ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იანი საერთაშორისო ტურნირის რეიტინგფავორიტია საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა, რომელიც ტრავმების გამო კარგა ხანია, კორტებზე არ გამოჩენილა.

ასპარეზობის სტარტზე მან სერბ ბოიანა მარკოვიჩს იოლად სძლია - 6:2, 6:3 და მერვედფინალში კიდევ ერთ სერბს - მარინა კაჩარს შეხვდება. ამ უკანასკნელმა გზიდან ეკინ ერსეტინი (თურქეთი) ჩამოიშორა - 6:0, 6:0.

წყვილებში შაფათავა ყირგიზ ქსენია პალკინასთან არის შეამხანაგებული. ისინი პირველ წრეში სერბებს - მილიცა კურბანოვიჩსა და ბოიანა მარკოვიჩს დაუპირისპირდნენ და 7:5, 6:2 აჯობეს. ქართულ-ყირგიზული დუეტი მეოთხედფინალში მარინა ჩერნიაშოვასა (უკრაინა) და
ინბარ კოენთან (ისრაელი) გაარკვევს ურთიერთობას. ჩერნიაშოვამ და კოენმა იანა ლაზარევიჩი (სერბეთი) და ზიიუ ვანი (ჩინეთი) დაჯაბნეს - 6:0, 6:2.

ლანა კენჭიაშვილმა ერთეულებში ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ერთი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ მეორეში დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. წყვილებში ინდოელ ლუიხმანთან ერთად პირველ ნომრად განთესილ დია ევტიმოვას (ბულგარეთი) და იასმინა ტინჯიჩის (ბოსნია) ტანდემთან ვერაფერს გახდა - 1:6, 1:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული