ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრმა გიორგი ცივაძემ გუშინ მინსკში 15 000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობაში ბულგარელ ვასკო მლადენოვთან ერთად წარმატებით ითამაშა. მესამე ნომრად განთესილმა ქართულ-ბულგარულმა ტანდემმა 44 წუთში დაამარცხა შალვა ჯანაშიასა და მატვეი ხომენტოვსკის (ორივე - რუსეთი) დუეტი - 6:0, 6:3.

მეტოქეებმა თითო ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ცივაძემ და მლადენოვმა 10-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს, ჩრდილოელმა მეზობლებმა - მხოლოდ ერთი.

გიორგი და ვასკო ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ვლადიმერ მანაფოვსა (უკრაინა) და იაროსლავ შილასთან (ბელორუსი) გაარკვევენ ურთიერთობას. უკრაინულ-ბელორუსულმა დუეტმა გუშინ ასევე 44
წუთში იმავე ანგარიშით (6:3, 6:0) დაჯაბნა მიხაილ ხალდეევი (რუსეთი) და გრიგორი ლომაკინი (ყაზახეთი).

ცივაძემ წარუმატებლად ითამაშა ერთეულებში - მერვედფინალში მან მეორე ნომრად განთესილ დმიტრი ჟირმონტთან (ბელორუსი) 2 საათსა და 46 წუთში წააგო - 6:7, 6:4, 4:6. ქართველმა 6 ეისი მიითვალა, ბელორუსმა - ხუთი, ჩვენებურმა 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა თამაშის ბედი, თორემ ჟირმონტმა 21-დან მხოლოდ 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ცივაძემ კი 10-დან ოთხი.

* * *
გუშინდელი დღე ასევე წარუმატებელი გამოდგა თურქულ ართვინში ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილე სოფიო შაფათავასთვის, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი - იგი რუს ვალერია სავინიხთან საათსა და 42 წუთში დამარცხდა - 6:7, 3:6.

შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა დღეს წყვილთა მეოთხედფინალში ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული