ალექსანდრე მეტრეველი: ლიტვა განსაკუთრებით წყვილებშია ძლიერი

AutoSharing Option
7-9 აპრილს თბილისში, "მზიურის" კორტებზე დევისის თასის გათამაშების მეორე ევროაფრიკულ ზონაში საქართველოს და ლიტვის ჩოგბურთელ ვაჟთა გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს.

ჩვენმა ნაკრებმა (ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგით ერთეულებში 59-ე, წყვილებში ურეიტინგო, გიორგი ცივაძე, 846-ე და 574-ე, ზურა ტყემალაძე, ურეიტინგო, ვაჟა შუბლაძე, ურეიტინგო, კაპიტანი დავით კვერნაძე, გუნდის უფროსი ირაკლი ლაბაძე) წლეულს, თებერვალში დევისის თასზე, ევროაფრიკული მეორე ჯგუფის პირველ წრეში ფინეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ზონაში ადგილი დაიბევა. მსგავს წარმატებას მიაღწიეს ლიტველებმაც - მადაგასკარს აჯობეს 3:2.

ბალტიისპირელებს არ ახლავთ თავიანთი საუკეთესო ჩოგბურთელი რიკარდას ბერანკისი
(138-ე), რომელიც კარგა ხანია, ტრავმებს იშუშებს. ლიტველები საქართველოს დედაქალაქში ასეთი შემადგენლობით ჩამოვიდნენ: ლაურინას გრიგელისი, 251-ე და 405-ე, ლუკას მუგევიჩიუსი, მე-400 და 355-ე, ტადას ბაბელისი, 1330-ე და 1326-ე, ტომას ვაისე, ურეიტინგო, კაპიტანი რიმვიდას მუგევიჩიუსი.

"დაძაბული პაექრობები გველის, - გვითხრა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა. - ლიტვის ნაკრებს ლიდერი არ ახლავს, მაგრამ გუნდი საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.

ორი დღეა, მათ ვარჯიშებს ვესწრები და ვხედავ, რომ პირველსა და მეორე ნომრებს შორის ოსტატობაში სხვაობა ძალიან უმნიშვნელოა. განსაკუთრებით, წყვილებში არიან ძლიერები. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დევისის თასზე ყველა ჩოგბურთელი კარგად თამაშობს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი ბიჭები კვირაზე მეტია, "მზიურის" კორტებზე ემზადებიან. დღეში ორჯერადი ვარჯიშები აქვთ დავით კვერნაძის ხელმძღვანელობით. გუშინ მათ ირაკლი ლაბაძეც შეუერთდა.

გუნდში ფსიქოლოგიური განწყობა შესანიშნავია. ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინებულ ფორმაშია. მან ეს უცხოურ ტურნირებშიც დაადასტურა. გიორგი ცივაძემაც საკმაოდ მოუმატა.

შინ ვთამაშობთ და, ვფიქრობ, გულშემატკივართა აქტიური ქომაგობა და მხარდაჭერა არ მოგვაკლდება, რაც საერთო განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ წრეში ფინეთის ნაკრებთან ორთაბრძოლისას ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

7 აპრილს შეხვედრები 12 საათზე, 8 აპრილს 14-სა და 9 აპრილს 12 საათზე დაიწყება. წარმატების იმედი გვაქვს და, იმედია, ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ".

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული პირველ ზონაში გადასასვლელ პლეი ოფში თურქეთ-შვედეთს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული