დოჰა კაროლინასია, პლიშკოვამ სტიქია მოიგერია და სეზონში მეორე ტიტული მოიგო

AutoSharing Option
არავის ეგონა, თუ ყატარში მიმდინარე ტურნირის მიმდინარეობას წვიმა შეუშლიდა ხელს. ტურნირის დირექტორმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დარწმუნებული არ იყო - საერთოდ გამოვლინდებოდა თუ არა გამარჯვებული.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ორგანიზატორებმა კი გადაწყვიტეს, რომ 2021 წლისთვის, დოჰაში აშენდება ახალი 12-ათასიანი არენა, რომელსაც მოძრავი სახურავი ექნება.

უამინდობის გამო, დასკვნით სტადიებზე პრაქტიკულად ყველა ჩოგბურთელს უწევდა დღეში ორი თამაშის ჩატარება. ზოგიერთმა ვერ გაუძლო ასეთ დაძაბულ გრაფიკს, ზოგიერთმა კი კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გამოავლინა. ამას ვერ ვიტყვით მსოფლიოს მეორე ჩოგანზე ანჟელიკ კერბერზე, რომელმაც ძალიან ცუდად
დაიწყო 2017 წლის სეზონი. ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, გერმანელმა დოჰას ტურნირიც ჩააგდო, როცა მეორე წრეში დამარცხდა რუს დარია კასატკინასთან.

საბოლოოდ, ფინალამდე კაროლინ ვოზნიაცკიმ და კაროლინა პლიშკოვამ მიაღწიეს. ძალიან რთული წინა დღეების შემდეგ, ჩეხი ჩოგბურთელი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. პლიშკოვას შემთხვევით არ მისცეს მეტსახელი - "რობოტი". ის მინიმუმ ემოციებს ამჟღავნებს და თან, საჭირო მომენტებში სათამაშო ასპექტებშიც შეუძლია მომატება.

ფინალში ჩეხმა არანაირი შანსი არ მისცა დანიელს. პირველ სეტში უპირატესობა უდიდესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პლიშკოვას პატარა ჩავარდნა ჰქონდა პარტიის შუაში. მეორე სეტში ვოზნიაცკიმ მოწოდება გამოასწორა. ის იოლად იღებდა თავის გეიმებს და ორჯერ ჰქონდა ბრეიკის შესრულების შანსი. მაგრამ, მნიშვნელოვან მომენტებში ჩეხი უკეთ მოქმედებდა. პარტიის ბოლოს, პლიშკოვა სრულად დამშვიდებული იყო და მისმა ზეწოლამ მეორე ტიტული მოუტანა სეზონში.

2017 წელს, კაროლინ პლიშკოვას 15 მოგება და მხოლოდ ერთი წაგება აქვს - ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში მირიანა ლუჩიჩის წინააღმდეგ. WTA-ის რეიტინგში ის მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ გაიმყარა პოზიციები. ასეთი თამაშით, სწორედ კაროლინა არის ყველაზე დამაჯერებელი პრეტენდენტი იმისა, რომ გახდეს ახალი პირველი ჩოგანი, თუმცა, ამისთვის, გარკვეული დრო დასჭირდება.

უკვე დღეს, დაიწყება ტურნირი დუბაიში, რომელსაც უფრო მაღალი სტატუსი აქვს - "პრემიერ-5".

1/4 ფინალი
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 3)-სამანტა სტოსური (ავსტრა) 7:5, 6:4; მონიკა პუიგი (პ-რიკ)-დარია კასატკინა (რუს) 4:6, 7:5, 6:4; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 2)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:2, 6:0; კაროლინ ვოზნიაცკი (დან)-ლორენ დევისი (აშშ) 7:5, 6:1.

1/2 ფინალი
კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 2)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 3) 6:4, 4:6, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:1, 6:2.

ფინალი
კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 2)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული