"მზიურის" კორტები ჩოგბურთის ფედერაციას 10 წლით, უსასყიდლოდ გადაეცა

AutoSharing Option
"მზიურში" 9 ღია და 2 დახურული კორტით საჩოგბურთო კომპლექსი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ჩადგა მწყობრში. მას 12 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "მზიურის" კორტები 10 წლით, უსასყიდლოდ, გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას იმ პირობით, რომ ტერიტორიას არ შეეცვლება სპორტული პროფილი და განკუთვნილი იქნება მხოლოდ ჩოგბურთისთვის.

ეს არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული მორიგი პროექტი. ეს მეთოდი წარმატებული გამოდგა წინა შემთხვევებში. მაგალითად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია, წარმატებები აქვს ძიუდოს აკადემიასაც.

-
ხელშეკრულების თანახმად, ფედერაცია ვალდებულია, ბაზას პროფილი არ შეუცვალოს და 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს, - გვითხრა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა. - უკვე გვაქვს მოლაპარაკება კერძო კომპანიებთან, თუმცა ჯერჯერობით მათს ვინაობას ვერ გაგიმხელთ.

აქვე მოეწყობა ჩვენი საოფისე ფართობი, გაიხსნება სავარჯიშო დარბაზი, კვების ობიექტი, საჩოგბურთო ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზია, 2 საჩოგბურთო კორტს გადავხურავთ, შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი.

ეს ბაზა გახდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ობიექტი, სადაც მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ასაკის ნაკრების წევრები უფასოდ ივარჯიშებენ. კორტებით სარგებლობა მსურველებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. აქ ყოველწლიურად ჩატარდება საქართველოს პირველობები ოთხ ასაკობრივ ჯგუფში, შეგვეძლება "დევისისა" და "ფედერაციის" თასების გათამაშების მატჩების ჩატარება.

ბაზა საშუალებას მოგვცემს, კონკურენტუნარიანი ჩოგბურთელები გავზარდოთ.

- უახლოეს შეჯიბრებას როდის გეგმავთ?
- 22 მაისიდან "მზიურში" 18 წლამდე გოგონათა და ვაჟთა საკმაოდ მასშტაბური სამი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. შეჯიბრების მონაწილეებს ასპარეზობისა და აქტიური დასვენების ყველა პირობა ექნებათ.

მიზნების ბოლომდე განხორციელებას თუ შევძლებთ, "მზიურის" კორტებზე უფროსი ასაკის ჩოგბურთელებისთვისაც საინტერესო ტურნირებს გავმართავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული