როჯერ ფედერერი: სლემებს არ ვითვლი

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ როჯერ ფედერერმა ილაპარაკა იმის შესახებ, რომ არ ითვლის "დიდ სლემზე" გამარჯვებებს; აგრეთვე, დაასახელა თავისი მთავარი მეტოქეები...

- როჯერ, თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო რაფაელ ნადალთან სხვაობის გაზრდა "დიდი სლემის" ტურნირებზე ტიტულების რაოდენობით?
- სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მცირე მოტივაციაა. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ტურში დაბრუნება და რაფასთან მორიგი ეპიკური ორთაბრძოლა. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. ჩემს ასაკში ჯერ კიდევ შემიძლია ასეთი დონეზე გამოსვლა, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ ხუთი წელი არ მქონდა მოგებული ტიტული - აი, ამაზე ვფიქრობდი.
"სლემებს" კი არ ვითვლი. სიმართლე გითხრათ, ეს არც ისე მნიშვნელოვანია.

- რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ თქვენ ავსტრალიაში გაიმარჯვეთ?
- შეიძლება ითქვას, რომ ავსტრალიაში ყველაზე სტაბილურად ვთამაშობ. ჩემთვის აქ ყველაფერი 1999 წელს, კვალიფიკაციიდან დაიწყო. კარგად მახსოვს 2000 წელს, მაიკლ ჩანგთან გამარჯვება. ყოველთვის მომწონდა აქ ჩამოსვლა. თუ ტიტულს იღებ, შინ დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელი ფრენა კოშმარად იქცევა. ასე რომ, მოხარული ვარ, ამჯერად გამარჯვება რომ შევძელი.

- როგორ შეძელით კონცენტრირება მეხუთე სეტში, რომელშიც ბრეიკით აგებდით?
- საკუთარ თავს ვუთხარი, რომ თავისუფლად უნდა მეთამაშა. ამას განვიხილავდი მატჩის წინ ჩემს მწვრთნელებთან ერთად. უნდა მეთამაშა ბურთთან და არა მეტოქესთან. უნდა მეცადა, თავისუფლად შემესრულებინა დარტყმები, გამერისკა. სითამამე ყოველთვის ფასდება. არ მინდოდა, თვალი მედევნებინა იმისთვის, როგორ ჩამიფრენდნენ გვერდით რაფას ფორჰენდები. ასე რომ, ჩემი ტაქტიკა ზუსტი იყო.

მეხუთე სეტში ანგარიშის გათანაბრების ბევრი შანსი მქონდა. ვაგრძელებდი ბრძოლას და მჯეროდა საკუთარი თავის. ასე იყო მთელი მატჩის განმავლობაში. გაკვირვებულიც კი დავრჩი იმით, როგორ კარგად ვითამაშე მეხუთე სეტში. მქონდა ჩავარდნა მეოთხე და მეხუთე სეტების სტარტზე, მაგრამ გონს მოვეგე.

- სწორი იქნება თუ არა ნადალის დასახელება თქვენს ყველაზე პრინციპულ მეტოქედ? რას ნიშნავს თქვენთვის მისი დამარცხება?
- დიახ, ჩვენ დატვირთული ისტორია გვაქვს. ნოვაკიც იყო ერთ-ერთი მთავარი მეტოქე, მანამდე - ჰიუიტი და როდიკი. არ მინდა, ვინმე დამავიწყდეს. რაფასთან მეტოქეობა პროგრესში დამეხმარა. განსაკუთრებით ის, რომ მისი თამაში სირთულეებს მიქმნიდა. მასთან მატჩები - ეს კვლავაც ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ჯერ კიდევ ფინალამდე აღვნიშნე - ნადალზე გამარჯვება განსაკუთრებული იქნებოდა. თითქმის 10 წელია არ მყავდა ის დამარცხებული "დიდი სლემის" ტურნირებზე.

ორივემ მოვახერხეთ უმაღლეს დონეზე დაბრუნება. კარგი იქნებოდა, თუ ორივე მოვიგებდით, მაგრამ ჩოგბურთში ფრე არ არსებობს. ვფიქრობ, ისიც კმაყოფილი იქნება საკუთარი გამოსვლით. პირადად მე გავიხარებდი ფინალში გასვლით. ჯერ წინ მაქვს ამ გამარჯვების გააზრება. ალბათ, შვეიცარიაში დაბრუნების შემდეგ რეალურად გავაცნობიერებ, რაც მოხდა.

რთულია, ეს შეხვედრა რომელიმე სხვას შეადარო. შეიძლება გავიხსენო 2009 წლის როლან გაროსის ფინალი. მრავალი წლის განმავლობაში ვიბრძოდი, რომ პარიზში ტრიუმფისთვის მიმეღწია. ვცდილობდი, მაგრამ ვაგებდი. ბოლოს და ბოლოს, მივაღწიე მიზანს. წლევანდელი ტრიუმფი რაღაცით ჰგავს მაშინდელ შეგრძნებებს.

- ეს თქვენი პირველი წარმატებაა "დიდი სლემის" ტურნირზე ივან ლუბიჩიჩთან ერთად. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ეს განსაკუთრებული მოვლენაა მთელი გუნდისთვის. მისთვის ეს იყო პირველი წარმატება "სლემზე" მწვრთნელის რანგში. ის ძალიან ნერვიულობდა მთელი დღე, მისი დამშვიდება მიწევდა. ჩემს გუნდში - ყველა მეგობარია. ერთად ბევრი დრო გავატარეთ და ერთად მივედით იმ აზრამდე, რომ თუ მინდა "დიდი სლემის" ტურნირის მოგება, მაშინ ფიზიკურად 100 პროცენტით უნდა აღვიდგინო კონდიციები.

- თქვენი სამედიცინო ტაიმ-აუტის გამო მკვეთრი რეაქცია იყო...
- რა რეაქცია?

- მაგალითად, პეტ კეშმა თქვა, რომ ეს არის ნებადართული ყალთაბანდობა. შეგიძლიათ თქვათ, რატომ აიღეთ ტაიმ-აუტი?
- მე ეს ავხსენი ორი დღის წინ, სტენ ვავრინკასთან მატჩის შემდეგ. ფეხი მაწუხებდა ჯერ კიდევ რუბინთან მეორე წრის მატჩამდე. მიხარია, რომ შემიძლია ნორმალურად მოძრაობა, ტკივილის მიუხედავად. რაღაც მიზეზის გამო, ვავრინკასთან მატჩში ორივე ფეხში მქონდა ტკივილი. მას შემდეგ, რაც სტენმა პაუზა აიღო, მეც ჩავთვალე, რომ შემეძლო იმავეს გაკეთება და დაკვირვება - რამდენად მიშველიდა მასაჟი. ალბათ, დამეხმარა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ.

ფინალის დღეს კი უკვე მეორე სეტში გაჩნდა ტკივილი კუნთში, მესამე სეტის შუაში - საზარდულში. ვუთხარი ჩემს თავს, რომ არსებობს წესი და შემიძლია მისი გამოყენება. გეთანხმებით, არ შეიძლება ტაიმ-აუტების გამოყენება, როგორც ტაქტიკური ხრიკი. მე მგონი, ვადასტურებდი ამ სიტყვებს მთელი 20 წლის განმავლობაში. ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ კრიტიკა ამ შემთხვევაში უადგილოა. ყველაზე იშვიათად ვიღებ სამედიცინო ტაიმ-აუტებს, ასე რომ, არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს პეტ კეში.

- ვიცით, რომ უკვე 10 წელია გეკითხებიან კარიერის დასრულების შესახებ...
- შვიდი.

- დაჯილდოების ცერემონიისას თქვით: "თუ შემდეგ წელს დავბრუნდები..." როგორ გავიგოთ თქვენი სიტყვები?
- მხედველობაში მქონდა ის, რომ მიყვარს ჩოგბურთი და მინდა თამაში, მაგრამ, თუ ტრავმას მივიღებ, შეიძლება გამოვტოვო ტურნირი მომავალ წელს. ვინ იცის, რა მოხდება. არასოდეს იცი, როდის ჩაატარებ შენს მომდევნო "სლემს" ან ჩაატარებ თუ არა საერთოდ.

შარშანდელი სეზონი ურთულესი იყო ჩემთვის. ამ ტურნირზე სამი ხუთსეტიანი მატჩი ჩავატარე. არაფერი დამიგეგმავს და არ მინდოდა, რომ ეს ჩემი ბოლო ავსტრალიის ღია პირველობა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ შევძლებ დაბრუნებას. დღეს სწორედ ასეთი გეგმა მაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული