საქართველო-ფინეთი 3:2 - მოულოდნელი, დრამატული, დამსახურებული სიხარული

AutoSharing Option
ერთი ქართული სიმღერისა არ იყო, ფინელების სტუმრობა არ ყოფილა ხუმრობა, არადა, პრესკონფერენციაზე მათმა კაპიტანმა კიმ ტილიკაინენმა მორიდებით თქვა, ფავორიტები თქვენ ხართ, ასეულის მოთამაშე გყავთ, ჩვენ კი სრული შემადგენლობა ვერ ჩამოვიყვანეთო.

თუმცა ისიც დასძინა, საქართველოში წასაგებად არ ჩამოვსულვართო. მუქარასავით გამოუვიდა, მაგრამ ქადილის ძალაც რომ შესძლებიათ, ეს პირველსავე შეხვედრაში გამოჩნდა: თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სადაც დევისის თასის ევროაფრიკული მეორე ზონის წარმომადგენლები - საქართველოს და ფინეთის ჩოგბურთელ ვაჟთა გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ჩვენი ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში 89-ეა, პირველ სეტში ვერაფერი დაუპირისპირა მსოფლიო
კლასიფიკავციაში 1113-ე ადგილზე მყოფ ეერო ვასას. სტუმარი მოჭრილი დარტყმებითა და ბადესთან დროული გასვლით ხშირად აღწევდა მიზანს და სამი ბრეიკპოინტიც მიითვალა.

საგულისხმოა, რომ პირველი ხელის მე-6 გეიმს ბასილაშვილი 40:0-ს იგებდა, მაგრამ სამმაგი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა - ფინელმა სამი ძლიერი დარტყმით ჯერ წონასწორობა აღადგინა, მერე გეიმიც მოიგო. ამ სეტში ვასამ მიაღწია წარმატებას - 6:2, რაც ჩვენი ლიდერისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა. ბასილაშვილმა მალევე აუღო ალღო სტუმრის თამაშის მანერას და მე-2 ხელში იოლად გაიმარჯვა - 6:1.

ამ ორთაბრძოლაში ყველაზე დაძაბული მესამე სეტი აღმოჩნდა: თავიდან ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდება მოიგო, მაგრამ საკუთარი დათმო. მეხუთე გეიმში ხუთჯერ იყო ანგარიში თანაბარი. ფინელმა შეძლო დაწინაურება - 3:2, თუმცა საბოლოოდ მაინც წააგო სეტი - 4:6. მეოთხეში ახალგაზრდა სუომელს დაღლა დაეტყო და ბასილაშვილმა იოლად გაიმარჯვა - 6:1 და საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა მოუტანა.

შემდეგ კორტზე გიორგი ცივაძეს სტუმართა ლიდერ პატრიკ მიკლას-სალმინენისთვის უნდა გაეწია მეტოქეობა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვარჯიშისას ტრავმა მიიღო და იგი გუნდის ყველაზე გამოცდილმა წევრმა ჰარი ჰელიოვაარამ შეცვალა. მართალია, 28 წლის ჰელიოვაარა ამჟამად ურეიტინგოა, მაგრამ ერთ დროს ეს ჩოგბურთელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 194-ე იყო. შარშან ზიმბაბველებს, გასაგანგასა და ლოკს მოუგო.

ასეთ სტუმარს მასპინძელმა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია ღირსეული წინააღმდეგობა: ჯერ ჰარი დაწინაურდა, მერე ცივაძემ ზედიზედ სამ გეიმში მიაღწია წარმატებას და წინ გავიდა - 3:1, შემდეგ 5:3 გახდა ანგარიში ქართველის სასარგებლოდ. მე-9 გეიმში გიორგი ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ საბოლოო შედეგიანი დარტყმა ვერ განახორციელა. ამ გეიმში ანგარიში შვიდჯერ გათანაბრდა, საბოლოოდ ის ჰელიოვაარამ მოიგო, როგორც მომდევნო სამი და 7:5 გაიმარჯვა. მომდევნო ორ სეტში, ფაქტობრივად, ბრძოლა არც ყოფილა (6:2, 6:1), ისე აღადგინა სუომელმა საერთო ანგარიშში წონასწორობა - 1:1.

ასპარეზობის მეორე დღეს ერთმანეთის პირისპირ წყვილები დადგნენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე ჰარი ჰელიოვაარასა და ემილ რუუსუვუორს შეხვდნენ. ამ პაექრობაში სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო და მათ სამ სეტში გაიმარჯვეს კიდეც - 6:4, 6:0, 6:3 და მატჩში 2:1 დაწინაურდნენ. შეხვედრის ბედი ასპარეზობის მესამე დღის ბოლო ორ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა...

ასპარეზობის ბოლო დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ემილ რუუსუვუორს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:2, 6:4, 6:4 სძლია. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოსა და ფინეთს შორის ანგარიში 2:2 გახდა.

გადამწყვეტი შეხვედრა გიორგი ცივაძესა და პატრიკ ნიკლას-სალმინენს შორის დრამატული გამოდგა. ჯერ ქართველი ჩოგბურთელი დაწინაურდა, მან ორი სეტი 6:4 და 7:5 მოიგო. თუმცა, ფინელმა ძალების მოკრება შეძლო და ჩვენებურს ასევე ორი სეტი აართვა - 7:5 და 6:0. ბოლო, გადამწყვეტ სეტში ცივაძე 2:5 აგებდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 6:6. ტაიბრეიკზე უეკთესად ქართველი ჩოგბურთელი გაისარჯა - 7:5 და ნაკრებს 3:2 მოაგებინა.

შედეგად, საქართველოს ნაკრები ევროაფრიკულ პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა
თბილისი, ხალიჩა
საქართველო-ფინეთი 3:2
1:0 ნიკოლოზ ბასილაშვილი-ეერო ვასა 2:6, 6:1, 6:4, 6:1
1:1 გიორგი ცივაძე-ჰარი ჰელიოვაარა 5:7, 1:6, 1:6
1:2 ბასილაშვილი/ცივაძე-ჰელიოვაარა/რუუსუვუორი 4:6, 0:6, 3:6
2:2 ნიკოლოზ ბასილაშვილი-ემილ რუუსუვუორი 6:2, 6:4, 6:4
3:2 გიორგი ცივაძე-პატრიკ ნიკლას-სალმინენი 6:4, 7:5, 5:7, 0:6, 7:6(5).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული