედერერმა ბავშვივით გაიხარა.

როჯერმა უპასუხა იმ კრიტიკოსებს, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მისი დრო გავიდა. ფედერერმა "დიდი სლემის" 18 ტიტულის მოგებით დაამტკიცა, რომ ნიჭიერი და მიზანმიმართული ადამიანებისთვის არაფერია ისეთი წვრილმანი, როგორიც ასაკია. ის მართლა დაბრუნდა, ისევ TOP10-ის წევრია და იმედია, ამ სეზონში კიდევ გაგვაოცებს.

კაცები
ფედერერი (შვეიც, 17)-ნადალი (ესპ, 9) 6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3

კაცები. წყვილები
კონტინენი/პირსი (ფინ/ავსტრა, 4)-ბ. ბრაიანი/მ. ბრაიანი (აშშ, 3) 7:5, 7:5

ბიჭები
ცომბორ პიროში (უნგ, 15)-იშაი ოლიელი (ისრ, 4) 4:6, 6:4, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან დიდი სპორტსმენია როჯერ ფედერერი.
სოსო
11:42 30-01-2017
0
უდაოდ დიადი ჩოგბურთელია
sulxan
15:28 30-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული